Smaller Default Larger

ცემით დამორჩილებულები

“ორივეს სულ ერთი და იგივე უნდა, რაც ჩხუბის მიზეზი  ხდება. ჯერ  ვუხსნი, მერე ყურადღებას არ ვაქცევ, მერე ხმამაღლა ვეტყვი და ბოლოს ტაკოზე წამოვარტყამ ხოლმე. სხვანაირად არ გამოდის. მაგრამ მალე, ისევ იმავეს აკეთებენ,“- ამბობს 26 წლის ნინო, რომელიც 5 წლის გივისა და 3 წლის საბას დედაა.

 

საქართველოში  მშობელთა 45% ფიქრობს, რომ შვილის ფიზიკური დასჯა დასაშვებია - ბავშვი რომ არ გათამამდეს, რომ არ „გაფუჭდეს“. 60% კი თვლის, რომ ბავშვების დასამორჩილებლად ცემა ყველაზე ეფექტური მეთოდია. ეს UNICEF-ის  ბოლო კვლევის შედეგებია, რომელიც 2014 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

 

კვლევის მიხედვით ბავშვებისათვის ძალადობის ერთ-ერთი კერა სწორედ ოჯახია. ბავშთა ფსიქოლოგი თინათინ ბანძელაძე ფიქრობს, რომ ძალადობის მიმართ ასეთი მაღალი მაჩვენებელი მშობლებში, მათ არაინფორმირებულობაზე მიუთითებს „ყველა ემპირიული კვლევა და პრაქტიკა ბავშვის აღზრდის დროს ფიზიკურ დასჯას გამორიცხავს. ფიზიკური დასჯით მიღებული შედეგი არ არის  გამართლებული და ხანმოკლეა,“- ამბობს თინათინი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვობის გამოცდილება განსაზღვრავს როგორ პიროვნებად  ჩამოვყალიბდებით. როდესაც ბავშვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, არსებობს მეტი ალბათობა ზრდასრულ ასაკში თავადაც იძალადოს სხვებზე. თინათინ  ბანძელაძე ამბობს, რომ ცემის შედეგად  შეიძლება ბავშვის ნერვული სისტემა მოიშალოს,  დაეცეს თვითშეფასება, დაქვეითდეს კონცენტრაციის, მეხსიერებისა და შემეცნებითი უნარები, ბავშვი ჩამორჩეს სასწავლო პროცესს, შეიძლება განუვითარდეს უნებლიე შარდვაც.

 

UNICEF-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 82% თვლის, რომ ფიზიკური ძალადობა რეალური პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ბავშვის ფიზიკური დასჯაც ნორმად მიაჩნიათ. შეუსაბამობას თინათინ ბანძელაძე შემდეგნაირად ხსნის: “საზოგადოება არაფორმალურადაა შეთანხმებული, რომ ცემა დაშვებულია. ბოლო  დროს აღზრდის  მკაცრი  მეთოდები  ეჭქვეშ  კი დადგა, მაგრამ ბოლომდე უჭირთ  გააცნობიერონ ამ მეთოდის  მავნებლობა,“- ამბობს თინათინი.

 

2010 წლის ბავშვთა  ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმის მიხედვით, ფიზიკური ძალადობაა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ქმედება, რომელიც ფიზიკურ ტკივილს, ან სიკვდილს იწვევს.

 

სამოქმედო გეგმა სკოლას, საპატრულო პოლიციას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ბავშვზე ძალადობის კვალის აღმოჩენისას  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართონ. განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევებში პოლიციას შეუძლია ბავშვი მოძალადისგან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. სხვა დროს, პოლიცია მოძალადეს გააფრთხილებს და შემაკავებელ ორდერს გასცემს. ან გარკვეული პერიოდის მანძილზე დააკვირდება და სიტუაციის განმეორების შემთხვევაში საქმეს სასამართლოს გადასცემს.

 

პარლამენტში ბოლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხებოდა არაფერია ნახსენები აღზრდის დროს ფიზიკური დასჯის გამოყენებაზე. გაეროს ბავშთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა.

 

კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობის უმეტესობის აზრით, ბავშვის ცემა ოჯახის საქმეა და სხვების ჩარევის წინააღმდეგია. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ მშობლებმა უპირატესობა აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს უნდა მიანიჭონ. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ნინოსთვის, თავისი პატარა შვილების დასამორჩილებლად ფიზიკური შეხება ერთადერთი გამოსავალია.

 

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...