1 ჩვენს შესახებ

Homicide Watch -Georgia კოლაბორაციული პროექტია, რომლის მიზანიცაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია სიკვდილის გამომწვევი დანაშაულის, მათ შორის, ფემიციდის შესახებ. ამ მიზნის მიღწევას ჩვენ ჟურნალისტებთან მუშაობით ვცდილობთ - მათ ვაძლევთ უნარებს, კრიმინალის ტენდენციები და თავისებურებები უკეთ გააშუქონ.

Homicide Georgia-ს გეგმაში აქვს, შექმნას სიკვდილის გამომწვევ დანაშაულებათა პარალელური მონაცემთა ბაზა, რომელიც ზედმიწევნით გამჭვირვალე, პოლიტიზებისგან დაცული მეთოდებით იქნება შედგენილი. უფრო პირიქით, ეს ბაზა ნდობას გაამყარებს, ჟურნალისტებს კი ოფიციალურ სტატისტიკასა და მონაცემებთან უკეთ გამკლავებისთვის საჭირო უნარებს მისცემს. სხვა სიტყვებით, ამ პროექტის შედეგად, გაიზრდება ქართველი ჟურნალისტების ეფექტურობა მონაცემებზე მუშაობისას. ისინი გაცილებით უფრო იოლად შეძლებენ ახალ თემებს მონაცემთა დამუშავების საშუალებით მიაგნონ.

პროექტის შედეგად ასევე შეიქმნება სტატიების მთელი კორპუსი, რომელშიც აღწერილი იქნება კრიმინალის ტენდენციები და მათი კვალი საზოგადოებაზე. ასევე შეიქმნება სტატიები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანარიშვალდებულს გახდის, აკურატული, განახლებული და ხელმისაწვდომი მონაცემები გაავრცელოს.

პროექტის მნიშვნელობა

საქართველოს მოქალაქეები დანამდვილებით ვერაფრით ამბობენ, რომ ოჯახური მკვლელობების რაოდენობის ამსახველი მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, რადგან არც შინაგან საქმეთა და არც იუსტიციის სამინისტროებმა არ უპასუხეს წერილს, რომლის ავტორებიც დეტალიზებული კრიმინალური მონაცემებს ითხოვდნენ. არადა, სწორედ ამ ტიპის ინფორმაცია შეგვიქმნიდა ნათელ წარმოდგენას მკვლელობათა ტენდენციის შესახებ. ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში დაფიქსირებული გაუმჭვირვალობა, ასევე დახარისხებული მონაცემების არ არსებობა, თემების იშვიათად გაშუქება, ზოგჯერ კი პირიქით, ჭარბად გაშუქება და სენსაციური რეპორტაჟები თესავს შიშსა და შეშფოთებას საზოგადოებაში, სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ კი უნდობლობას თესავს.

ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლას, ჯამპსტარტს, ორგანიზებული კრიმინალისა და გაშუქების პროექტს, ასევე მედიაორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით იქმნება პროექტი, რომელიც ოფიციალური მონაცემების არ არსებობის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ამის მიღწევა ოჯახური მკვლელობების ინციდენტების გასაშუქებელი ინსტრუმენტის შექმნითაა შესაძლებელი. ეს ინსტრუმენტი ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას, მკვლელობის თითოეული შემთხვევა გააშუქონ და ფაქტებიც გადაამოწმონ აბსოლუტურად გამჭვირვალე მეთოდების გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი ჟურნალისტებს, სამოქალაქო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ რიგით მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ოჯახური მკვლელობების შემთხვევები გამოიკვლიონ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების მიხედვით, როგორებიცაა: დანაშაულის გადანაწილება გეოგრაფიული პუნქტების მიხედვით, დანაშაულებათა კატეგორიები და დროის ფაქტორი. ამ ინსტრუმენტის დახვეწაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისევე, როგორც შესძლებელი იქნება ამ მონაცემების ჩამოტვირთვა და საკუთარ საჭიროებებზე, მიზნებზე მორგებით განსხვავებული აქცენტების მქონე ანალიზის ჩატარება. ეს პროექტი ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს, კრიმინალის თავისებურებები საქართველოში ახლებურად გააშუქონ, ისე, როგორც დღეს თითქმის შეუძლებელია და საზოგადოებას სანდო ინფორმაცია მიაწოდონ ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

Homicide Watch Georgia-ს აქვს ამბიცია, იქცეს საზოგადოების აქტიურობაზე დაფუძნებულ ჟურნლისტურ პროექტად, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება საქართველოში მომხდარი ყოველი მკვლელობა. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანების ცხოვრება და სიკვდილი საქართველოში, ასევე ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ამ შეთხვევებს, ყოველ მოქალაქეს ეხება. გვსურს, ვიცოდეთ, როგორ დაღს ასვამს მსგავსი კრიმინალი ოჯახებზე, მსხვერპლთა შვილებზე, მთელ საზოგადოებაზე. გვსურს, დავაფიქსიროთ, თითოეული ოჯახის დანაკარგი, განურჩევლად სქესისა და საცხოვრებელი ადგილისა. ჩვენ ბოლომდე მივყვებით თითოეულ სასამართლო საქმეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადებამ საჭირო ინფორმაცია მიიღოს მომხდარის შესახებ.

გამოყენებული მეთოდიკა

ჟურნალისტები ამ პროექტზე მუშაობისას გამოიყენებენ მოვლენების გაშუქების ორიგინალურ მეთოდიკას, დოკუმენტაციის თავდაპირველ წყაროს და სოციალურ ქსელებს იმისათვის, რომ სრულყოფილი საჯარო რესურსი შექმნან ძალადობრივი კრიმინალის შესახებ.

პროექტის ისტორია და პრეზენტაცია

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“, თბილისში, 2015 წლის 9 მაისს გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მონაცემთა ბაზა, რომლის ტექნიკური განხორციელებაც Jumpstart Georgia-მ უზრუნველყო. ასევე წარმოდგენილი იყო დამხმარე მონაცემები და ფემიციდის ამსახველი ისტორიები, რომლებიც GIPA-ს სტუდენტებმა მოიძიეს და გააშუქეს ერთი სემესტრის განმავლობაში გადანაწილებული Advance Reporting and Writing კურსის დროს. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას და ორგანიზაციას ჰომიციდის შემთხვევების მოსაძიებლად და დასაფიქსირებლად, საბოლოო ჯამში კი, სრულფასოვანი საჯარო რესურსის შესაქმნელად, რომელიც სრულად მოიცავს მთელ საქართველოს და გამიზნულია იმ ადამიანებზე, რომელთაც მსგავსი რესურსი ყველაზე მეტად სჭირდებათ: მსხვერპლთა ოჯახებზე, ეჭვმიტანილთა ოჯახებზე, ძალადობრივი კრიმინალით დაზარალებულ ყველა დანარჩენ ადამიანზე და, საერთოდ, საზოგადოებაზე, როგორც ერთ მთლიანზე.

