Smaller Default Larger

ჯანმრთელობის შეზღუდული უფლება

33 წლის მსჯავრდებული ლაშა ლაბაძე, პატიმრობის პერიოდში დაავადდა ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და მხედველობა 45 %-ით დაუზიანდა. მუდმივად სჭირდება ფსიქოტროპული წამლები და წამალდამოკიდებულია.

ლაბაძე ყაჩაღობის მუხლით სასჯელს 2011 წლიდან ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა.

 შარშან ფეხი მოჰკვეთეს, თვითდაზიანების შემდეგ დაგვიანებულმა მკურნალობამ ფეხის მოკვეთა  გარდაუვალი გახადა. მსჯავრდებულის დედა ლუბა ტატიშვილი ამბობს, რომ დღეს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა იმიტომ, რომ დროული გამოკვლევა არ უტარდებოდა. „პროთეზირების ოპერაცია ფეხის მოკვეთიდან სამ თვეში უნდა გაკეთებულიყო და ჯერაც არ გაკეთებულა, თუმცა ოპერაციიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარმა ექიმმა, უყურადღებობით, გეგმიური ოპერაციების ელექტრონულ სიაში საერთოდ არ ჩასვა. ამ ხნის  განმავლობაში  ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა, რატომ არ უკეთდებოდა, ან საერთოდ  გაუკეთებდნენ თუ არა. ციხის ექიმის დაუდევრობის შესახებ ცოტა ხნის წინ ადვოკატისგან შევიტყვე” - ამბობს მსჯავრდებულის დედა. 

 

2015 წლის თებერვლიდან, ოჯახისათვის უცნობი მიზეზით, ბათუმის # 3 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინა კვირას კი პატიმრის დედისა და ადვოკატის მოთხოვნით, გლდანის #18 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ლუკავა, რომელიც ლაბაძის საქმეზე მუშაობდა ამბობს, რომ ციხის შეცვლის აუცილებლობა თავიდანვე არ არსებობდა. ციხის ადმინიტრაციამ გადაყვანის მიზეზად ლაბაძის უსაფრთხოება დაასახელა, კონკრეტული დეტალები არც ადვოკატისთვის და არც დედისთვის არ  განუმარტავთ.

 

მსჯავრდებულისთვის მკურნალობის დანიშვნა მთელ რიგ ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. „რაც საქმეში ჩავერთე, ჩაუტარდა გამოკვლევებიც და მკურნალობაც, - ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი, - პროთეზირების გეგმიურ სიაში ჩასვეს, მაგრამ ვიდრე ექიმი მიმართვას გააკეთებდა, მოულოდნელად ბათუმში გადაიყვანეს. პროთეზირების საკითხსაც მოვაგვარებდით, რომ არ გადაეყვანათ“- ამბობს თამარ ლუკავა. 

 

საქართველოს  კანონმდებლობა  მსჯავრდებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობის  უპირატესობას აღიარებს. 1994 წელს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო პაქტის მიხედვით მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების სტანდარტი არ უნდა იყოს ქვეყნის სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში არსებულ სტანდარტზე დაბალი. მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას იცავს ასევე პატიმრობის კოდექსი

2014 წლის პენიტენციალური სისტემის ანგარიშმა,რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა აღნიშნულია, მსჯავრდებულების  ჯანმრთელობის პრობლემები გამოავლინა. 2013-2014 წლებში ცენტრისადმი მიმართულ 800 განცხადებიდან უმრავლესობაში მსჯავრდებულები უჩიოდნენ ციხეებში არასათანადო ოპერაციულ და პოსტოპერაციულ მკურნალობას, დანიშნული მედიკამენტების არასრულყოფილად მიწოდებას და დაგვიანებულ გეგმიურ ოპერაციებს. ანგარიშის ავტორი თამარ ავალიანი აღნიშნავს, რომ “ერთადერთი პასუხისმგებელი იმაზე, რაც მსჯავრდებულს ციხეში ემართება არის სახელმწიფო, ანუ სასჯელაღსრულების სამინიტრო“. 

 

პენიტენციური ჯანდაცვის საერთო ბიუჯეტი 2012 წლიდან იზრდება. პრობაციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის ნანა ბღარაშვილის განმარტებით თითოეულ მსჯავრდებულზე საშუალოდ წელიწადში 1388 ლარი და ოცი თეთრია გამოყოფილი. გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდა სამედიცინო პერსონალის 37%-ით განახლებას, მათი ანაზღაურების 60%-ითა და ფარმაცევტული დანახარჯების გაზრდას, C ჰეპატიტისა და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის პროგრამას.

 

 თამარ ავალიანი ამბობს, რომ ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, მსჯავრდებულთა მომსახურების ხარისხი, ექიმების კვალიფიკაცია და გეგმიური ოპერაციების რიგები ისევ პრობლემად რჩება. „ოპერაციებზე ცოცხალი რიგებია. ქალებისა და მამაკაცების ელექტრონული სიები საერთოა. ხშირად მსჯავრდებულს ორი, ოთხი, ექვსი თვეც კი უწევს ლოდინი. ამ პერიოდში მათი ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდება,“-ამბობს თამარ ავალიანი.

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ახალი, სპეციალური ელექტრონული ბაზა, მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება დროულად არ მიეწოდებათ. ანგარიშის მიხედვით გეგმიურ ოპერაციები მსჯავრდებულების  ელექტრონული რიგები გაუმართლებელია, რადგან შეიძლება დააზარალოს ის მსჯავრდებული, რომელსაც იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

 

„გეგმიურ ოპერაციებზე რიგი ისევე მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სექტორის ნებისმიერ კლინიკაში - „პირველმა მომმართა-პირველმა მიიღო“ პრინციპით,“-ამბობს ნანა ბღარაშვილი. თუმცა თამარ  ავალიანი აღნიშნავს, რომ მის  პრაქტიკაში  ყოფილა  მსჯავრდებული რომელსაც  ექვსი თვის დაგვიანებით ჩატარებია გეგმიური  ოპერაცია.

 

ამჟამად  უსახსრობის  გამო ლაბაძეს  მხოლოდ  ციხის ადვოკატი იცავს, რომელსაც ბიუროკრატიული პროცესების მოგავრება ევალება. ლუბა ტატიშვილი ამბობს, რომ   მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბათუმიდან გადმოყვანის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულია. მისთვის დღემდე უცნობია, როდის ჩაუტარდება მის შვილს გამოკვლევები და პროთეზირების ოპერაცია.

 

 პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულის კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით, ინფორმაცია ლაბაძის ჯანმრთელობაზე არ მოგვაწოდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები

როგორ იყენებენ დახურულ facebook ჯგუფებს რუსული ნარატივის გასავრცელებლად

 

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

Loading radio ...