Smaller Default Larger

სწავლის დროა თუ თამაშის?

ნიკა ტრაპაიძე სასწავლო წლის დაწყებისას 5 წლის და 10 თვის იქნება, თუმცა მშობლის სურვილის მიუხედავად, სკოლაში ვერ წავა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში 2014 წლის აპრილში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 6 წელზე თუნდაც რამდენიმე დღით ნაკლები ასაკის ბავშვს სკოლა არ იღებს. ასეთი კი, მარტო თბილისში 4750 ბავშვია.

 ნატო ტრაპაიძე (ნიკას დედა) ამბობს, რომ ის რამდენიმე პრობლემის წინაშე დგება. მისი აზრით, საბავშვო ბაღებში ჯგუფები გადატვირთულია, პროგრამები დასახვეწია, ბავშვი იქ ვერ ვითარდება. „თუ რამე იცის, ეს ყველაფერი ოჯახის წევრების დამსახურებაა.“ რომელიმე კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში (პრე-სქულში) ბავშვის მიყვანა გაცილებით ძვირი ჯდება. დედა ამბობს, რომ ნიკამ უკვე იცის კითხვა, თვლა, მიმატება-გამოკლება, უცხო ენები პირველი კლასის დონეზე. ბავშვი ყოველ დღე ახლის სწავლას ითხოვს. თვითონ იცვამს და თავს უვლის. ნატო ტრაპაიძე ფიქრობს, რომ ბაღში გატარებული კიდევ ერთი წელი ბავშვის განვითარებას შეაფერხებს.

ინა პეტრიაშვილის შვილი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში ხდება 6 წლის. მისი აზრით, რამდენიმე დღის გამო ბავშვების ასე არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება უსამართლოა. პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგები ვერ განმარტავენ, რა განსხვავებაა ერთი თვის ინტერვალით დაბადებული ბავშვების აზროვანებაში. იგი თვლის, რომ წლის ბოლომდე დაბადებულ ბავშვებს ისევე  უნდა მიეცეთ სკოლაში სწავლის დაწყების საშუალება, როგორც ეს წინა წელს იყო.

2010 წლამდე სწავლის დაწყების მინიმალური ასაკი 6 წელი იყო, თუმცა განათლების სამინისტრო გამონაკლისსაც უშვებდა და რიგ შემთხვევებში 5 წლის ბავშვებიც დაიშვებოდნენ სკოლაში. მიმდინარე ჩანაწერი გამონაკლისებს აღარ უშვებს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების მიერ 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანის ძირითადი მიზეზი და მოტივაცია ბავშვების ინტელექტუალური უნარებია: კითხვის, თვლის, ანგარიშის, ლექსების ცოდნა და სხვა.

თუმცა კვლევის მიხედვით, ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა სპეციალისტები ბავშვის სკოლისთვის მზადყოფნას სულ სხვა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვისსოციალური უნარები, ფსიქო–ემოციური, ფსიქიკურიგანვითარების დონე, რაც გულისხმობს შემდეგს: ბავშვს უნდა შეეძლოს უცხო გარემოსთან შეგუება და უცნობ ადამიანთან ურთიერთობის დამყარება. უნდა ანსხვავებდეს ვალდებულებასა და სურვილს. უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რომ გაკვეთილის რეჟიმს მოერგოს და კონცენტრირდეს. ეს და სხვა მრავალი აუცილებელი თვისება კი, ბავშვებში, ჩვეულებრივ, 6 წლიდან ვითარდება. ამ მოთხოვნების და მშობლების ინფორმირებულობის დაბალი დონის გათვალისწინებით, სპეციალისტებს აუცილებლად მიაჩნიათ ასაკობრივი ზღვარის დაწესება და მხარს უჭერენ კანონის ახლანდელ რეგულაციას.

დაწყებითი კლასების პედაგოგი, ლია ბურჭულაძე, ამბობს, რომ გასულ წელს მის კლასში 28 ბავშვიდან 12 პირველკლასელი 6 წლამდე ასაკის იყო, რაც გაკვეთილზე სირთულეებს დღემდე უქმნის. ბავშვების ნაწილი ჯერაც ვერ შეეგუა სასწავლო რეჟიმს და თამაშობენ, მალე იღლებიან, უჭირთ პროგრამის დაძლევა. თუმცა შეთავაზების მიუხედავად, მშობლები უარზე არიან ბავშვი სკოლაში ერთი წლის დაგვიანებით დააბრუნონ. ამიტომ ბურჭულაძე დადებითად აფასებს კანონის ცვლილებას, მაგრამ გამოსავლად არ მიიჩნევს. მისი აზრით ასევე მნიშვნელოვანია, სპეციალურად მორგებული პროგრამის შექმნა სკოლამდელ აღსაზრდელებშიც, სადაც ბავშვებს სკოლისთვის უკეთესად მოამზადებენ.

განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფსიქოლოგი ლევან ზარდალაშვილი ამბობს, რომ 6 წლამდე ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაში უნდა იყოს და არა სწავლა. რადგან ის მზად არ არის სკოლისთვის არც ფიზიოლოგიურად, არც სოციალურად, თუ ემოციურად. მისთვის ხშირად რთულია გაკვეთილზე 35 წუთი ყურადღებით ჯდომა. ასევე უჭირს სოციალიზაცია და სხვებთან ურთიერთობა, რადგან მისთვის მთავარი ცნება არის „მე“, „მე მინდა“. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არგუმენტი, რომ ბავშვები კარგავენ ერთ წელს, უსაფუძვლოა. „ჩვენ ერთ წელს კი არ ვართმევთ, ერთ წელს ვჩუქნით ბავშვს თამაშისთვის და სწორედ განვითარებისთვის.“ ზარდალაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კანონში მითითებული 6 წელი უკვე კომპრომისია. როგორც ფსიქოლოგი, თვითონ 7 წლის ასაკისკენ უფრო იხრება, რისი მაგალითებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაში. კონკრეტულად, გერმანიის ზოგიერთ სკოლაში არ იღებენ 8 წლამდე ბავშვებს. არსებობს სხვა გამოცდილებაც, მაგალითად შეერთებული შტატები, სადაც 5 წლის ასაკიდან იღებენ ბავშვებს, თუმცა ეს დაწესებულებები საბავშვო ბაღების ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც სპეციალურ აღჭურვას და ინფრასტრუქტურას გულისხმობს, რისთვისაც დღესდღეობით საქართველო მზად არ არის.

ზარდალაშვილის ინფორმაციით, ბავშვებისთვის, რომლებიც წელს სკოლაში ვერ მოხვდებიან, განათლების სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე დაიწყო ალტერნატიულ პროგრამაზე მუშაობა, რომელმაც საპილოტე რეჟიმი უკვე გაიარა და სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში ამოქმედდება.

წინა სასკოლო მზაობის პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროცესში ჩართული იყო ფონდის მოწვეული ორი საერთაშორისო ექსპერტი და ადგილობრივი სპეციალისტები. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე ამბობს, რომ პროგრამა 5-6 წლის ასაკის ბავშვებს სკოლისათვის მოამზადებს და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ფიზიკურ განვითარებას (მოტორული უნარები, ჯანმრთელობა, ჰიგიენა) და სწავლისადმი მიდგომას (ცნობისმოყვარეობა, ინიციატივის გამოჩენა, დამოუკიდებლობა, სიბეჯითე და კონცენტრაციის უნარი).

დამტკიცებას ელის დოკუმენტი ამ პროგრამისთვის აღმზრდელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ. ჯოხაძე ამბობს, რომ მათი გადამზადება ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწევთ. სამინისტრო ტრენერებით უზრუნველყოფას შეეცდება, თუმცა საკითხი განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ღიად რჩება.

ჯოხაძე ფიქრობს, რომ პროგრამის ბაღებში დანერგვა შემდეგი სასწავლო წლისთვის უნდა მოესწროს, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტი შეხვდება თუ არა ცვლილებას მზად, არავინ იცის..

სამინისტროს მიერ საბავშვო ბაღებისთვის შემუშავებულ დამატებით პროგრამაზე ნატო ტრაპაიძეს არაფერი სმენია. „თუ აქვთ ასეთი რამე შემუშავებული, მიიტანონ ინფორმაცია მოკვდავ ადამიანებამდე.“

სამინისტრომ მედიით რამდენჯერმე ისაუბრა პროგრამის შესახებ, თუმცა ჯოხაძის აზრით ეს საკმარისი არ იყო. მისი თქმით, როგორც კი სქემა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, სამინისტრო ტელევიზიებით მშობლებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ბაღებში ჯგუფები მართლაც გადატვირთულია და სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები მათ სისტემას ტვირთად დააწვება. როგორც პრეს-სამსახურში გვაცნობეს, ამ პრობლემის თაობაზე შეხვედრა ქალაქის მერიაში მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. ჯერ პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტულ გზას ვერ ასახელებენ და ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ.

მთლიანობაში ბუნდოვანია წინა სასკოლო მზაობის პროგრამის ყველა მუნიციპალიტეტში დანერგვის და აღმზრდელთა შესაბამისად გადამზადების პერსპექტივა. ასევე არაა მიღწეული საერთო პოზიცია მთავარ საკითხზე - როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა სკოლაში სიარული.

პარლამენტმა გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ ერთხელ შეცვალოს. დეპუტატ კობა სუბელიანის ინიციატივა 5 წლის ბავშვების სკოლაში დაშვებასთან დაკავშირებით უკვე განიხილეს განათლების, ადამიანის უფლებათა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა. 5 მარტს ჩატარებულ განხილვაზე განათლების კომიტეტმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, თუმცა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მაინც გავა და კენჭისყრით საბოლოოდ გადაწყდება, 5 წლის ბავშვები სკოლაში შესვლის უფლებას მიიღებენ, თუ კიდევ ერთი წელი ითამაშებენ.

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...