ფემიციდის სიხშირე

იდეალურ სამყაროში, ფემიციდის ძირეულ განმარტებაზე თითოეული ქვეყანა შეთანხმდებოდა და საჭირო ინფორმაციასაც სისტემატიზებულად, ამომწურავად შეაგროვებდა. თუმცა, ეს ასე არ ხდება, რის გამოც პრობლემის აღქმა და გააზრება რთულია და არც ნივთმტკიცებებზე დაფუძნებული წესები და სტრატეგიები იწერება. საქართველოში შეგროვებული და გაშუქებული მონაცემები არაა საკმარისი ძირეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად: შეუძლებელია მსხვერპლთა ნიშან-თვისებების, მოძალადეთა დამახასიათებელი შტრიხების, ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობის, ჰომიციდისა და ფემიციდის ფორმების განსაზღვრა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეგროვებული მონაცემები ეწინააღმდეგება აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ალტერნატიულ მონაცემებს, რაც სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია, განზრახ ჩადენილი ჰომიციდის განსაზღვრებათა გაგების ჰარმონიზება - ანუ ვგულისხმობთ იმ დანაშაულებრივ პრაქტიკის, რომელიც სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება. გარდა ამისა, ეფექტური სტრატეგიებისა და ევროპისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად აუცილებელია ჰომიციდის მაჩვენებლების სწორი კალკულაცია, ჰარმონიზება და სტანდარტიზირება (სიკვდილი ყოველ 100 ათასზე). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მოკლულია 84 ადამიანი, მათგან 26 ქალია. მოსახლეობის საერთო აღწერის პირველადი მონაცემებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოში, მოსახლეობის რაოდენობაა 3 მილიონ 729.635. კალკულაციის შედეგად ირკვევა, რომ ჰომიციდის მაჩვენებელი ყოველ ასი ათას ადამიანზე 2.1 იქნება, რაც საქართველოს დაბალი ჰომიციდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიგში აყენებს. რაც შეეხება ფემიციდის მაჩვენებელს, ის ასე გამოიყურება - 0.7. თუკი ფემიციდის სიხშირის კალკულაციას ყოველ 100 ათას ქალზე გავაკეთებთ, რიცხვი 1.3-მდე გაიზრდება (მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 1 მილიონ 951 ათასი ქალი ცხოვრობს), რაც საქართველოს ისვე დაბალი ფემიციდის მქონე ქვეყნებს შორის აყენებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში მომხდარი 79 მკვლელობის შემთხვევაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლების თანახმად), 77 მოძალადე მამაკაცი იყო. მოკლეს 26 ქალი, რაც ჩადენილი მკვლელობების 1/3-ს უდრის. მკვლელობების უმრავლესობა პარტნიორებს შორის ინტიმურ ურთიერთობას უკავშირდებოდა, რვა ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა, სამი მათგანი კი - საკუთარმა ვაჟებმა.

2013 წელს 104 მკვლელობის შემთხვევაში, 96 მოძალადე მამაკაცი იყო, მოკლული იყო 25 ქალი, მათგან 9 ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა. 7 ქალი კი განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში იყო მოკლული.

2012 წელს 89 მკვლელობის შემთხვევაში მოძალადე 77 მამაკაცმა 20 ქალი მოკლა. 10 ქალის მკვლელი მათი ქმრები იყვნენ.

ზემოთ აღწერილი გათვლები მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლების მონაცემებზე დაყრდნობით შედგა, რაც არ შეიცავს მაგალითად, თვითმკვლელობამდე მიყვანის, განზრახ მძიმე დაზიანების შედეგად დამდგარი სიკვდილის შემთხვევებს. ხსენებული გარემოებები გახდა იმის მიზეზი, რომ 2014 წელს GIPA-ში სპეციალური კლასი შექმნილიყო. ამ კლასის ფარგლებში ფემიციდის შემთხვევების და ზოგადად მთელი ფენომენის ძირფესვიანი შესწავლა მიმდინარეობს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სპეციალური რეპორტაჟები (ინტიმურ პარტნიორებს შორის მომხდარი ფემიციდის, ღირსების სახელით ჩადენილი მკვლელობების და ფოეტიციდის შესახებ) და პროექტ „ Homicide Watch-აქართველოს“ დაწყება, საქართველოს მოქალაქეებს მკვლელობის ფენომენის უკეთ გაგებაში დაეხმარება. კიდევ უამრავი ამ ტიპის შემთხვევაა მოსაძებნი, გასაშუქებელი და გასააზრებელი.

ინტიმური ფემიციდი

ფემიციდს, რომელსაც მოქმედი ანდა ყოფილი ქმარი ან შეყვარებული სჩადის, ინტიმურ ფემიციდს, ანდა ინტიმურ პარტნიორთა ფემიციდს უწოდებენ. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლის ჯერ კიდევ მიმდინარე კვლევის ადრეული შედეგების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ჩადენილი ქალთა მკვლელობების 35 პროცენტზე მეტი ინტიმურ პარტნიორებზე მოდის . შედარებისათვის, იმავე კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მამაკაცთა მკვლელობების მხოლოდ 5 პროცენტია მათი ინტიმური პარტნიორების კისერზე. ქალებისა და მამაკაცების ჰომიციდის სრულ შემთხვევებში დაახლოებით 15 პროცენტია ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი.

სიკვდილი ღირსების სახელით

ღირსების აღდგენასთან დაკავშირებული მკვლელობების ობიექტები ძირითადად გოგონები და ქალები ხდებიან. მათზე შურისძიებას ოჯახის ქალი ან მამაკაცი წევრები ახორციელებენ რეალური, ანდა ნავარაუდევი სექსუალური ანდა ქცევითი გადაცდენის გამო, მათ შორისაა მეუღლის ღალატი, სქესორივი კავშირი ანდა დაფეხმძიმება ქორწინების გარეშე, ასევე გაუპატიურებაც კი. ხშირად დამნაშავეები ამ ტიპის ფემიციდს მიიჩნევენ ოჯახის რეპუტაციის დაცვად, ტრადიციების მორჩილებად, ანდა არასწორად გაგებული რელიგიური წესების გათვალისწინებად. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 5 ათასი მკვლელობა ხდება ღირსების სახელით, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს არასრული რიცხვია. ქალების მოკვლა „ოჯახის პატივის გადასარჩენად“ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული რეზულტატია და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმას, რომ კულტურა უშვებს, კულტურა ეგუება ქალებისა და გოგონების დისკრიმინაციას.

არაინტიმური ფემიციდი

ფემიციდი, რომელსაც ჩაიდენს მოკლულთან არაინტიმურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი, არაინტიმურ ფემიციდს უწოდებენ, ხოლო ფემიციდს, რომელიც სექსუალურ აგრესიას შეიცავს ზოგჯერ სექსუალურ ფემიციდად მოიხსენიებენ. ასეთი მკვლელობები შეიძლება არც თუ სისტემატურად ხდებოდეს, მაგრამ ქალთა სისტემატური მოკვლის მაინც შემაშფოთებელ მაგალითებად რჩება, განსაკუთრებით კი ლათინურ ამერიკაში.

ფემიციდი მედიაში

თიკო ცომაია

ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 70 ათასამდე ქალსა და გოგონას კლავენ. ხოლო მილიონობით გოგონას დაბადების საშუალებას არ აძლევენ. აღიარებულია, რომ ფემიციდის ხარისხი არ შეესაბამება მის გამოხატვას: არსებობს ათასობით მოკლული, მაგრამ ძალიან ცოტა საუბრობს პრობლემაზე ხმამაღლა.

ფემიციდის დეფინიციის პირველი მცდელობა დიანა რასელს ეკუთვნის, სწორედ მისმა განსაზღვრებამ დაუდო საფუძველი ფემიციდის შემდგომ კვლევასაც. რასელის განმარტებით, ფემიციდი კაცების მიერ ქალების მოკვლაა მათი სქესის გამო. კაცების მიერ ქალთა მკვლელობები ხდება ზიზღის, დამცირების, სიამოვნების მიღების ან ქალის ფლობის/დაქვემდებარების მიზნით( დიანა რასელი და ჯეინ კაპუტი,1990 )

უფრო შემდგომ, ვენის დეკლარაციაში აღნიშნეს, რომ ფემიციდი არის ქალთა და გოგონათა მკვლელობა მათი სქესის გამო; (ვენის დეკლარაცია, 2012).

ფემიციდის სხვადასხვა ფორმებს გამოყოფენ: (ინტიმური პარტნიორის მიერ ქალის მოკვლა; წამება, ღირსების სახელით ქალისა და გოგონას მოკვლა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალებისა და გოგონების მიზანმიმართული კვლა; მზითვის გამო ქალის მკვლელობა; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ქალის მკვლელობა;მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი ქალების მკვლელობა;ინფანტიციდი(ახალშობილის მოკვლა) და სქესთან დაკავშირებული სელექციური აბორტები(გოგონა ნაყოფის მოკვლა);გენიტალურ მუტილაციასთან დაკავშირებული მკვლელობა;კუდიანობაში დადანაშაულების გამო მკვლელობა ;სხვა სახის ფემიციდი, რომელიც უკავშირდება იარაღის ტარებას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკების გასაღებას , ორგანიზებულ კრიმინალს;)( ვენის დეკლარაცია, 2012)

ფემიციდის ჩამოთვლილი ფორმები საქართველოშიც ვლინდება( ინტიმური პარტნიორის მიერ ქალის მოკვლა, ღირსების სახელით ქალის მოკვლა, გოგონა ნაყოფის მოკვლა/ სელექციური აბორტები.

