Smaller Default Larger

Pause / Play: ისევ თბილისი

 

 

 

 

“გრძელი ნათელი დღეები” სიმონ გროსის და ნანა ექვთიმიშვილის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა 2013 წელს ბერლინის 63-ე კინოფესტივალზე შედგა და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა. გაიმარჯვა და პრიზები აიღო ჰონგ კონგში, პარიზში, ოდესასა და "ვოისის" ევროპულ ფესტივალებში. კარგად ნაცნობი შპალერის დანახვამ თუ პიანინოზე ნამღერი მელოდიის მოსმენამ, ქართველ მაყურებელსაც იმ დროს განცდილი სიცარიელის შეგრძნებები გაუღვიძა და 90-იანების თბილისში დააბრუნა.


ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან.

 

თბილისის მე-15 საერთაშორისო ფესტივალზე წელს ჟიურის წევრი იყავი. რომელი ფილმები მოგეწონა და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ გამარჯვებულები?

 

საერთაშორისო კონკურსში ათი ფილმი მონაწილეობდა. მიუხედავად განსხვავებული ესთეტიკისა, ყველა საინტერესო იყო. საინტერესო იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპის ფილმების სიუჟეტებს მამის დეფიციტი აერთიანებდათ და ეს ტენდენცია ჟიურის წევრებმაც აღნიშნეს. კონკურსის გამარჯვებული უკრაინული “ტომი” გახდა. ფრაჯანოვის პრიზი უდავოდ შეესაბამებოდა ამ ფილმის ესთეტიკასა და თხრობის მანერას. სასიამოვნო და მოულოდნელი აღმოჩენა იყო ჩემთვის ლაშა ცქვიტინიძის “მე ვარ ბესო”. მართალია საერთაშორისო კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ეროვნული კონკურსის მთავარი პრიზი სწორედ მას ერგო წილად. ამბოხი, ახალგაზრდული სულისკვეთება და გულახდილობა იგრძნობოდა. ასევე საინტერესო იყო ნუცა ალექსი მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი”. ფილმი უდავოდ აქტუალურ თემას შეეხო. სასიხარულოა რომ ამ ბოლო დროს კინოში ჩვენი ქვეყნის კონკრეტული გამოცდილების შესახებ თხრობა დავიწყეთ. განყენებულ თემებზე საუბარი ქართულ კინოს უფრო გარდამავალ, პოსტკომუნისტურ პერიოდში ახასიათებდა. ახლა ქართული კინო უფრო მეტად დაუახლოვდა რეალიზმს.

 

ნანა, საქართველო 90-იანი წლების ბოლოს დატოვე და 15 წელი გერმანიაში გაატარე. რისგან მიიღე კულტურული შოკი როდესაც პირველად აღმოჩნდი უცხო ქალაქში?

 

მედიკო ბაქრაძე (ჩვენი ფილმის კოსტიუმების მხატვარი) მეუბნება ხოლმე, ქართველი კი არა, ძალიან ქართველი ხარო. ალბათ რამდენი ხანიც არ უნდა გაატარო სხვა ქვეყანაში, არის რაღაცეები, რაც შენი ნაწილია, იმ კულტურის ნაწილია, საიდანაც ხარ და არ იცვლება... სახლში მოსულ სტუმარს რომ ჭამას აძალებენ ხოლმე ქართველები, ასეთი ჩვევები მეც მახასიათებს. პირველი კულტურული შოკი გერმანიაში ალბათ მაშინ მივიღე, კარებში მდგომი კაცის შინ არ შემოპატიჟებას რომ შევესწარი. მახსოვს ფოსტალიანი გარეთ იდგა და სანამ სახლის პატრონი მის მოტანილ დოკუმენტებს ავსებდა, ეს კაცი კარში ელოდებოდა. კინაღამ მოვკვდი უხერხულობისგან. მას მერე საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვალა და ახლა არ ვიცი, შეიძლება გაზიდან მოსული თანამშრომელი მეც არ შემოვიპატიჟო შინ, მაგრამ ქართული და გერმანული კულტურა რომ სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ეს ფაქტია.

