ხაიში სვანეთის კარიბჭეა. ეს პირველი დასახლებული პუნქტია ზუგდიდი-მესტიის გზაზე. საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით მიღებული გიგანტური ჰესის პროექტმა ხაიში შეიძლება მთლიანად წყლით დაფაროს. ხაიშელების სახლები და მიწები, ისტორიული, კულტურული ძეგლები, საფლავები და იუნესკოს ნუსხაში შესული არამატერიალური მემკვიდრეობა შეიძლება წყალსაცავში ჩაიძიროს. ხაიშელები ოცდახუთი წელია ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება.

ხაიში, გაღმახაიში, ქვედა წვირმინდი, ლუხი, ლალხორალი, ლაჯრა და ტობარი ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებამდე მთლიანად უნდა დაიცალოს მაცხოვრებლებისგან. ჰესის საპროექტო არეალში თოთხმეტი დასახლებაა მოქცეული. იქ ორი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. წყალსაცავმა ოთხი სოფელი უნდა დაფაროს. შუასაუკუნოვანი ხაიშის ციხე, I საუკუნით დათარიღებული, ჯერ კიდევ შეუსწავლელი არქეოლოგიური ძეგლი, ორი ეკლესია, ტყეები, საძოვრები და სავარგულები, უძველესი საფლავები მდინარემ უნდა დატბოროს. მოსახლეობის განსახლების გეგმა დღემდე არ არსებობს. სახელმწიფოს ადამიანისუფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია ავალდებულებს განსახლება ადგილობრივების თანხმობით და გეგმის შემუშავებაში მათი უშუალო მონაწილეობით მოამზადოს. მიუხედავად ამისა, არც სახელმწიფოს და არც ინვესტორ კომპანიას განსახლების გეგმა არ გააჩნიათ. ხაიშელებს მტკიცე პოზიცია აქვთ. ისინი სახლების დატოვებას არ აპირებენ. 2013 წლის ზაფხულში, თემის წინაშე სოფლების მაცხოვრებლებმა ფიცი დადეს, რომ ელექტროსადგურის აშენებას არასდროს დაუშვებენ. “ვფიცავ არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცნენ წყალქვეშ.”ფიცის ტექსტი ხაიშის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება.
ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებიც და მისი მომხრეებიც ამბობენ, რომ პროგრესისთვის, ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან. ხელისუფლების ნაწილს და ინვესტორ კომპანიას ერთი პოზიცია აქვთ. საზოგადოების მოთხოვნებს გარემოს დაცვის სამინისტროც იზიარებს. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს.
ხუდონის აშენების მომხრე
ხუდონის აშენების მოწინააღმდეგე
დღემდე არ არსებობს მოსახლეობის განსახლების გეგმა, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
სახელი:
  Transelectrica Limited
დაარსდა:
  2008 წლის 2 მაისს
რეგისტრაციის ადგილი:
  ოფშორული ზონა, ვირჯინიის კუნძულები
მფლობელი:
  წილს ფლობს სამი კომპანია: SGGS Infrastructure Limited; World Energy Limited და Olney
                      Assets s.a. ყველა ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. მათი მფლობელების ვინაობა უცნობია.
აღმასრულებელი დირექტორი:
  ვ.კ. შარმა
გამოცდილება:
  Transelectrica Limited-ს კომპანიას ჰესის მშენებლობის გამოცდილება არა აქვს.
საქმიანობა:
  ენერგეტიკული ბიზნესი
პროექტები:
  უცნობია
Transelectrica Limited მეორე ინვესტორი კომპანიაა. პირველი ინდური Continental Energy LTD იყო. მასთან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2007 წელს გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, კომპანიას ოცდაათი დღის ვადაში უნდა დაერეგისტრირებინა შვილობილი კომპანია, რომელიც 2007 წლის მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა. თუმცა, შვილობილი კომპანიის ვინაობა ოცდაათი დღის ნაცვლად, ორი წლისა და შვიდი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. Continental Energy LTD-ს მესვეურებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართეს თხოვნით თავიანთი ვალდებულებები Transelectrica Limited-ისთვის გადაეცათ. 2011 წლის 28 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში ხუდონჰესის პროექტის შემსრულებელ მხარედ ინდური კომპანია, Transelectrica Limited დასახელდა. კომპანია ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 2008 წლის 2 მაისს დაფუძნდა. მისი აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლის 28 აპრილის შეთანხმებით მოჰინდერ ვერმაა. იგივე პიროვნება წარმოადგენდა Continental Energy LTD-საც 2007 წლის 29 ივნისს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის დროსაც. Transelectrica LMT მთავარი წილის მფლობელი სამი კომპანიაა. SGGS Infrastructure Limited - დაფუძნდა 2011 წლის 29 ივლისს კუნძულ ჯერსიზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის მეშვეობით შეუძლებელია. Transelectrica Limited-ის წილის მფლობელი მეორე კომპანია World Energy Limited-ია, რომელიც 2000 წლის 8 მაისს დაფუძნდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ გაუქმდა. Olney Assets s.a არის წილის მესამე მფლობელი, რომელიც 2010 წლის 24 სექტემბერს პანამის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა და ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი დაფუძნების თარიღითა და ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. თავის მხრივ, Transelectrica Limited-ს საქართველოში წარმოადგენს Transelectrica Georgia, რომელიც 2010 წლის 22 მარტს დაარსდა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი Transelectrica Limited-ია. საქართველოს ენერგეტიკის მინისტროს მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სწორედ Transelectrica Georgia განახორციელებს პროექტს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ Transelectrica Limited-ს ხუდონჰესის მშენებლობასთან კავშირი არ ექნება. ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს თავად არ აქვს გამოცდილება ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობის სფეროში. თუმცა, მის კონსულტანტ კომპანიას Continental Construction ინდოეთში რამდენიმე ჰესის მშენებლობა უკვე დასრულებული აქვს.
1) ხუდონჰესის წარმოებული ენერგიიდან რამდენი პროცენტი მიეწოდება
    საქართველოს?