ფემიციდი საქართველოში თვალხილული 2014 წელს გახდა, რაც 11 თვის განმავლობაში 27 ქალის მკვლელობის ფაქტების მედიის მიერ გაშუქებას უკავშირდება. მედიის მიერ მკვლელობების სერიის გაშუქებამ საზოგადებაში მითქმა- მოთქმა და ფართო რეზონანსი გამოიწვია. მედით გავრცელებული სიუჟეტების სათაურები ასე ჟღერდა: “ დარჩეთში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა”, “სოფელ დვაბზუში ქმარმა ცოლი მოკლა”,მარნეულში 17 წლის გოგო 51 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, ყელი გამოჭრა, დაწვა და საკუთარ ეზოში დამარხა”,” ტრაგედია ქობულეთში-ქმარმა ორსული ცოლი მოკლა და სოცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა”..

მიუხედავად იმისა, რომ მედია თანმიმდევრულად აშუქებდა ქალთა მკვლელობების ფაქტებს, მათ მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენდა და პრობლემას მედიის მხრიდან მიკერძოებულ ჩასაფრებულ დამოკიდებულებაში ხედავდა. მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან( შსს მინისტრი, შსს მინისტრის მოადგილე, პრემიერ მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, განათლების მინისტრი) თავდაპირველად გაკეთებული კომენტარების მიხედვით, გახშირებული მკვლელობები წინა წლებთან შედარებით მედიის მიერ უფრო ხშირ გაშუქებას ბრალდებოდა.

თუმცა, როგორც ცნობილი ფსიქიატრი ფრენკ ოკბერგი ამბობს, მედია ძალადობისა და მკვლელობის გაშუქებისას ვერ იქნება პასუხისმგებელი სიხშირეზე, არამედ, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ხარისხიან და სიღრმისეულ გაშუქებაზე.

სიტუცია რადიკალურად შეიცვალა 2014 წლის 17 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ეს მკვლელობა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების თვალწინ მოხდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პირმა მისი ყოფილი ცოლი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა.

მთავრობის მიერ ბოლოს 2014 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით ოქტომბრის თვეში დაფიქსირებულია 18% მდე კრიმინალის შემცირება და დანაშაულის გახსნის 68,11 % მაჩვენებელი ( ინტერპრესნიუსი) მსგავს მონაცემებს ავრცელებს შსს ოქტომბერ-იანვრის პერიოდთან მიმართებაშიც, თუმცა, სპეკულაციები კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით დღემდე გრძელდება.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2014 წლის 29 ივლისს, გახშირებული მკვლელობების გაშუქების ფონზე, როცა შსს მივმართე ოფიციალური თხოვნით მოეწოდებინა ჰომიციდის/ფემიციდის ფაქტების შესახებ ინფორმაცია, პასუხად მივიღე, რომ 2012-2013-2014 წლებში ფიქსირდებოდა შესაბამისად მხოლოდ 2, 2, 3 ინტიმური პარტნიორის მკვლელობა, რაც საეჭვო იყო მაშინაც და განსაკუთრებით ახლა 27 ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ. 2014 წლის 21 ნოემბერს ხელახლა გამოვითხოვე ინფორმაცია ჰომიციდის შესახებ, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია.

დეტალური მონაცემების არარსებობის გამო შეუძლებელია ზუსტი ანალიზის გაკეთება, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემდა მეტად გარკვეულიყო საკითხში, ასეთი ანალიზი მკვლელობების პრევენციისა და სწორი პოლიტიკის დაგეგმვისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი.

ჩემი ანალიზი ეფუძნება 1 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში ფემიციდის მედიით გაშუქების შემთხვევათა მონიტორინგს. ამ პერიოდში მედია დიდ ყურადღებას უთმობს ქალთა მკვლელობების თემას. რუსთავი 2- მა საკითხს 78 რეპორტაჟი მიუძღვნა, პირველმა არხმა -80, მაესტრომ 85, ერთსულოვნებამ 18, 34 სტატია იყო გამოქვეყნებული კვირის პალიტრასა და ალიაში.

ანალიზისათვის მედიის მიერ გაშუქებული ქალთა მკვლელობები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დავაჯგუფე: მკვლელობის დრო, ადგილი, ტიპი, გამოყენებული იარაღი, მკვლელობის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვების რაოდენობა.

მონაცემების მიხედვით, 3 შემთხვევა 17 წლამდე ასაკის გოგონას შეეხო, 11 შემთხვევა 17 დან 35 წლამდე, 9 შემთხვევა 40 დან 75 წლამდე.

ყველაზე მეტი მკვლელობები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოხდა(მარტი-5; აპრილი-4, მაისი 3; სექტემბერი 3, ოქტომბერი- 5);

მკვლელობის იარაღად 5 შემთხვევაში გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის სანადირო თოფი) 12 შემთხვევაში ცივი იარაღი-დანა, ცული, ნაჯახი. სამ შემთხვევაში მკვლელმა თავი მოიკლა.

10 მკვლელობა თბილისში მოხდა, დანარჩენი მკვლელობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და ქალაქებში: ოზურგეთი, კახეთი, ხონი, გორი, ბათუმი, რუსთავი) 20 ბავშვი დაობლდა;

ყველაზე მეტი მკვლელობები ინტიმური პარტნიორების მიერ იყო განხორციელებული. გამოიკვეთა ე.წ. ღირსების გამო ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ცემის შემთხვევები. (მაგალითად, საგარეჯოს რაიონში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 17 სექტემბერს მოიკლა. თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, -„უნამუსოაო“. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.”(კახეთის საინფორმაციო ცენტრი);

სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლიმონა ალაზოვა ქმრის ნათესავებმა ცემეს და ორჯერ ესროლეს. როგორც ალაზოვა აცხადებს, ბიძაშვილებმა მის სახლთან უცნობი მამაკაცის მანქანა შენიშნეს და ჩათვალეს რომ ის გარდაცვლილ მეუღლეს ღალატობდა. ქალის თქმით, ბიძაშვილები თავის მოკვლას აიძულებდნენ და სოფელში დაბრუნების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. (რუსთავი 2)

ეს ფაქტები მედიის მიერ სიღრმისეულად არ გაშუქებულა: არ დასმულა აქცენტი რა ხდება მაშინ, როცა არსებული წეს-ჩვეულება, რომელიც სოციუმში აღიარებულია, მაგრამ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის? როგორ განვითარებას ჰპოვებს ასეთი კონფლიქტი? საზოგადოებამ ვერ შეიტყო როგორ წარიმართა შემდგომი გამოძიება, დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები. ამ სუბკულტურაში არსებული ნორმების და შაბლონური ქცევის შესახებ, არც ექსპერტთა აზრი მოგვისმენია.

აღსანიშნავი იყო, რომ მკვლელობის ფაქტების გაშუქებისას ჟურნალისტები წყაროებად იყენებენ მეზობლებს, და მესამე პირებს, რომლებიც ხშირად მიუთითებენ, რომ თავად არ შესწრებიან ფაქტს, მაგრამ გადმოცემით იციან. ხშირად შეხვდებით ფრაზებს, “ასე ამბობენ”, “ასე მითხრეს”. მეზობლებზე დაყრდნობითვე ავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძალადეები უმრავლეს შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყნვნენ, თუმცა მონიტორინგის პერიოდში ალკოჰოლის თემაზე სიღმისეული გამოკვლევას ვერცერთ მედიაში ვერ ვხვდებით. გამონაკლისი იყო მაესტროს ეთერში გასეული ერთი ინტერვიუ.

