ინიციატივა მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვის შესახებ

ელენა მახარობლიშვილი

18 წლის მიხეილ ალექსიძე ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, ვინც სკოლიდან გაურიცხავთ. ერთი წლის წინ #53 საჯარო სკოლის ახალმა დირექტორმა, ტარას შავშიშვილმა მოულოდნელად ალექსიძის დედას განუცხადა,

რომ მისი შვილი სკოლიდან გაირიცხა იმ პირობით, რომ არცერთი სკოლა მას არ მიიღებდა. მიზეზი კი, ალექსიძეს მხრიდან დირექტორის გადაწყვეტილების გაპროტესტება გახდა. მიხეილი, სხვადასხვა სკოლიდან უკვე ხუთჯერ გარიცხული კლასელის კვლავ გარიცხვას ეწინააღმდეგებოდა. სკოლიდან გარიცხვის გამო ალექსიძეს მთელი სასწავლო წლის გაცდენა მოუწია. ახლა ის ერთ-ერთი კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ალექსიძის დედის, ლალი ლეკიშვილის თქმით, სკოლიდან გარიცხვის შემდეგ, მიხეილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა და არავისთან არ უნდოდა ურთიერთობა. მან ფსიქოლოგთან სპეციალური მკურნალობის კურსიც გაიარა, თუმცა ამ შემთხვევის გამო დღემდე სცხვენია და ერთი წლის შემდეგაც კი, ამ თემაზე არავისთან ლაპარაკი არ სურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, ახალი სტრატეგიის შემუშავების თაობაზე, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული სკოლებიდან 10-12 კლასელთა გარიცხვა. განათლების მინისტრის მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის თქმით, ამჟამად საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ,,სკოლიდან მოსწავლის გარიცხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ე.წ გარდატეხის პერიოდში მყოფ, 10-12 კლასელ მოზარდებზე, რომლებით ასეთ რთულ ასაკში არიან. სამწუხაროდ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მათი ქცევა ბოლო კლასებში უფრო ნეგატიურისკენ არის მიმართული. ეს ხშირად, სწორედ, ასაკის ბრალია. ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ეს მოსწავლეები სკოლიდან კი არ უნდა გაირიცხონ, არამედ პირიქით, მასწავლებლები და მშობლები ისე უნდა მოექცნენ მოზარდებს, რომ მათ ადვილად მოახერხონ ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემების დაძლევა ამ ასაკში. ჩვენ სწორედ ახლა ვმუშაობთ იმ სტრატეგიის შემუშავებაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ ეს პრობლემა და თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვა“. ფსიქოლოგ, ქეთი ფილაურის თქმით, 10-12 კლასელთა ქცევა განსხვავდება, ზრდასრულთა ქცევისგან. მისი თქმით, ამ დროს ე.წ თინეიჯერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მათთვის მისაბაძები არიან არა მათი მშობლები ან გარშემო მყოფი ზრდასრულები, არამედ საკუთარი თანატოლები. მშობლები და მასწავლებლები ფრთხილად უნდა იყვნენ მათთან ურთიერთობისას. მათმა სკოლიდან გარიცხვამ შესაძლოა ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა: ჩაკეტილობა, დეპრესია, და რაც ყველაზე მთავარია, ისინი საშუალო განათლების გარეშე დარჩებიან. ,,დღესდღეობით, სკოლებში არ არის სისტემა, რომელიც იზრუნებს მოსწავლეებზე იმ მნიშვნელოვან ასაკში, როგორიაა -14-16 წელი. უმთავრესი, რაც მშობელს და მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ მიხვდეს ამ ასაკის სირთულეს. კარგი იქნება, თუკი სკოლები ამაზე მუშაობას დაიწყებენ. მიდგომა ამ მხრივ ინდივიდუალურია. თითოეულ მოსწავლეს შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული პრობლემა ჰქონდეს და მასწავლებელმა, მშობელმა და ფსიქოლოგმა ამაზე უნდა იმუშაონ“-განაცხადა ფილაურმა. დღესდღეობით, სკოლებში მოქმედებს მოსწავლის ქცევის კოდექში, რომლის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე ჯერ 5 დღით მიდის სკოლიდან, მეორე ჯერზე იგივე საქციელისთვის 10 დღით, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა საერთოდ გაირიცხოს სკოლიდან. #49-ე საკარო სკოლის დირექტორის მოადგილემ-ლელა ცაგურიშვილმა newscafe-სთან საუბარში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოსწავლეს ქცევის პრობლემები აქვს, მათი სკოლა ცდილობს ეს პრობლემა მოსწავლესთან და მის მშობელთან დალაპარაკებით გადაჭრას. მისი თქმით, რამდენიმე გაფრთხილებას იძლევა სკოლა იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს მოსწავლის გარიცხვა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლის მხრიდან სკოლის წესების დარღვევა რამდენჯერმე მეორდება სკოლა იძულებულია იგი გარიცხოს. ,,ცუდი ქცევის მქონე მოსწავლის სკოლაში გაჩერება სკოლის რეპუტაციას ლახავს. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ ხანდახან ამის გაკეთება გვიწევს. ხანდახან, მოსწავლეებს ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ან შესაძლოა გარემო პირობების გამო და ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მშობლებს და მასწავლებლებს არ შეუძლიათ ამ მოზარდების დახმარება და ფსიქოლოგის ჩარევაა საჭირო. ყველა სკოლას სჭირდება ფსიქოლოგი“- განაცხადა ცაგურიშვილმა. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მასწავლებლები და სკოლის წესები ისე უნდა იყოს მოსწავლეებისკენ მიმართული,რომ მათ თავიდან აირიდონ მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვა. განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას მეტნაკლებად დადებითად აფასებს #35-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ხატია ქურხული. ,, ერთის მხრივ, როდესაც მოსწავლეს სწავლა არ უნდა, რატომ უნდა გაჩერდეს სკოლაში, მაგრამ მეორეს მხრივ, მასწავლებლებმა ისე უნდა წაახალისონ მოსწავლეები, რომ მათ უხაროდეთ სკოლაში ყოფნა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია მოსწავლე არ გაირიცხოს სკოლიდან. ჯობია იარონ სკოლაში და რაღაც ახალი მაინც მოისმინონ, ვიდრე მთელი დღეები ქუჩაში გაატარონ. მიხეილ ჩხატარაშვილი, ასევე #35- ე საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ფიქრობს, რომ ახლი ინიციატივა მოსწავლეთა გარიცხვის შესახებ კარგია და რომ მოსწავლეებმა არ უნდა დატოვონ სკოლა. მისი აზრით, ამ ასაკში სკოლიდან გარიცხვა, პირდაპირ მის ქუჩაში წასვლას ნიშნავს. ,,გარიცხვის ნაცვლად მასწავლეები მოსწავლეებს ზრდილობიანად უნდა მოექცნენ, მითუმეტეს, თინეიჯერობის წლებში. მკაცრი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში დადებითად არ მოქმედებს. უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები უფროსი ასაკის ადამიანების მხრიდამ უხეშ ქცევაზე ნეგატიურად რეაგირებენ“. სკოლიდან მოსწავლეთა გარიცხვის გაუქმების საკითხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროში მუშაობა მიმდინარეობს. ზუსტი თარიღი კანონმდებლობის ძალაში შევლის შესახებ ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ განმარტა, სამინისტრო სულ მალე სკოლების, დირექტორებს მასწავლეებს, ფსიქოლოგებს და 10-12 კლასის მოსწავლეთა მშობლებს მოიწვევს, რათა ერთად შეიმუშაონ რეფორმის შესახებ ახალი სტრატეგია.