Smaller Default Larger

ომბუდსმენი საყდრისის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი კულტურის სამინისტროს საყდრისის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ჯგუფში ჩართვის უფლება ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს.

,,სამწუხაროა, რომ RMG GOLD-ის მიერ კვლავ განახლდა სამთომოპოვებითი სამუშაოები. მათ არ გაითვალისწინეს, რომ საქმე კვლავ სასამართლოშია. კომპანიამ თავი უნდა შეიკავოს სამუშაოების წარმოებისგან, სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს. ჩვენ მოვუწოდებთ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უახლოეს დღეებში შექმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საყდრისის საბადოზე კომპანია ,,არემჯი გოდლმა" სამუშაოები 13 დეკემბერს განაახლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების გაგრძელების უფლება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მიიღო. კულტურის მინისტრის განცხადებით, იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე იღებს.

აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა საყდრისსა და თბილისში საპროტესტო აქციები. აქტივისტები კომპანიისგან სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვენ. საყდრისში სამუშაოების განახლებას გამოეხმაურნენ ასევე არასამთავრო ორგანიზაციები და პატრიარქი. მათი თქმით, საბადოზე სამუშაოები უნდა შეწყდეს და დამნაშავეები კი დაისაჯონ.

Loading radio ...