მოცემული ანალიზის საფუძველზე ძნელია დასკვნის გამოტანა, თუ რა გაკვეთილი გამოიტანა საზოგადოებამ მედიის გაშუქების წყალობით, რამდენად გაიზარდა მოქალაქეების ინფორმირებულობა საკითხის მიმართ, თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლოს და ბოლოს, ილიას უნივერსიტეტის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან საკითხის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე სახელმწიფომ აღიარა, რომ ოჯახური ძალადობა და ფემიციდი პრობლემაა. მის დასაძლევად შეიქმნა სახელმწიფო უწყებათაშორისი საბჭო. 21 ნოემბერს ოჯახური ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა 2015 წელი ქალის წლად გამოცხადების ინიციატივა.

გააქტიურდა ქალთა მოძრაობა: აქტივისტებმა საპროტესტო აქციები კანცელარიის წინ გამართეს. 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობის სახელით გაიმართა საპროტესტო მსვლელობა და აქციები საქართველოს 20 ქალაქში.


„მამა, ჩემი შვილების გულისთვის მზად ვარ, მოვკვდე“

ულკარ ნათიქიზი

2016 წლის 30 ოქტომბერს, სოფელ ქაბალაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან ოთხსაათიან სამანქანო გზაზე მდებარეობს, საბინა ვერდიიევა საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში საბინას მეუღლე, ხაიალ ვერდიიევი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. საბინას მეზობლებისა და ნათესავების მტკიცებით, მოკლულ ქალს თავის უბანში, ქაბალას ამ პატარა ქურთულ დასახლებაში, ყველა იცნობდა, როგორც სერიოზულ, ჩუმ და მშვიდ ადამიანს. „19 წლის იყო საბინა, როცა გადაწყვიტა, რომ დაოჯახების დრო დადგა, – ამბობს საბინას დედა სევდა ჯაბაროვა, – სოფელში ასეა, 18 წელს რომ ქალი გადააბიჯებს, უნდა გათხოვდეს. თუმცა, ჩემს ქალიშვილს სიყვარული არ აინტერესებდა. საბინა სულ იმეორებდა, რომ ისეთი ქმარი სურდა, რომელიც მასზე და მის მომავალ შვილებზე იზრუნებდა“. ჯაბაროვას თქმით, ისინი ენათესავებიან ოჯახს, რომლებიც იმ პერიოდში ესტუმრნენ და ვაჟისთვის საბინას ხელი სთხოვეს დედ–მამას. დედა იმასაც დასძენს, რომ ამ ოჯახს იცნობდნენ, მაგრამ არც იმდენად კარგად. ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთ დღესაც, საბინა დედასთან მივიდა და გაუმხილა, რომ ქმარი მას ცოლ–ქმრობის პირველივე დღეებიდან სცემდა. საბინას მამის, მაზაჰირ ჯაბაროვის თქმით, მის ქალიშვილს ცალკე სახლში გადასვლა სურდა. მისი თქმით, საბინა სულ უმეორებდა მამას, რომ თავის ქმართან ბედნიერად იცხოვრებდა, რომ არა საკუთარი დედა და მამა, რომლებიც ყველაფერში ერეოდნენ. „არადა, ჩვენს ქალიშვილს ხშირად ვერ ვხედავდით. თუმცა, როცა ვხვდებოდით, საბინა ბევრს არაფერს გვეუბნებოდა. მერე კი, როცა საბინამ გოგონა გააჩინა, ოჯახში ძალიან ცუდად დაუწყეს მოპყრობა – ათვალწუნების მიზეზი ის იყო, რომ ბიჭი არ ეყოლა. ვფიქრობ, რომ ჩემს გოგონას ადამიანივით საერთოდ არ ექცეოდნენ“. მოგვიანებით საბინამ მეორე ბავშვიც გააჩინა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი ინფექციის გამო კინაღამ გარდაიცვალა. პრობლემები სახლში კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ჯაბაროვის თქმით, ქმრის ოჯახში საბინას სცემდნენ და სახლში ცხოვრებასაც კი უკრძალავდნენ, ამიტომ საბინა იძულებული იყო ძროხებისა და ცხვრების სადგომში გაეთია ღამეები. მამის თქმით, საბინას ავადმყოფობაც უფრო გამწვავდა. ქალს მაღალი, 40 გრადუსამდე სიცხეები აწუხებდა. „ექიმებთან წაიყვანეს, მაგრამ უკეთესობა არ ემჩნეოდა, გადავწყვიტე, ჩავრეულიყავი. გავბრაზდი და ჩემი გოგო სხვა ექიმთან წავიყვანე. ფული სულ არ მქონდა, ამიტომ ბანკიდან 1000 მანეთი (დაახლოებით 595 აშშ დოლარი) ვისესხე. „სამი თვის განმავლობაში მე ვუვლიდი საბინას. მთელი ეს დრო ბავშვების ნახვის უფლება არ ჰქონდა, ქმრის ოჯახი ამის უფლებას არ აძლევდა. საბინა ამას საშინლად განიცდიდა. სულ იმეორებდა, რომ შვილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ერთხელაც ვუთხარი: შვილო, არც გაკითხავენ და არც გაბრუნებენ უკან, არც ბავშვების ნახვის უფლებას გაძლევენ. შენი ბედი საერთოდ არ აღელვებთ, რატომ გინდა, მაინც უკან დაბრუნდე? საბინამ პირდაპირ მიპასუხა: ბავშვების ნახვა მინდა, მამა. ვიცი, ეგ ყველაფერი, მაგრამ თუ მოვკვდები, ჩემი შვილების გულისთვის მოვკვდები კიდეც. ერთ დღეს, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, საბინა წასული დამხვდა“. „იანვრის ერთ ღამეს, გარედან გაურკვეველი ხმები შემომესმა, – იხსენებს საბინას მამა, – გავედი გარეთ და დავინახე, რომ ჩემი სახლის წინ ბაღში გოგონა იწვა. მისკენ დავინახე, სახეს დავაკვირდი და უცებ ვიცანი, რომ ჩემი საბინა იყო. სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, ცხვირი გატეხილი. ექიმები გამოვიძახეთ და მოვიდნენ. მათ პოლიცია გამოიძახეს და როცა პოლიციამ ჰკითხა საბინას, თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, საბინამ უპასუხა: „დავეცი“. ამ ამბიდან ათი თვის თავზე, საბინა მოკლეს.

როგორც საბინას დეიდა, მეთანეთ მურადოვა იხსენებს, 30 ოქტომბრის საღამოს, მეზობლებმა უთხრეს, რომ საბინა დილის შვიდ საათზე მოკლეს, თუმცა, მშობლებმა ამის შესახებ მხოლოდ 11 საათზე გაიგეს. „უამრავი პოლიციელი შეიკრიბა საავადმყოფოს წინ, – ამბობს მურადოვა, – ჩემმა ქმარმა ხაიალის ძმა და ბიძაშვილიც დაინახა საავადმყოფოს ეზოში, დაუყვირა მათ, მაგრამ ხაიალის ნათესავები გაექცნენ, გაერიდნენ“. ჯაბაროვი თავისი ქალიშვილის მკვლელობის დღეს ასე აღწერს:

