Smaller Default Larger

როგორ "იქცევა" ლარი?!

2010 წლის შემდეგ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ახლა ყველაზე მაღალია. შარშანდელთან შედარებით ლარი 14%-ით გაუფასურდა.

მერყევმა კურსმა  ოპოზიციას მთავრობის კრიტიკის საბაბი მისცა,ხელისუფლებას თავსატეხი გაუჩინა, მოქალაქეებს კი, სასესხო ვალდებულებები გაუძვირა.

 

პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „განსაკუთრებული არაფერი ხდება”. ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტის ISET-ის მკვლევარი ნინო მოსიაშივილი ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება ჯერჯერობით ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის. „ინფლაციის ტემპი მცირდება. იანვარში ის 1,4%-ია, რაც ინფლაციის 6%-იან ნიშნულზე ბევრად დაბალია”- ამბობს ნინო მოსიაშვილი.

 

მარიამ ოყრეშიძემ მანქანის შესაძენად ბანკიდან 7000 დოლარიანი სესხი სამი წლით გამოიტანა.თვეში 275 დოლარის გადახდა უწევს. ახლა ყოველთვიური შენატანი მინიმუმ 100 ლარით  უძვირდება. „თუ ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, ბანკისთვის გადასახდელი თანხაც მომემატება და უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდები,“- ამბობს მარიამ ოყრეშიძე.

 

ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია  „იმედთან“ინტერვიუში განმარტა, რომ თუკი ადამიანებს ინფლაციამ პრობლემები შეუქმნა, ეს მათი უცოდინარობის ბრალია. „ლარი იქცევა ძალიან ჯანმრთელად, ძალიან ჯანსაღად. ეს არის  ბიზნესპროცესი. თუ ისინი ამ პროცესში ვერ ერკვევიან, მათ უნდა დაიქირაონ სპეციალისტები და რჩევა მიიღონ.”

 

ლარის კურსის  ვარდნა ქვეყანაში  რამდენიმე ფაქტორმა გამოწვია. ნინო მოსიაშვილის აზრით, გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზი ექსპორტის შემცირებაა.  „ძირითადი ფაქტორები არის ექსპორტისა და ფულადი  გზავნილების შემცირება. ამ პროცესზე ტურისტების ნაკლებობასა და შეცვლილ სამიგრაციო პოლიტიკას უმნიშვნელო გავლენა აქვს,“- ამბობს ნინო მოსიაშვილი.

 

ლარის  კურსის  გაუფასურების  გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია საქართველოს სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება. 2014 წლის ივნისის შემდეგ, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 %-ით დაეცა, რამაც რუსეთს პრობლემები შეუქმნა. რუბლის გაუფასურების გამო საქართველოში ფულადი გზავნილები 25%-ით იკლო და საქართველოს ეკონომიკაში დოლარის მასა შემცირდა. უკრაინაში საომარი ვითარების გამო შემცირებულია, როგორც  ფულადი გზავნილები, ასევე ექსპორტი; ორივე საქართველოსთვის  დოლარის  შემოდინების  წყაროა.

 

თუკი ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნაში „განსაკუთრებულს“ ვერაფერს  ხედავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ირაკლი ქადაგიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებამ იმ ზღვარს მიაღწია, როდესაც ფასების გაზრდის საფრთხე ჩნდება. “ჩვენ გადავწყვიტეთ მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის  გამკაცრება,” - თქვა ირაკლი ქადაგიძემ.

 

მთავრობის სხდომაზე პრემიერ -მინიტრმა ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობების შექმნასა და ტურისტების მოზიდვაზე ისაუბრა, რაც ღარიბაშვილის აზრით ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ნინო მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის ძველ ნიშნულთან დსააბრუნებლად ხელოვნური ჩარევა დაუშვებელია, ეს  უნდა განაპირობოს ეკონომიკურმა მოვლენებმა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

 

დაითვალეთ, რამდენად მეტს უხდით ბანკს ყოველთვიურად

 

ახალი ამბები

როგორ იყენებენ დახურულ facebook ჯგუფებს რუსული ნარატივის გასავრცელებლად

 

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

Loading radio ...