 

1996-1998 წლებში სტუდენტი იყავი. ჩემს ასაკში მაშინ ყველაზე დიდი “ტრაგედია”, “ფიფიქია და შვიდი ჯუჯა”-ს სერიების გამტოვება იყო შუქის არ ქონის გამო. გული მწყდებოდა... მაგრამ შუქი რომ იყო, ის უფრო მიკვირდა ხოლმე ვიდრე უშუქობა. შენ ამ პერიოდში სტუდენტი იყავი. რა გავლენა მოახდინა და რა კვალი დატოვა ნანაზე უშუქო და უპერსპექტივო 90-იანებმა. რაში გამოიხატა ეს გავლენა მომავალში?

 

ამ წლებმა ალბათ უფრო ამტანი გამხადა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა, ვცდილობდით ამაზე არ გვეფიქრა. გამოვიარეთ სიცივე, შიმშილი, არ ვიცოდით მეორე დღეს რა გველოდა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გულის დაწყვეტის მომენტი არ მქონია. ალბათ როდესაც არაფერი გაქვს დასაკარგი, უფრო რეალურ რაღაცეებს ხედავ. არაფერი გაგვაჩნდა, მაგრამ ერთმანეთით ვცხოვრობდით. გარშემო იმდენი უბედურება ხდებოდა, იმდენი ადამიანი იღუპებოდა, მათზე უფრო ვწუხდი ვიდრე საკუთარ ბედზე, რადგან იმათი ხვედრი ჩემსას არც შეედრებოდა. ჩვენ რეალურად ვიდექით ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე, მაგალითად ის, რომ საჭმელი უბრალოდ ფიზიკურად არ იყო... მახოვს სკოლაში თუ ხაჭაპურს იყიდდა ვინმე, მერე იმ ერთ ცალს მთელი სამეგობრო ვიყოფდით.

 

შენს ფილმში “გრძელი ნათელი დღეები” სიუჟეტი 1992 წელს ვითარდება. ეკას და ნათიას პერსონაჟები ნელ ნელა იზრდებიან, პიროვნებებად ყალიბდენიან. გარდამტეხ მომენტში ნათია უარს ამბობს შურისძიებაზე და ეკასთან ერთად იარაღს ტბაში აგდებს, ეკა კი დიდი ხნის შემდეგ მამის სანახავად ციხეში მიდის … გოგონებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, ხვდებიან რომ შურისძიებას აზრი არ აქვს და პირველები დგამენ განსხვავებულ ნაბიჯს. თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 1992 წლის შემდეგ ალბათ მომდევნო საუკუნის დასაწყისამდე ბევრი არაფერი შეცვლილა. როგორ გგონია, როგორ გააგრძელებდნენ ცხოვრებას ეკა და ნათია და ვინ არიან ახლა ისინი?

 

ჩემი მეგობრები, ვინც ეკას და ნათიას პროტოტიპებს წარმოადგენენ, დღეს ძლიერი ქალები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი 14-15 წლის ასაკში მოიტაცეს, ან საკუთარი ნებით გათხოვდნენ და ბევრმა სწავლას თავი დაანება, ან განათლება საზღვარგარეთ ვერ მიიღო, მგონია, რომ თვითრეალიზება მაინც მოახერხეს. ისინი დღეს მუშაობენ და შვილებიც ჰყავთ, თუმცა უმეტესობა ქმარს გაშორდა. მგონია, რომ ბევრ მათგანს ჯანმრთელი ინსტიქტი აღმოაჩნდათ, თვითგადარჩენის, ჰუმანიზმის, ისევე როგორც ფილმში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ეკას და ნათიას. ჩემის აზრით, ეს ქალები სწორედ ამ ინსტიქტმა გადაარჩინა. უცნაურია, მაგრამ ამ ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, უფრო ჯანსაღად განვითარების საფუძველი აღმოაჩნდათ.

 

თუ არ ვცდები, გრძელი ნათელი დღეები არც ერთ ქართულ საიტზე არ დევს.

 

ფილმის ინტერნეტ უფლებას ვიდეო პორტალი myvideo.ge ფლობს და მალე ფილმი ამ გვერდზე განთავსდება. მალე ასევე გამოვა ფილმის DVD და გაყიდვაშიც იქნება.

 

ნანა, 1998 წლამდე ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდი, 1999-ში შენი მოთხრობები ჟურნალ „არილში” დაიბეჭდა, მერე სასწავლებლად ბერლინში წახვედი, გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდი, რომ რეჟისორობა გინდოდა?