„მინდორში ვიყავი, ცხვრებს ვყარაულობდი, უცებ ჩემი ერთი ნათესავი მოვიდა და მითხრა, რომ დაუყოვნებლივ სახლში უნდა წავსულიყავი. სასწრაფოდ წავედი კიდეც, მაგრამ გზაში ვამჩნევდი, რომ ყველა უცნაურად მიყურებდა. მივედი თუ არა, ჩემმა ცოლმა კივილი ატეხა: „მაზაჰირ, საბინა მოკლეს, ჩვენი შვილი ცემით მოკლეს!“ საბინას დეიდამ ექიმებს უთხრა, რომ მშობლების თანხმობა დასჭირდებოდათ გვამის ექსპერტიზაზე. საბინას ბიძამ სარდარ ჯაბაროვმა ექსპერტიზის ოთახში შესვლაც სცადა, სამედიცინო ექსპერტ აიდინ ხასმამადოვთან დასალაპარაკებლად, მაგრამ არ შეუშვეს. აზერბაიჯანული კანონის მიხედვით „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, გვამის გაკვეთას ექიმები გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად და დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის იყენებენ. ეს სტანდარტული საგამოძიებო პროცესია და მის ჩასატარებლად ოჯახის ნებართვა ოფიციალურად საჭირო არ არის. საბინას ბიძა ჩვენთან საუბარში ასეთ კითხვას სვამს: თუ ხაიალს საბინა არ უყვარდა, რატომ არ დააბრუნა მშობლების სახლში, ასე არ ჯობდა მის მოკვლას? საბინას ოჯახის მტკიცებით, ქალი ფეხმძიმედ იყო, როცა მოკლეს. ამის შესახებ მისმა მულებმაც იცოდნენ. ოჯახის გადმოცემით, ორმა სამედიცინო ტესტმაც დაადასტურა საბინას ფეხმძიმობა. დედის გადმოცემით, საბინა სიცოცხლის ბოლო თვეს, თავის ქმართან ერთად მშობლების სახლში ხშირად მიდიოდა. ცხვარს გავყიდი და საბინას აბორტისთვის საჭირო ფულს მივცემო, ეუბნებოდა სიდედრ–სიმამრს სიძე. „ხშირად ჩვენთან არ მოდიოდნენ, მაგრამ ბოლოს როცა მოვიდნენ, ხაიალმა მითხრა, რომ საბინა ფეხმძიმედ იყო, არადა, სამი შვილი უკვე ჰყავდათ და რომ კიდევ ერთი აღარაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც აპირებდა ცხვრის გაყიდვას და საბინასთვის ფულის მიცემას აბორტის გასაკეთებლად“. მიუხედავად ამისა, სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ საბინა ფეხმძიმედ არ იყო.

„როცა ჩემმა ცოლმა ეს გაიგო, კივილი ატეხა: ჩემს შვილს აბორტი გაუკეთეს! ბავშვი წაგლიჯეს! – იხსენებს საბინას მამა, – ეს ყველაფერი აბორტის ფულის გამო მოხდა. საბინას ფული სჭირდებოდა აბორტისთვის, მაგრამ ქმრის ოჯახს ამ ფულის მიცემა არ სურდა. ამიტომ მოკლეს ჩემი გოგონა“. სამედიცინო ექსპერტმა ხასმამადოვმა მოკლულის ოჯახს სიკვდილის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, თუმცა ამ დოკუმენტში „სიკვდილის მიზეზი“ არ განუმარტია. საბინას მამის თქმით, ეს სერტიფიკატიც მის ოჯახს შვილის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ მისცეს. „სიკვდილის ცნობის რეგულაციის შესახებ“ აზერბაიჯანული კანონის 4.9 მუხლის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი, ზუსტი დრო, თარიღი და ლოკაცია. „როცა ჩემი გარდაცვლილი ქალიშვილი ვნახე, მის გარეგნობაში რაღაც ძალიან მეუცნაურა, – იხსენებს საბინას მამა, – შეხედავდი და ვერაფრით იტყოდი, რომ ქმარმა მოკლა. როგორ შეიძლებოდა ასეთი სიმშვიდე ჰქონოდა სახეზე მოკლულ ქალს? მტკიცებულებები საერთოდ არ მაქვს. თქვეს მხოლოდ ის, რომ ხაიალი ემუქრებოდა. არ მჯერა ამის, არ ჰგავს ეს მკვლელობა გაგუდვას. როცა საბინას სხეული დავათვალიერე, ჭრილობები შევნიშნე კისერზეც, ზურგზეც და მთელ ტანზეც. სამედიცინო ექსპერტმა მითხრა, რომ ეს იარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ანალიზისისთვის სისხლის სინჯები აიღო სხეულიდან“. მეჩეთში საბინას დეიდამ განბანა მოკლულის სხეული. მისი თქმით, საბინას ისეთი ჭრილობები ეტყობოდა ზურგზე, თითქოს, ვიღაცამ ნიჩბით სცემა. „ამოვიცანი ის გაჭრილი ადგილები, რაც სამედიცინო ექსპერტმა გააკეთა. გაჭრილები ჰქონდა ზურგზე, მუცელზე, კისერზე. როცა ამოვაბრუნე, საბინასთვის კისერი რომ მომებანა, სისხლი წამოუვიდა, თან იმდენი, რომ ვერ შევუჩერეთ. სამედიცინო ექსპერტმა დოლბანდები დაადო ამ ჭრილობებზე, მაგრამ თუ კისერზეც მანვე გაჭრა, რატომ არ დაადო დოლბანდები იქაც?“. საბინას 6 წლის გოგონას ჰკითხეს, დაინახა თუ არა მან, რაც დედას შეემთხვა. „თვალები დავხუჭე“, – თქვა ბავშვმა. „ჩვენს შვილიშვილებს ვერ ვხედავთ, – ამბობს საბინას მამა, – (მისი ქმრის ოჯახი) გვიმალავს ბავშვებს. არადა, ბავშვები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, ვიცი. თუმცა რაღაც ორგანიზაციების წარმომადგენლები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ არ უნდა ვიდარდო, რადგან ჩემს შვილიშვილებს ისინი ნახულობენ და ბავშვები კარგად არიან. როგორ შეიძლება, რომ კარგად იყვნენ? მამამ დედა მოუკლათ და როგორ? ბავშვები ფსიქოლოგთანაა წასაყვანი“. მსხვერპლის ოჯახი ამბობს, რომ ბავშვების საკითხის შესახებ შეხვდნენ გაბალას სოციო–პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხების კურატორს, ოსმანოვა ატაიას, რომელმაც მათ უთხრა, რომ ბავშვები მეორე ბებია–ბაბუასთან რჩებიან იმ მიზეზით, რომ იმ ოჯახს მეტი შესაძლებლობა და ფინანსები აქვს. საბინას მამის თქმით, მისი შვილის მეუღლე ბაქოში, მასტაგას რაიონში მდებარე რესპუბლიკის #1 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, სამედ რაჰიმოვი, რომელიც ოჯახს ეხმარება, ამბობს, რომ თავდამსხმელს ამ გზით სასჯელისგან განარიდებენ. თუ დაუმტკიცებენ, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში არ იცოდა, რას აკეთებდა, რადგან შეურაცხადი იყო, შესაძლოა, ციხეში არც წავიდეს. „ორი პრობლემა იჩენს თავს, – ამბობს იურისტი, – პირველი, თუ თავდამსხმელმა არ იცოდა, რას აკეთებდა მკვლელობის ჩადენის მომენტში, მაშინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა დარჩეს გამოჯანმრთელებამდე. განკურნების შემდეგ სასამართლო მას სასჯელს არ გამოუტანს. თუმცა, თუ თავდამსხმელი ვერ ხვდება თავის საქციელს ქალის მოკვლის შემდეგ, უნდა წავიდეს ფსიქიატრიულ კლინიკაში და განიკურნოს, მაგრამ განკურნების შემდეგ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის. თუ ამ გზას სასამართლოსგან განრიდებისთვის გამოიყენებენ, ამით ყველას ცუდ მაგალითს მისცემენ. ხალხი იფიქრებს, რომ შეუძლიათ მოკლან ვიღაც, შემდეგ გადაუხადონ ფული ვინმე გავლენიანს და სასჯელი თავიდან აირიდონ. შეიძლება ეს ყოველივე მსხვილ კორუფციულ ინციდენტადაც იქცეს. შეიძლება თავად პროკურორიც მოისყიდონ სასჯელის ასარიდებლად“. თუმცა, რესპუბლიკის #1 ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმა აგაჰესენ რესულოვმა ოფიციალურ პასუხში, რომელიც წერილობით გამოგვიგზავნა, აღნიშნა, რომ ხაიალ ვერდიიევი მათ კლინიკაში პაციენტად გაფორმებული არ არის. ახლა ამ შემთხვევას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს. „ხაიალი მსუბუქი სასჯელით ვერ უნდა გავიდეს ფონს, – ამბობს მსხვერპლის მამა, – თუ ასე მოხდება, საბინას თავს დატრიალებული უბედურება შეიძლება კიდევ ბევრჯერ სხვა ქალებზეც განმეორდეს. სხვა ცოლები, სხვა დედები დახოცონ, სხვა ბავშვები დარჩნენ ობლად“. ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიხედვით, 2016 წელს ოჯახურ ძალადობას 29 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2015 წელს იმავე მიზეზის გამო 32 ქალი დაიღუპა.