    100%      9%      50%
2) რა თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში ხუდონჰესის ამოქმედებიდან 20 წლის განმავლობაში?

    56.78 მლნ. ლარი     100 მლნ. ლარი      1 მილიარდი ლარი
3)რამდენი სოფელი უნდა დაიცალოს მოსახლეობისგან?

    14     5     4
4) სახელმწიფომ კომპანიას საკუთრებაში 1500 ჰა ტერიტორია გადასცა.
     რამდენი ჰა. მიწა სჭირდება კომპანიას ჰესის ასაშენებლად?

    1500     1200-ამდე      900-ამდე
5)დასრულებულია თუ არა ყველა კვლევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისათვის?

     კი     არა
6)სად გადანასახლებენ დასატბორი სოფლების მოსახლეობას?

     მიმდებარე სოფლების კომპაქტურ დასახლებაში      არ არსებობს განსახლების გეგმა      რაიონულ ცენტრში
7)ჰესი 2020 წელს უნდა ამოქმედდეს, რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს 133 მლნ.კვტ/სთ ენერგია ამ დროისთვის?

     მთელ ზამთარს      ერთ თვეს     რამდენიმე საათს
8)რა იყო საბჭოთა მთავრობის მიერ ხუდონჰესის პროექტის მშენებლობის შეწყვეტის მიზეზი?