 

კინო ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ბავშვობაში უფრო თეატრის რეჟისორობაზე ვოცნებობდი. თუმცა რადგან ვიცოდი, რომ წერა მეხერხებოდა და ამას ბევრი აღნიშნავდა, დრამატურგიულზე ჩავაბარე. სცენარის რაობას რომ გავეცანი, მივხვდი, რომ სცენარი, როგორც ასეთი, ხელოვნების დაუსრულებელი ფორმაა და დასრულებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ წარმოადგენს. მას არავინ კითხულობს ფილმის ჯგუფისა და მსახიობების გარდა, თუ არ ჩავთვლით ფილმის დამფინანსებლებს. სცენარი არის გარკვეული სამუშაო ფურცელი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ხალხის მართვაში გეხმარება. თუმცა რაც არ უნდა კარგად და ზუსტად აღწერო სცენარში პერსონაჟი, შესაძლოა რეჟისორის ხედვა შენსას ბოლომდე მაინც არ დაემთხვას და რეჟისორმა ის მსახიობი არ ათამაშოს, ვინც შენ წარმოგიდგენია, სცენა ისე არ დადგას, როგორც შენ ხედავ. მივხვდი, რომ ჩემი ხედვა მარტო სცენარის წერით არ შემოიფარგლებოდა და იმასაც მივხვდი, რომ ის ფილმი, რასაც ვხედავდი თავად უნდა შემექმნა. ასე მივედი კინოს რეჟისორობამდე.

 

მომვალაში რა გეგმები გაქვს, როდის ველოდოთ ახალ ნამუშევარს, შეგიძლია მასზე მოკლედ გვიამბო?

 

ახალი პროექტი ახლა კინოცენტრის კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამ პროექტით წელს უკვე გავიმარჯვეთ სარაევოს კინოფესტივალის განვითარების პლატფორმაზე, პრიზი ავიღეთ მონპელიეს კინოფესტივალზე და ახლა ბერლინალეს კო-პროდუქციის ბაზრობაზე ვართ მიწვეულები. ფილმის სცენარი მე დავწერე, “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ჰქვია და სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პროტაგონისტი 52 წლის ქალია და ამბავიც თითქმის მთლიანად მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს.

 

როდის, როგორ და რა სიხშირით წერ?

 

შემიძლია ვთქვა რომ სულ ვწერ, როცა არ ვწერ, მუდამ რაღაცეებს ვინიშნავ ან გონებაში ვწერ. ოღონდ როდესაც წერას უკვე ფიზიკურად ვიწყებ, სხვას ყველაფერს ვწყდები და მთლიანად ამ პროცესით ვარ მოცული. ახლა რომანი დავწერე და მის გასწორება-რედაქტირებაზე ვმუშაობ.

 

სცენარის წერა უფრო საინტერესოა თუ რომანის?

 

სანამ სცენარის წერას დავიწყებ, ზუსტად უნდა ვიცოდე ფილმის სიუჟეტის და მოქმედების თითოეული დეტალი და გონებაში უკვე არაერთხელ უნდა მქონდეს ეს ყველაფერი ნანახი და ჩამოყალიბებული. ამის მერე სცენარის წერა, თუ ჩაწერა, უფრო ტექნიკური პროცესია და ისე მივეჩვიე ამ პროცესს, უკვე ძალიან მეადვილება. თუ ყველაფერი კარგად გაქვს გააზრებული, სამი თვე სრულიად საკმარისია კარგად გამართული სცენარის დასასრულებლად. რაც შეეხება რომანს, აქ დრო მთელი ცხოვრება შეიძლება არ გეყოს. შენ აწესებ რომანის მასშტაბს და მოცულობას. პროზაული ტექსტი ბევრად მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ძალიან კომპლექსური პროცესია, მაგრამ სცენარისგან განსხვავებით ეს პროცესი მთლიანად შემოქმედებითია. ამ ეტაპზე რომანის წერა უფრო მაინტერესებს. თუმცა ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ სცენარისგან განსხვავებით, პარალელურად სხვა რამის კეთება შეუძლებელია.

 

რაზეა შენი რომანი?