Victim's mother: Sevda Jabbarova
Kurd village of Gabala region, where Sabina Verdiyeva lived.
The marriage photo of Sabina and Khayal Verdiyev. They were married in 2010, in 2016 Sabina  was killed
Sabina Verdiyeva grew up in this home until getting marriage.
Victim's father : Mazahir Jabbarov.

ალკოჰოლისა და ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა

თათია შაიშმელაშვილი

35 წლის ნელი სონიძე მეუღლემ მოკლა. დანა მას ყელში მოხვდა და გადარჩენა შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 13 აპრილს, თბილისში, ვარკეთილის რაიონში, ელდარის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, სანდრო ღვინიაშვილმა მეუღლეს დანა ყელში ჩასცა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ სანდრო ღვინიაშვილმა დააკავა 108–ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ქმარმა დანაშაული აღიარა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების თანახმად, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო. 42 წლის ღვინიაშვილისთვის ეს პირველი ნასამართლეობა არ არის, ხულიგნობის ბრალდებით, რაც სხვა მამაკაცებთან ხელჩართულ ჩხუბს უკავშირდებოდა, ის სხვა და სხვა დროს სამჯერ იყო ნასამართლევი. სანდრო და ნელი ხუთი წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ სამი წლის გოგონა ჰყავდათ, თუმცა ნელის ასევე ჰყავდა შვილები წინა ორი ქორრწინებიდან. მისი უფროსი (15 წლის) და უმცროსი შვილები ბებიასთან ცხოვრობენ, შუათანა (7 წლის) კი მეუღლის ოჯახში იზრდება. ორივე ოჯახი კახეთიდანაა. თვითონ წყვილი შვიდი წლის განმავლობაში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, რადგან სახლი არ ჰქონდათ და არა იმიტომ, რომ მართლა დევნილები იყვნენ. ნელი დრო და დრო სუვენირებს ჰყიდდა, სანდრო კი ინჟინერ–ტექნიკოსად მუშაობდა. 64 წლის მეზობლის, ციცო ღონღაძის გადმოცემით, ცოლ–ქმარი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ნელის სმა უყვარდა: „ამ მიზეზით ქმარი ხშირად ეჩხუბებოდა მას. ქალი ხშირად სვამდა და კაცი ამას ვერ პატიობდა. რაც შეეხება სანდროს, მშრომელი ბიჭი იყო, ნელის დედა ახლა კი ამტკიცებს, სანდრო არ მუშაობდაო, მაგრამ ეგ ტყუილია. საშინელებაა, როცა ცოლს სმა უყვარს. მკვლელობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ცოლი სანდროს ნამდვილად არ უვარგოდა“. მკვლელობა შუათანა შვილის თვალწინ მოხდა. 76 წლის მეზობელი, ვენერა მილაძე ამბობს, რომ იყვნენ სხვა თვითმხილველებიც, უბრალოდ, პროცესის შეჩერება ვერავინ შეძლო. „ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. არც ერთი არ იყო სასიამოვნო ადამიანი, მაგრამ კაცი ცოლს ვერაფრით აპატიებს, თუ ის მსმენლია, – ამბობს მელაძე, – ეგეც რომ არა, ნელი ოჯახის ქალივით არ იქცეოდა. ზოგჯერ მუშაობდა კიდეც და შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არ მოსწონდა. ერთად რამდენიმე წელს იცხოვრეს, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს, ვერ მიეჩვივნენ, ამიტომაც ყველაფერი ასეთი დანაშაულით დასრულდა“. მსხვერპლის დედა, 62 წლის როზა სანოძე აღიარებს, რომ მისი ქალიშვილი ხშირად სვამდა, მაგრამ ამტკიცებს იმასაც, რომ „სანდრო ფსიქოპატი“ იყო: „თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ მწარედ. ჩემი სიძმე სამჯერ იყო ნასამართლევი. ის ნელისთვის მესამე ქმარი იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თითქოს, კარგი ურთიერთობა ააწყვეს, ჩემი ქალიშვილი კაცივით მუშაობდა, მეტალს აგროვებდა და აბარებდა. თავიდან მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი და ვხედავდი, რომ სულ ჩხუბობდნენ. ერთხელ ჩემმა სიძემ ხელი მე მომტეხა. ყვიროდა და ნელის კიცხავდა, მეგობარზე ეჭვიანობდა. ნელი კი მაინც არ გაყრია მას, არ უნდოდა, ხალხს ამაზე ჭორაობა დაეწყო“. მსხვერპლის დედა დასძენს იმასაც, რომ მისი სიძე სულ მოკვლით ემუქრებოდა მის ქალიშვილს და ბოლოს ასეც ქნა. „ჩემი შვილი ხშირად სვამდა და სანდროც, ამის გამო, ეჩხუბებოდა. ჩემი გოგო ქალა–ბიჭა იყო. მეზობლის კაცებთან ერთად უყვარდა სმა, ზოგჯერ მარტოც სვამდა ხოლმე, მაგრამ ჭკუიდან არასდროს გადასულა, მეოჯახე ქალი იყო. იმ დღეს სანდრო შეზარხოშებული იყო და ვერ ხვდებოდა, რას გააკეთა. ცოლს ეზოში ელოდებოდა. როცა ნელი დაბრუნდა, არც უყვირია, არც უჩხუბია, უბრალოდ მოკლა. ეს იყო ცოლის წინასწარი განზრახვით მკვლელობა. ჭრილობა ნელიმ ყელში მიიღო, არტერია გადაეხსნა და იქვე გარდაიცვალა“. ნელის დედა ამტკიცებს, რომ სანდროს ოჯახი თავიანთ შვილს ხელს არ აფარებს. „ჩემი სიძის ნათესავებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მამამისი ამბობს, რომ სანდრო ციხიდან გამოსაშვები კაცი არ არის. როცა გამოვა, დარწმუნებული ვარ, რომ სხვებსაც მოკლავს“. სონიძის მტკიცებით, სანდროს დედას თავისი შვილის ცოლი არ მოსწონდა და სურდა, გაყრილიყვნენ.



