Smaller Default Larger

ბოტანიკური ბაღის ჩაკეტილი ზონა

ლევან ასაბაშვილი სოლოლაკში ცხოვრობდა. ის არქიტექტორია და ქალაქი, როგორც სოციალური სივრცე მისი უშუალო ინტერესის სფეროცაა. ის ფიქრობს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ბიზნეს ცენტრის მშენებლობამ უბანში ბევრი რამ შეცვალა. 

 

Newscafe-ს ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ვიდეოში ლევანი სოლოლაკის მთის სამხრეთ ქედზე მეგზურობას გვიწევს, რათა ეს ცვლილებები ჩვენც დაგვანახოს.

 

 

19 თებერვალს newscafe.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია “ბოტანიკური ბაღის ჩაკეტილი ზონა.” მაშინ, ახალი მშენებლობის შესახებ “ქართუ ჯგუფისა” და მერიისგან ჯერ კიდევ ველოდით პასუხს. მოგვიანებით, “ქართუ ჯგუფის” იურისტმა, ია გამცემლიძემ გვითხრა, რომ მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის (ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის, ამჟამად GDS-ის გვერდით აღმართული მინის კონსტრუქცია)  დამხმარე ნაგებობის მშენებლობის საკითხი მერიასთან უკვე  შეთანხმებული იყო და დამატებითი კითხვებით გვირჩია მერიისთვის მიგვემართა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, თეა შათირიშვილს კითხვით მანამდე, 13 თებერვალს მივმართეთ. გვაინტერესებდა რა არგუმენტების საფუძველზე შეეცვალა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ად იქცა. 

სწორედ ამ ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი კოჯრის გზატკეცილის N13-ის მისამართზე ახალი ნაგებობის აშენება. როგორც აღმოჩნდა, ზონის სტატუსის შეცვლის მიზეზის განმარტება მხოლოდ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნინიძეს შეუძლია. ეს უკანასკნელი კი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ჯერ ქალაქში არ იმყოფებოდა, ახლა კი თბილისის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის გამო უდროობას უჩივის.

სანაცვლოდ, თბილისის მერიისგან მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის ექსპლუატაციის ნებართვასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი მივიღეთ. როგორც გითხარით, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტექნიკური ხარვეზების გამოვლენის გამო ექსპლუატაციის ნებართვა არ მისცა. შესაბამისი ბრძანება თარიღდება  2012 წლის 17 დეკემბერით. აღმოჩნდა, რომ გასართობ ცენტრს ექსპლუატაციის უფლება დღემდე არ აქვს. 

ამიტომ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება მესაკუთრეს დამხმარე შენობა ნაგებობისთვის, რომელსაც ვერ იყენებს. 

დაელოდეთ ამ კითხვის პასუხსა და სხვა სიახლეებს თემის შესახებ newscafe.ge-ზე.

Loading radio ...