 

რომანს “მსხლების მინდორი” ქვია. სიუჟეტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, 18 წლის ინტერნატში გაზრდილი თბილისელი გოგონას გარშემო ვითარდება. თუმცა ეს დრო ჩემთვის მაინც პირობითია, რადგან ასეთი ადამიანების მომავალი ახლაც ისეთივე უპერსპექტივოა, როგორიც 10-20 წლის წინ იყო. ამ თემით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავინტერესდი. პატარა რომ ვიყავი, ჩვენი სახლის გვერდით ინტერნატი იყო და იქ მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ეზოში ვთამაშობდი ხოლმე. ცოტა რომ გავიზარდე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადავწყვიტე და მასალების შეგროვება დავიწყე. გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ ფილმი ვერ დავასრულეთ. ბევრ სირთულეს წავაწყდით... ვფიქრობ ამ რომანში თავი მოვუყარე ყველაფერს, რაც არ მინდოდა დაკარგულიყო, ან დამევიწყებინა.

 

ეთანხმები მოსაზრებას, კარგად რომ დაწერო, იმაზე ორჯერ მეტი უნდა იკითხო ვიდრე წერ?

 

რა თქმა უნდა. კითხვისას ხვდები იმ სამყაროში, რომელსაც ლიტერატურული სამყარო ქვია. ამ კარის გაღება აუცილებელია, იმისათვის რომ დაიწყო საკუთარი ლიტერატურული სამყაროს შექმნა, წარმოსახვით სამყაროში არსებობა, აზროვნება, განცდა.

 

ნანა, „გრძელი ნათელი დღეები“ არტ-ჰაუსის ტიპის ფილმია, რომელიც კომერციაზე გათვლილი არაა, ჰოლივუდური ფილმის გადაღება რომ შემოგთავაზონ დათანხმდები? რა სიუჟეტის ფილმს გადაიღებდი?

 

მე მიყვარს კინო, რომლისაც გჯერა და რომელიც ცხოვრებასთან ახლოსაა. თუმცა, საინტერესო ფილმებს ჰოლივუდშიც იღებენ.

 

ვინ არის შენი საყვარელი რეჟისორი რომლის კადრებიც გახსენდება ფრაგმენტებად როდესაც თავად იღებ?

 

ბევრია... ძალიან მიყვარს ბრიტანული ახალი ტალღის წარმომადგენელი, ტონი რიჩარდსონი და მისი ფილმი „გრძელ მანძილზე მორბენალის მარტოობა”. მიყვარს ოზუ მისი თითქოს ერთმანეთის მსგავსი ფილმებით, იტალიური ნეორეალიზმი, და ა.შ.

 

შეგიძლია მითხრა 4 ფილმი, გასული ათწლეულებიდან, რომლებმაც შენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.

 

ვისკონტის „როკო და მისი ძმები”, ფელინის “ლა სტრადა”, ოზუს „დილა მშვიდობისა” და ტრუფოს “ოთხასი დარტყმა”.

 

რაზე უფრო ხშირად ფიქრობ, წარსულზე, აწმყოზე თუ მომავალზე.

 

მომავალზე არ ვფიქრობ, რადგან არ არსებობს. არც წარსული არსებობს, მაგრამ მასზე ფიქრს თავს მაინც ვერ ვარიდებ. წარსული სავსეა ამბებით, ეს ამბები არ მასვენებენ... შეიძლება ითქვას წარსული უფრო განყენებულად მაინტერესებს, და არა იმიტომ რომ ვერ ველევი, ან ნოსტალგიური განცდები მამოძრავებს.

 

რა არის ის სფერო, საქმე რომელიც არასდროს გაინტერესებდა და ალბათ არც არასდროს მოჰკიდებ ხელს?

 

ალბათ ბიზნესი! ნამდვილად არასდროს მაინტერესებდა. თუმცა არც მედიცინა მიზიდავდა, მაგრამ მერე დავინტერესედი. გერმანიაში მომიწია ამ სფეროსთან შეხება: იმისათვის რომ დამატებითი ჯიბის ფული გამეჩინა, ექთნად დავიწყე მუშაობა თვალის კლინიკაში. ვიდრე აღელვებული პაციენტები საოპერაციოდ შევიდოდნენ, მომზადებაში უნდა დავხმარებოდი, არადა იქამდე ნემსის დანახვაზეც გული მიმდიოდა... ერთი სიტყვით, ყველაფერი საინტერესოა რის უკანაც ადამიანი დგას, გააჩნია რა თვალით შეხედავ.

 

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...