„რადგან ნელის ორი შვილი ჰყავდა ორ სხვა ქმართან, სანდროს დედას არ სურდა, რომ მის შვილს ასეთი ცოლი ჰყოლოდა, ერთად ყოფილიყვნენ. მან ისიც თქვა, რომ უმჯობესია სანდრო ციხეში იჯდეს, ვიდრე ასეთ ქალთან იცხოვროს“. ბრალდებულის დედა მაია ღვინიაშვილი უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. მაია ღვინიაშვილი, პირიქით, საკუთარ ვაჟს აკრიტიკებს. „არავის აქვს უფლება, სხვისი შვილი მოკლას, თუ თავის ცოლს ვერ აიძულა, შეცვლილიყო, უნდა გაყროდა მას. ორი ქმარი გაეყარა ნელის და ჩემმა შვილმა რაღაზე მოკლა? აჯობებდა, გაყროდა. თუმცა, ერთმანეთი უყვარდათ. სანდროს უბრალოდ ის უნდოდა, ნელის რომ ნაკლები ესვა. არაფერს ეუბნებოდა, ნელის მხოლოდ სახლში, ან მეგობრებთან ერთად რომ დაელია, მაგრამ ის სვამდა ყოველ დღე და სანდროს ამის მიღება არ შეეძლო. ნელის ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი ერთ–ერთი მეგობრის ყოფილ ქმართან. ერთხელაც ნელიმ დაურეკა მას და ერთად დალევა შესთავაზა, კაცმა უთხრა, არაყს გიყიდი, მაგრამ ერთად ვერ დავლევთ, მე არ მცალიაო, მოგვიანებით მაინც შეხვდნენ ერთმანეთს და ნელი მანქანაში ჩაუჯდა. ჩემი ვაჟი საგურამოში მუშაობდა, მაგრამ შინ იმ დღეს ადრიანად დაბრუნდა. ნელის რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. მიხვდა, რომ ნელი სვამდა. ნელის დედაც და მეც იქვე ვიყავით, სანდროს გვერდით და დავიზაფრე, რადგან ვიცოდი, რომ სანდროს ჯიბეში დანა ედო. ელექტრიკოსია და დანა სულ თან დააქვს, სულ ჭირდება. ნელი და მისი მეგობარი სახლში ტაქსით დაბრუნდნენ. როცა სანდრომ ტაქსი დაინახა, მანქანისკენ გაიქცა. მე არ დამინახავს, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯერ სანდრომ ცემა დაუწყო თავის ცოლს, ამ დროს მანქანიდან ნელის მეგობარი გადმოვიდა და სანდროს შეჩერება სცადა, მაგრამ სანდრო კიდევ უფრო გაღიზიანდა და მოკლა ცოლი. შემდეგ მისი მეგობრის მოკვლაც სცადა, მაგრამ მეზობლებმა შეაჩერეს. სანდრო სწორედ მასზე ეჭვიანობდა. სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანები უმალ ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ ნელის გადარჩენის შანსი არ არსებობდა. რაც შეეხება ჩემს შვილს, წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისით ჩაბარდა პოლიციას“. სანდროს დედა ფიქრობს, რომ ეს არ იყო წინასწარი განზრახვით შესრულებული მკვლელობა, მას უბრალოდ ცოლის შეშინება სურდა. „სანდრომ ნელის ძმასაც უთხრა, რომ სურდა, მხოლოდ ყურზე მიეყენებინა ჭრილობა და რომ ცოლი უბრალოდ შემოაკვდა. ნელისთვის მითქვამს კიდეც, რომ მისი საქციელის გამო, სანდრო კვლავაც ციხეში მოხვდებოდა – ჩემი შვილი სამჯერ არის მანამდე ნასამართლევი, ნელისთანაც ყოველდღე ჩხუბობდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ამის გაკეთება თუ შეეძლო. ჩემს შვილს ამ მკვლელობას ვერასდროს ვაპატიებ. ის ახლა უკვე მკვლელია და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ნელი ღალატობდა თუ არა. თუმცა კი დარწმუნებული ვარ, რომ არ უღალატია, გიჟდებოდა სანდროზე, მისი ერთადერთი პრობლემა სმა იყო. ალკოჰოლის გარეშე უბრალოდ არ შეეძლო, ეცხოვრა“. ბრალდებულის მამის, კაკო ღვინიაშვილის თქმით, მისი შვილის საქციელი ამაზრზენია და რომ მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ჩაედინა ის, რაც ჩაიდინა. „ნელი ჩვეულებრივი, მეოჯახე ქალი არ იყო, – ამბობს კაკო ღვინიაშვილი, – ამიტომაც კამათობდნენ ხშირად. სანდრომ ცოლი ხომ მოკლა და რაღაც გაგებით ამ საქციელით თავიც მოიკლა. ჩემი რძალი ძალიან მიყვარდა, სულ ვეუბნებოდი, სახლში დაელია და არა გარეთ, სხვა კაცებთან ერთად, მაგრამ მას ასეთები არ ადარდებდა“. კაკო ღვინიაშვილის თქმით, ნელიმ იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა და მეზობელს სთხოვა, მის შვილებზე ეზრუნა.



ნელის უფროსი შვილი იხსენებს, რომ ცოლ–ქმარი ყოველდღე ჩხუბობდა და დასძენს, რომ სანდრო დედამისს მოკვლით წინა ღამითაც დაემუქრა: „ყოველ წვრილმანზე ჩხუბობდნენ. არც ერთს არ შეეძლო უკან დახევა. ის სულ უმეორებდა, მოგკლავო და ამბობდა, რომ ამისთვის ექვსი წლით ჩაჯდება. ეს აზრი სანდროს აკვიატებული ჰქონდა. დედაჩემი მასთან განქორწინებაზე სულ ფიქრობდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, იცოდა, რომ ოჯახს ამით კიდევ უფრო გააღიზიანებდა – ეს ხომ მისი მესამე ქორწინება იყო. თანაც, სანდრო მართლა ძალიან უყვარდა და გაყრა არც უნდოდა“. ნინო ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში შინ არ იყო: „დეიდაჩემთან ვიყავი წასული და როცა იმ საღამოს შინ დავბრუნდი, მკვლელობა უკვე მომხდარი იყო“. ნელი თავის მშობლიურ სოფელ უჯარმაში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. სანდრო კი ამ ეტაპზე იღწვის, რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. მისი ადვოკატის, ნუგზარ დათუკიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ, სასჯელის შემსუბუქებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამიტომ ახლა სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში აპირებენ. ადვოკატი სასამართლო მოსმენას ერთ თვეში ელოდება. საქართველოში ფემიციდის შემთხვევები მატულობს. უმეტესწილად, ოჯახში ძალადობა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებასთანაა კავშირში. ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმის, სურათის გამთლიანებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარებზე. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად, მომხმარებელს შესაძლოა შეექმნას გადამეტებული წარმოდგენა საკუთარი ძალაუფლებისა და სხვებთან უპირატესობის შესახებ. ასევე, ზოგიერთი კვლევა იმასაც ამტკიცებს, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულება ზრდის აგრესიული რეაქციების მაჩვენებელსაც.





