Smaller Default Larger

განრიდებულის პირადი საქმე

 

თბილისის ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვის დროს გოგონამ ჩანთა დაკარგა. „ძალიან ვინერვიულე, ჩანთაში ფოტო კამერა და ახალი ტელეფონი მქონდა, რომელიც ორი დღის წინ გამომიგზავნეს.” ეკლესიიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა და შემთხვევის შესახებ განაცხადა. პოლიციამ ჩანთა სამ დღეში იპოვნა და გოგონას დაკარგული ნივთები დაუბრუნა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაული არასრულწლოვანმა სტიქაროსანმა, ანდრომ (სახელი გამოგონილია) ჩაიდინა. 

 

ქურდობის ჩამდენს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებს სასჯელი ერთი მესამედით უმცირდებათ. სტიქაროსანს კანონის თანახმად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა. 

ძველი თბილისის რაიონის პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა არასრულწლოვანის განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განარიდა.

არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. თავიდან ის საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. 2013 წლის აგვისტოდან კი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. არასრულწლოვანის განრიდების გადაწყვეტილებას მხოლოდ პროკურორი იღებს და ის კანონით არ არის ვალდებული ამ გზას მიმართოს. განარიდებს თუ არა არასრულწლოვანს მხოლოდ მის პიროვნებაზეა დამოკიდებული და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება რთულია. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განრიდებული არასრულწლოვანი, რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: პირველად ჩადიოდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, პირველად იღებდეს მონაწილეობას განრიდების პროგრამაში, აღიარებდეს დანაშაულს, მზად იყოს დაზარალებულს მოუხადოს ბოდიში და მისმა ოჯახმა მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს. 

პროკურორი, ნინო ცაციაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა და დაზარალებული მხარეც აქტიურად ჩაერთო პროგრამაში. გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ესაუბრა. ასევე შეხვდა დაზარალებულსა და მის მშობელს. ნინო ამბობს, რომ დაზარალებულიც და არასრულწლოვანიც ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს და გოგონა მისი თანატოლის დაპატიმრების წინააღმდეგიც კი იყო.

პროკურორმა განრიდების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმე სოციალურ მუშაკს გადააბარა. სოციალურმა მუშაკმა სპეციალური სამოქმედო გეგმა შეადგინა, განსაზღვრა რა პირობების შესრულება მოუწევდა განრიდებულს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა კონფერენციაა, პროცესი, როცა განრიდებული და დაზარალებული ერთმანეთს ხვდებიან და ესაუბრებიან. მხარეების კონფერენციისთვის, ე.წ. „შერიგებისთვის“ მომზადება მედიატორის მოვალეობაში შედის. მედიატორი თინათინ ჯავახიშვილი გვიხსნის, რომ კონფერენციისთვის ორივე მხარეს დამოუკიდებლად ამზადებს. თავდაპირველად მათ ერთმანეთთან შეხვედრის ფორმატს უხსნის. შეხვედრისას დაზარალებულიცა და განრიდებულიც თავის ამბავს ჰყვება, ერთმანეთს კითხვებს უსვამენ  და გაურკვევლობა ქრება. „ამ დროს ორივე მხარე ძალიან ნერვიულობს. ეკლესიაში ქურდობის შემთხვევაში დაზარალებულს პრეტენზია არ ჰქონდა. ზოგადად, დაზარალებულებს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვთ ხოლმე, თუკი ზარალი უნაზღაურდებათ. გააზრებული აქვთ ის, რომ არასრულწლოვნებისთვის სასარგებლო საქმე კეთდება. ეს კონფერენციაც  დადებითი ემოციებით იყო დამუხტული. დაზარალებული განრიდებულის მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი იყო. ბიჭი ნერვიულობდა. თუმცა კონფერენციაზე ისე ისაუბრა, განცვიფრებულები დავრჩით. ჩანდა, რომ ძალიან წუხდა, გულწრფელად ინანიებდა. პროცესი  40 წუთი  გაგრძელდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოიური, ემპათიით სავსე კონფერენცია იყო- გვიამბობს თინათინ ჯავახიშვილი. 

მედიატორს დაზარალებულთან მეტი სამუშაო აქვს, ვინაიდან ხშირად მათ გაცნობიერებული არ აქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მნიშვნელობა. „ყოფილა შემთხვევები, როცა დაზარალებული ამაყობდა ჩვენთან თანამშრომლობის გამო, თავი გმირად წარმოედგინა. მაგრამ უმეტესად დაზარალებულები ორჭოფობენ. არ უნდათ დროის დაკარგვა. ბოლომდე ვერ აცნობიერებენ  საკუთარი როლის მნიშვნელობას. თუმცა, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ ხშირად ხვდებიან, რომ მედიაციის პროცესში მას არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური ზიანიც უნაზღაურდება,” ამბობს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის პროექტების მენეჯერი ანა სუბელიანი. 

განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მედიატორის ფუნქცია სრულდება.  განრიდებულთან მუშაობას კი სოციალური მუშაკი აგრძელებს. სოფო სანიკიძე გვიამბობს, რომ არასრულწლოვნები თავად ირჩევენ სფეროს, საქმიანობას და პროგრამაც მათი ინტერესების მიხედვით იქმნება. ანდრო რამდენჯერმე იყო მოხუცთა თავშესაფარში პროგრამაში მონაწილე სხვა არასრულწლოვნებთან ერთად. ხანდაზმულებს მათ საკვები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს. განრიდებულმა თავად შეარჩია  ტრენინგები რამდენიმე ორგანიზაციაში. მონაწილეობა მიიღო სემინარში  შიდსისა და აივ-ინფექციების შესახებ. სავალდებულო საკითხავი ერთი წიგნიც თვითონ აირჩია.

“ყოველთვის ვეკითხებით განრიდებულებს რა თემები აინტერესებთ, რისი კეთება მოსწონთ. არ გვინდა  დავალებული საქმე იძულებით შეასრულონ. თუკი საჭიროა, განრიდებული კონსულტაციაზე ფსიქოლოგთანაც დაგვყავს,“ ამბობს სოფო სანიკიძე.

თუმცა, ხანდახან ხდება ისეც რომ არასრულწლოვანი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ ან ვერ ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ცვლის სამუშაოს შესრულების ვადას, თუ განრიდებულს მისი დროულად დასრულება ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია. ხოლო თუ განრიდებული უარს  აცხადებს მოვალეობის სამუშაოს შესრულებაზე, სოციალური მუშაკი  პროკურორს მიმართავს ზომების მისაღებად.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინატორი თამაზ ახობაძე განრიდებულთა სტატისტიკას გვაწვდის. (სურ.#1)

 

სურ. #1 

2013 წლისთვის განრიდებულია 440 არასრულწლოვანი, განმეორებითი დანაშაული კი 21 არასრულწლოვანს აქვს ჩადენილი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინატორი თამაზ ახობაძე ამბობს, რომ განმეორებით დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა ძალიან მცირეა,  დაახლოებით 5%. 

“განრიდებული არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს. პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე თვითონ იღებს და ცდილობს, საკუთარი საქციელით გამოასწოროს შეცდომა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის პროგრამაში დაზარალებულის როლიც. მასთან საუბრის მომენტში  არასრუწლოვანი იაზრებს ჩადენილი ქმედების უარყოფით შედეგებს. დაზარალებული მიუტევებს არასრუწლოვანს. შედეგად მცირდება რეციდივის რისკი,” საკუთარ აზრს გვიზიარებს ახობაძე.

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ეფექტიანია. “ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ განრიდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს ნასამართლეობის სტატუსი არ მიეწერება და შესაბამისად, დამნაშავის იარლიყი არ დაამძიმებს. არასრულწლოვანს საშუალება აქვს დაზარალებულს შეხვდეს და თავის დანაშაული გააცნობიეროს. სამომავლოდ დანაშაულის შემთხვევების შემცირების ერთ–ერთი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ადამიანმა გააცნობიეროს  ჩადენილი არაკანონიერი ქცევა და ზიანი, რომელიც მან საკუთარი ქმედებით დაზარალებულს მიაყენა.”

საშუალო სიმაღლის, გამხდარი ბიჭი, მეტყველი თვალებით სადარბაზოს კიბეებზე წინ მიგვიძღოდა და საკუთარი ინტერესების შესახებ მშვიდად გვიამბობდა. აღმოჩნდა, რომ ანდროს მათემატიკაც აინტერესებს და ხელოვნებაც, მათ შორის ხატვა. მხატვრული ლიტერატურა რომ მოსწონს მის გამართულ მეტყველებასაც ეტყობა და ნააზრევსაც.  უკან რომ ვბრუნდებოდით, სოციალურმა მუშაკმა ბიჭის საქციელი ახალი და მძაფრი შეგრძნებების მიღების მოტივით ახსნა. მოწესრიგებულ, მკაცრად სტრუქტურირებულ გარემოში არასრულწლოვნებში არაორდინალური ქცევის სურვილი ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს. „ეს ჩემი ცხოვრების წესი არ ყოფილა. პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, რომელიც აღარასოდეს განმეორდება,“ ამბობს ბიჭი ჩვენთან საუბრისას და ხელებს გამალებით ისრესს.  „როცა მე და მამას პროკურატურაში ამ პროგრამის შესახებ გვიამბეს, ძალიან გამიხარდა. დაზარალებულს რომ ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. არ ვიცოდი როგორ უნდა შემეხედა იმ ადამიანისთვის თვალებში. კონფერენციის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა.  დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქს.  ახლა თავისუფალი დრო საკმარისად მაქვს და განსაკუთრებულად დატვირთული ამ პროგრამის გამო არ ვარ. სამომავლოდ, მინდა მათემატიკა მეცნიერულ დონეზე შევისწავლო და ფსიქოლოგიაც მაინტერესებს. ცხოვრებაში გამომადგება.“

 

 

Loading radio ...