სასამართლომ უგულავას მიმართ პროკურატურის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

27 თებერვალი 2013

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმე განიხილა. უგულავას, რომელსაც ბრალი სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედებოდა, სასამართლომ არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა.

პროკურატურა უგულავასთვის მილიონიანი გირაოს დაკისრებას, ქვეყნიდან

გასვლის უფლების აკრძალვას და საგამოძიებო უწყებაში ყოველკვირეულად გამოცხადების ვალდებულების დაკისრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს მიერ, პროკურატურას სამივე შუამდგომლობაზე უარი ეთქვა.

დავით ბაქრაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი

დავით ბაქრაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განმარტებით იმის გამო, რომ გირაო უპრეცედენტოდ მაღალია, პარლამენტის და საკრებულოს წევრების ჯგუფმა, სასამართლოს თავდებობით მიმართა – ''ვფიქრობთ საზოგადოების მთავარი ინტერესი არის არა ის, რომ ქალაქის არჩეული მერი ჩამოშორდეს საქმიანობას და იყოს დაკავებული, არამედ ის, რომ გაირკვეს სიმართლე, სიმართლის გარკვევას კი სჭირდება, რომ გიგი უგულავას ჰქონდეს საკუთარი სიმართლის საზოგადოებისთვის წარდგენის და ჩვენების საშუალება, "სწორედ ამიტომ შევედით ჩენ თავდებობით'' - ამბობს ის.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც: ''პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორი აბსურდულიც არის ბრალდება, ისეთივე აბსურდულია მოთხოვნები აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არა მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ ვისაც შეუძლია ამის გადახდა – კოლმეურნეობის თავმჯდომარე... სახელს და გვარს არ დავასახელებ.''

პროცესის მიმდინარეობისას, საქალაქო სასამართლოს შენობასთან გიგი უგულავას ასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც პროცესის დასრულებამდე იდგნენ შენობის შესასვლელთან. სასამართლოს ეზოში, უგულავას გასამართლების რამდენიმე მომხრეც გამოჩნდა, თუმცა შეკრებილებს შორის, რაიმე სახის შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია.

უგულავას გასამართლების მომხრე

უგულავას გასამართლების მომხრე

სასამართლო პროცესი დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. მოსამართლის გადაწყვეტილება უგულავას ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ გაგვაცნო და მას შემდეგი შეფასება მისცა: ''ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ველოდი იმიტომ, რომ ბრალდების მხარის პოზიცია, აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის შეფარდებისა იყო დაუსაბუთებელი, უსაგნო და უსაფუძვლო.''

გოგიტა გაბაიძე – გიგი უგულავას ადვოკატი

გოგიტა გაბაიძე – გიგი უგულავას ადვოკატი

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მისადმი წაყენებული ბრალი, არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელიც ინიცირებულია პირადად პრემიერ, ივანიშვილის მიერ – ''საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს დისკრედიტაცია პირადად ჩემი და იმ სტრუქტურის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ასევე, არის მცდელობა მერიის ხელში ჩაგდების, ეს შეუაიარაღებელი თვალითაც ჩანს. მე არც გამოძიებას გავურბივარ და არც სასამართლოზე განხილვაზე ვამბობ უარს, პირიქით მე თვითონ ვითხოვ. აწი ჩვენი მხარეც მოიძიებს დამატებით მტკიცებულებებს და მოწმეებს, უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეჯიბრებითობა და გამოჩნდება რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და სხვა არანაირი რეალური საფუძველი ამ ყველაფერს არ გააჩნია'' – ამბობს ის.

იმ დღესვე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, თუმცა სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს ამაზეც უარი ეთქვა და უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან. სასამართლოს განცხადებით ''ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი.''

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ტელეკომპანია ''იმედის'' ეპიზოდშიმეორე ბრალდებულის, დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ''იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს, ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორცილებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა'' – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში.

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიებების არ შეფარდებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს და როგორც მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს: "პროკურატურისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გადაწყვეტილება უკანონოა და უკანონობასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ – ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება, თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ გასაჩივრება დიდი ალბათობით არაფერს შეცვლის."

კბილაშვილის თქმით, პროკურატურის არც ერთი მოთხოვნა არ იყო დაუსაბუთებული და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ, უგულავას ბრალი დგინდება 16 მილიონამდე თანხის მითვისებაში, მაშინ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა საკმაოდ ადეკვატურია.

მთავარმა პროკურორმა ასევე განმარტა მათი მოთხოვნა გიგი უგულავას, საგამოძიებო ორგანოში ყოველკვირეულად გამოცხადების შესახებაც, რომელიც მისი თქმით განპირობებულია წარსული პრაქტიკით: ''თქვენ გახსოვთ მისი ქმედება, როდესაც ის არ ცხადდებოდა გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით და მოწმედ არ მოდიოდა, თქვენ გახსოვთ, რომ იმავე სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ჩვენ, სამართალდამცავ ორგანოებს მოგვცა უფლება, რომ ეს კაცი იძულების წესით მოგვეყვანა დაკითხვაზე.'' ხოლო მოთხოვნა – უგულავასთვის, მერის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დაასაბუთა იმით, რომ თუ უგულავა იმხილება 20 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა–მითვისებაში, ამ დროს ამ ადამიანისთვის კვლავ იგივე თანამდებობაზე დატოვება და იგივე თანხებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ ლოგიკურ საფრთხეს წარმოშობს.

 ია ფრანგიშვილი