ვაკის პარკი - ასე ეძახიან 19 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე. რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსის პარკს შესასვლელიდან ბოლომდე თუ გაუყვებით, არა ერთ უკვე აშენებულ და მშენებარე ობიექტს იპოვით. ეს შენობები ზონისთვის დასაშვებ რეგლამენტსაც არღვევს და პარკის იდეისგანაც ძალიან შორსაა.

ვაკის პარკი თითქმის სამოცი წლის წინ, თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე, ას ორმოც ჰექტარ მიწაზე გაშენდა. მანამდე მოხრიოკებული ტერიტორია მწვანე საფარმა დაიკავა. გამზირიდან კუს ტბამდე წიწვოვანი და შერეული ტყე გააშენეს.

25 ჰექტარზე პარკი მოეწყო, დარგეს გაზონი, მიწა წითელი ქვიშით დაიფარა, გაჩნდა კარუსელები, აშენდა სანაყინე, ღია კინოთეატრი, ფანჩატური. დანარჩენ მიწაზე კი ხელოვნურად გაშენებული ტყე დარჩა.

90-იანი წლებიდან მერიამ ტერიტორიის პატარ-პატარა ნაკვეთებად გაყიდვა დაიწყო. ასე გაჩნდა პარკში ფეხბურთის ფედერაცია, უკრაინის და ირანის საელჩოები, მთვარის გლობუსი, ფრანგული სკოლა, გიორგი თოფაძის საცხოვრებელი სახლი, მრავალსართულიანი სახლი "ვისოლი", სასადილო "ბაბაკო", რესტორანი "იმპერიალი", საბავშვო ბაღი და სხვა.

დღეს, „ვაკის პარკი“ ჰქვია მხოლოდ 19 ჰექტარს, რომელიც ვაკის პარკის ისტორიული ტერიტორიის (140 ჰა) მხოლოდ მცირე ნაწილია. მერია სწორედ ამ 19 ჰექტარს უვლის - რწყავს, კრეჭს გაზონს, ზრუნავს ტერიტორიის სისუფთავეზე, ხოლო უდიდესი ნაწილი უმეთვალყურეოდაა დატოვებული.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი” სხვა გარემოსდამცველებთან ერთად მერიისგან ითხოვს დაადგინოს ქალაქის მწვანე ტერიტორიეიბს საზღვრები, დააწესოს მკაცრი რეგლამენტი. თუ ვაკის პარკის მთლიანი, ისტორიული ტერიტორიის სტატუსი პარკის სტატუსით შეიცვლება, მის მიმართ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება და ახალი მშენებლობების დაწყება შეუძლებელი გახდება.

რუკაზე ვაკის პარკში კერძო და სახელმწიფო ობიექტებია მონიშნული. პარკში გაყიდულ მიწაზე, რამდენიმე შენობა უხეშად არღვევს რეკრეაციული ზონა 2-ის ნორმებს. რამდენიმე ნაკვეთი ჯერ-ჯერობით ისევ ქალაქის საკუთრებაა, მაგრამ რუკაზე ისინი ცალკე მიწებადაა მონიშნული. რას უპირებს ქალაქი ამ ნაკვეთებს დღეს არავინ იცის.