     ენერგეტიკულად წამგებიანი იყო.      საპროტესტო მუხტის შეჩერების მიზნით.     სეისმურად არამდგრადი მდებარეობის გამო.
X
ხუდონჰესის პროექტს საქართველოში ოცდახუთი წელია თაობები ებძვიან. 1986 წელს ჰესის მშენებლობას სტუდენტები აპროტესტებდნენ. მოგვიანებით დემონსტრაციებს იმდროინდელი ეროვნული მოძრაობაც შეუერთდა. კაშხლის მშენებლობა ათი წლის დაწყებული იყო და მთლიანი პროექტის სამუშაოების 25% უკვე დაესრულებინათ. თუმცა, ხმაურიან პროტესტს რეალური შედეგი მოჰყვა - საბჭოთა ხელისუფლებამ პროექტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხუდონზე დაწყებული სამუშაოები შეჩერდა. თავდაპირველი კვლევები ხუდონჰესის შესახებ მოსკოვის „ჰიდროპროექტის“ მიერ 1970-იან წლებში ჩატარდა და მისი პირველი პროექტი ანზორ ჭითანავამ 1972 წელს მოამზადა. საქართველოში მთავრობების ცვლასთან ერთად ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი პერიოდულად აქტიურდებოდა. 2007 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ Continental Energy LTD-სთან მემორანდუმი გააფორმა. კომპანიას პროექტი ლიცენზიის მიღებიდან სამ წელიწადში უნდა დაესრულებინა. 2010 წლის 14 მაისის შეთანხმებით კი Continental Energy LTD-ის უფლებამონაცვლე სხვა ინდური კომპანია Transelectrica Limited გახდა. 2011 წლის 28 აპრილს ახალი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, TransElectrica Limited-ს, ენერგოტრანსსა და კომერციულ ოპერატორს შორის. თოთხმეტი სვანური სოფელი, რომელიც საპროექტო არეალში მოექცა, ჰესის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც იზიარებს. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხუდონჰესს საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთ ძლიერ ცენტრად განიხილავენ. დავა დღემდე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა გადასახლებაზე უარს აცხადებს. ინვესტორი პროექტში მილიარდ ორასი მილიონი ლარის დაბანდებას აპირებს, პროექტის დახვეწას განაგრძობს და მშენებლობის ნებართვის მისაღებად ემზადება.
სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის შეთანხმება შვიდი წლის მანძილზე ექვსჯერ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის ბევრი პუნქტი დღესაც მწვავე კამათის საგანია. პირველად ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და „კონტინენტალ ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმის 7.2 მუხლის თანახმად კომპანიას პროექტის განსახორციელებლად საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას ჯერ არ მიუღია, საკუთრებაში მას უკვე გადაეცა 1500 ჰა ტერიტორია. ამ ფართობიდან მხოლოდ 528 ჰა-ზე განთავსდება წყალსაცავი, ნაწილი დაეთმობა მუშათა ბანაკებსა და დამხმარე შენობებს (300 ჰა-მდე). გაუგებარია რა მიზნით გადაეცა კომპანიას დამატებით დაახლოებით 600 ჰა მიწა, თუკი ეს ჰესის მშენებლობას უშუალოდ არ უკავშირდება. მემორანდუმის მიხედვით, თუკი ინვესტორი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნდება. მაგრამ მემორანდუმში არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რა ბედი ეწევა ამ მიწებს ჰესის საექსპლუატაციო პერიოდის დასრულების შემდეგ. საკამათოა მემორანდუმის ის ნაწილიც, სადაც სახელმწიფო ინვესტორი კომპანიის წინაშე ფაქტობრივად ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას იღებს. ხუდონჰესის წარმოებული ენერგიიდან მხოლოდ 133 მლნ კ.ვტ./სთ, დაახლოებით 8.86% მიეწოდება საქართველოს. თუკი ქვეყნის ენერგოსისტემა არ შეიძენს სრულად 133 მლნ კ.ვტ./სთ. ენერგიას, კომპანია ამ ენერგიას ალტერნატიულ მომხმარებელს მიჰყიდის. მაგრამ თუკი გაყიდული ენერგიის ფასი 5.84 ცენტზე დაბალი იქნება, საქართველო ვალდებულია დაფაროს სხვაობა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხუდონჰესის მშენებლობის პერიოდში განადგურდება არაერთი სახეობის იშვიათი, ენდემური მცენარე და მოიშლება საფრთხის წინაშე მყოფი რამდენიმე სახეობის ცხოველის საბინადრო გარემო. გზშ-ის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პროექტის გარემოზე ზეგავლენის გასაზომად, კვლევები მომავალშიც განხორციელდება, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას ყველა აუცილებელი კვლევა უკვე ჩატარებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში დოკუმენტი არ ითვლება სრულფასოვნად. ორჯერ შეიცვალა მშენებლობის დაწყების ვადა. ინვესტორ კომპანიას მშენებლობის უფლება მოპოვებული დღესაც არ აქვს (თავდაპირველად უფლება 2012 წლის 1 სექტემბრამდე, შემდეგ კი, 2014 წლის 1 მარტამდე უნდა მოეპოვებინა). ბოლო მემორანდუმის მიხედვით მშენებლობა 6 წელში უნდა დასრულდეს. ენერგეტიკის სამინისტროს გათვლებით, ხუდონჰესიდან ენერგია ქვეყანას 2020 წლიდან მიეწოდება. პროექტის მშენებლობის დაგვიანება ამ გათვლებსაც ეჭვქვეშ აყენებს.
1 TV - რეალური სივრცე
R2 - P.S.
GIPA DocU "მასწავლებელი ხაიშიდან"
Liberali - გადასახლება სვანეთიდან
კახი კალაძე ხუდონის შესახებ
R2 - "არჩევანი"
zonanews - ივანიშვილი ხუდონჰესზე

მადლობა ინფორმაციის მოწოდებისათვის:

გია არაბიძს - ენერგეტიკოსი

მირონ ფირცხელანს - ენერგეტიკოსი

ნინო ჩხობაძეს - ეკოლოგი

კონსტანტინე ნაცვლიშვილს - კულტუროლოგი

დავით მირცხულავას - ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას ტექნიკური დირექტორი

ირაკლი ხმალაძეს - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ლევან კალანდაძეს -ეკონომისტი

დავით ადეიშვილს - ეკონომისტი

წყაროები:

ინვესტორსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმები გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი
თამარ კაპანაძე & შოთა იორამაშვილი
ნინო ლომაძე & ელენე ასათიანი
ნინო ბაქრაძე
იდეა მარტივად გაჩნდა, “ხუდონი 2014”-ის დასრულება კი გაცილებით რთული აღმოჩნდა. ჯიპას სტუდენტური მედიის, Newscafe-ს ყოველკვირეულ შეხვედრაზე ხუდონჰესის პროექტის შესახებ სტატიის დაწერა გადავწყვიტეთ. მალე მივხვდით, რომ ამ თემის ტექსტში მოქცევა შეუძლებელი იყო და გამოხატვის სხვადასხვა ფორმის ძიება დავიწყეთ. ასე გაჩნდა “ხუდონი 2014“ მუდმივად განახლებადი ვებ-გვერდის პირველი ვერსია. ვიდრე ხუდონჰესის აშენება-არაშენების საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, “ხუდონი 2014” მოვლენებს კვალდაკვალ მიჰყვება. ეს ვებ- გვერდი ჰესის პროექტის შესახებ ყველა სიახლეს გაგაცნობთ. სტუდენტური მედია განსაკუთრებულ მადლობას უხდის: ლევან ასაბაშვილს რუკების მოწოდებისთვის, დათო ჭიპაშვილს კონსულტაციისთვის, შოერდ ალდერსს და ეკა მაღალდაძეს ფოტომასალისათვის, ჟურნალისტიკის ევროპულ ცენტრს (EJC) მხარდაჭერისთვის