სასტიკი შურისძიება

თამარ კვაჭანტირაძე

2014 წლის 2 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, 40 წლის თემურ რამიშვილმა თავისი მეუღლე ნატალია ბეჟანიშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახით მოკლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თემურმა სახლი ცეცხლს მისცა, შემდეგ იქვე ჩამოჯდა და პოლიციის მისვლას დაუცადა. მეზობელმა სოფო რუსიეშვილმა „გურია ტივის“ განუცხადა, რომ როცა თემურს ჰკითხა, ეს რა ჩაიდინეო, თემურმა უპასუხა: „დავჭერი ნატალია. ცეცხლი წავუკიდე და აგერ ვკლავ. იწვება. არ გავახარებ მაგას”. 2015 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, დაადასტურა, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, რაც ცოლ–ქმარს შორის გაჩენილი კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშვა. რამიშვილმა დანაშაული აღიარა. განაჩენის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია და ნათლად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა – ასეთია სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგიის ექსპერტთა დასკვნა. თუმცა, დაკავების შემდეგ მას გაუჩნდა ფსიქიკური პრობლემები რის შედეგადაც ხონში, ქვიტირის ფსიქიატრიულ ცენტრში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ნატალია ბეჟანიშვილს ორი შვილი დარჩა – 7 და 4 წლის ბავშვები. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ბავშვების თვალწინ მოხდა. დამნაშავის დედის, მერი რუსიეშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „ბავშვები ჩემთან ერთად იყვნენ და როცა შინ მივიყვანე, უკვე ყველაფერი მომხდარი იყო“. თუმცა „გურია ტივის“ ინფორმაციით, მეზობელი სოფო რუსიეშვილი ამბობს, რომ შემთხვევის მომენტში მან ბავშვების ტირილი გაიგონა და როცა მათ ტირილის მიზეზი ჰკითხა, ბავშვებმა უპასუხეს, რომ მამამ დედა მოკლა და სახლი გადაწვა. მსხვერპლის ძმამ, ნიკოლოზ ბეჟანიშვილმა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, მის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს და რომ „არ არის საჭირო, ამ ტრაგედიის შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა, ოჯახს კვლავ შევახსენოთ“. თუმცა, ის მაინც თქვა, რომ დანაშაული ბავშვების თვალწინ მოხდა და დამნაშავე აბსოლუტურად გააზრებულად მოქმედებდა. დაკავებულის დედის თქმით, ცოლ–ქმარს ერთმანეთი უყვარდა და ერთად ცხოვრების შვიდი წლის განმავლობაში არც კი უჩხუბიათ. „ჩემი შვილი მეუბნება, რომ ნატალიამ რაღაც დადო ინტერნეტში, რაც ჩემმა შვილმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა და ამით ნატალიამ ქმარი გაანადგურა, ეს დანაშაულიც ამიტომ მოხდა – ეჭვიანობის გამო“. მეზობლებმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს, აღნიშნეს, რომ დამნაშავე მართლა კარგი მამა და მეუღლე იყო და საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს აკეთებდა. „სახლის ღობეც კი გაყიდა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი ეყიდა“, – ამბობს ერთი მეზობელი. მეორეს თქმით, წყვილი ყველგან ერთად დადიოდა: „თუ ნატალიას შევხდებოდით ეკლესიაში, ბაზარში, ან კიდევ სადმე, მისი ქმარიც იქვე, შორიახლო ტრიალებდა. კონფლიქტი არაფერზე არ ჰქონიათ“. სხვა მეზობლის თქმით: „ცოლ–ქმარი ძალიან კარჩაკეტილად ცხოვრობდა და სამეზობლოში ბევრთან ურთიერთობა არ ჰქონიათ“. მეზობელი ქეთევან ხიდიშელი ამბობს: „ამ ოჯახში ძალადობის შესახებ არაფერი მსმენია. ნატალიას სიტყვაც კი არასდროს გადაუკრავს მსგავს რამეზე. მსუბუქადაც რომ ეთქვა, ჩემი ქმარი მოძალადე, უხეშიაო, ეს არ მოხდებოდა. სხვა მეზობლებსაც ძალიან უკვირთ“. თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს მეზობელმა ამირან რუსიეშვილმა „გურია ტივის“ განუცხადა, რომ წყვილს სულ პრობლემები ჰქონდა და მათთან პოლიციაც ბევრჯერ მისულა. თუმცა, ერთმა მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, თქვა, რომ ნატალიას ხაშურში, სოფელ გომში დედამისთან გადასვლა სურდა, მაგრამ მისი ძმა ცოლგაყრილი იყო, თავის ორ შვილთან ერთად ისიც დედასთან ცხოვრობდა და ამიტომ იქ ნატალიას ადგილი აღარ იყო. ახლა მისი ორივე შვილი გომში ცხოვრობს. ბებია, მაიკო ტაბატაძე კი წელიწადში რამდენჯერმე მიდის თურქეთში ოჯახის სარჩენი ფულის საშოვნელად.


მეუღლე მკვლელობის ჩადენისთანავე აღიარებს დანაშაულს

ნანი სისვაძე

2017 წლის 4 იანვარს, თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს თავზარდამცემი დილა გაუთენდა. მეუღლემ საკუთარი ცოლი მოკლა. „ეს იყო ყველაზე რთული დღე ჩემს ცხოვრებაში, მორჩა, იმ დღეს დამთავრდა ჩემი სიცოცხლე“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

49 წლის ზიზი ურუშაძე და 50 წლის ვახტანგ სამხარაძე 2000 წელს დაქორწინდნენ. მსხვერპლის ნათესავ–მეგობრები იხსენებენ, რომ ცოლ–ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთი უყვარდათ. მათი გადმოცემით, ცოლი მუდამ ყოველთვის ზრუნავდა ქმარზე და არჩენდა კიდეც მას, რადგან ქმარი უმუშევარი გახლდათ. გარდაცვლილის დედის, ცირა მათითაშვილის თქმით, ზიზი ურუშაძე შინაგანად ძლიერი ქალი იყო, მას მეცნიერება და პოეზია უყვარდა, ფლობდა უნივერსიტეტის დიპლომს სამედიცინო დარგში, მაგრამ ექიმი ვერასდროს გახდა. „ქორწინების დღეს ზიზიმ მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, – იხსენებს დედა, – მახსოვს, როგორ უბრწყინავდა თვალები. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა“. თუმცა, მათ ურთიერთობაში ხშირად შეიმჩნეოდა დაძაბულობა. როცა ქმრისგან მოშორებით იყო, ვთქვათ, როცა მეგობრებთან ერთად მიდიოდა სადმე, გარშემომყოფებს ეჩვენებოდათ, რომ ზიზის გონება სადღაც დაქრის. მხიარული ჩანდა, მაგრამ თან ეტყობოდა დარდიც. როგორც მისი მეგობარი, მაია კუბლაშვილი იხსენებს, ქმარი ხშირად ურეკავდა ხოლმე, აინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ზიზი. გარდაცვლილი სახლთან ახლოს მაღაზია „პოლარისში“ მენეჯერად მუშაობდა. ხშირად მისი შემოსავალი 2 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობდა (835–2100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). ზიზის თანამშრომლები როგორც იხსენებენ, ქმარი მას ხშირად სთხოვდა ფულს. მეტიც, მათი და ასევე ზიზის მეგობრების აზრით, მისი მოკვლის მიზეზიც ფული გახდა. ერთ–ერთი მეგობარი ამბობს, რომ ზიზის მეუღლეს ძმა ციხეში ჰყავდა და მის გასათავისუფლებლად ფული სჭირდებოდა. „თავიდან, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყო ზიზის ქმარი, თითქმის ყოველ დღე მაღაზიის ფანჯარასთან დგებოდა ვიღაც კაცი. ერთხელ ისიც დავინახე, რომ უცნობი ფოტოებს იღებდა. ზიზის ვუთხარი კიდეც: „შეხედე ერთი, რამდენი გიჟია ამ ქვეყანაში?“ მერე გაირკვა, რომ კაცი, თურმე, მისი ქმარი იყო“, – იხსენებს მაღაზიის თანამშრომელი ნინო გვილავა. „მაღაზიიდან ხშირად გვეკარგებოდა ფული და ნივთები. წინათ არავინ არაფერს ეჭვობდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული – იქნებ, ზიზის ქმარი იყო?“ – ამბობს მაღაზიის კიდევ ერთი თანამშრომელი. გარდაცვლილის დედის თქმით, როცა პოლიციამ გვამი აღმოაჩინა, კრიმინალისტებმა სახლში მთელ დღეს იმუშავეს, ვიდრე ზიზის დედის სახლში გადაასვენებდნენ პანაშვიდებისთვის. მისივე გადმოცემით, ზიზი თოკით ქმარს თოკით გაეგუდა, ცხვირიც გატეხილი ჰქონდა და ეტყობოდა სხვა ჭრილობებიც თვალების, შუბლის, ნიკაპის არეებში და თითებზე. ზიზის და ვახტანგს შვილები არ ჰყავდათ და გარდაცვლილის დედასთან ახლოს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. დედა ამტკიცებს, რომ იმ დილას გულმა უგრძნო, შვილი რომ მოუკლეს, რადგან ზიზი ყოველ დილას ურეკავდა, იმ დილას კი არ დარეკა. ზიზის ძმიშვილი სავარჯიშო დარბაზიდან შინ რომ დაბრუნდა, ვახტანგმა დაურეკა და ზიზის მამის სახელზე გაფორმებული მანქანა აჩუქა. ბიჭი ამ საუბრის მერე ძალიან აღელვებული იყო. გარდაცვლილის დედამ თვითონ დაურეკა ქალიშვილს, მაგრამ ტელეფონი გამორთული დახვდა, ამიტომ ზიზისთან სახლში ბიჭი გაგზავნა, გვამი სწორედ მან იპოვა. მისმა მეუღლემ დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. სასამართლოს პირველი მოსმენა საქალაქო სასამართლოს შენობაში 6 აპრილს გაიმართა – იმ დღეს, რომელიც ზიზის ქორწინების ათი წლის იუბილე უნდა ყოფილიყო. სასამართლო სამი საათის დაგვიანებით დაიწყო. ოჯახის წევრები და მეგობრები თვალცრემლიანები ელოდნენ დასაწყისს. ბრალდებულის მხრიდან სხდომაზე მხოლოდ მისი და, ნინო გამოცხადდა. თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ გამოლაპარაკებია. მან თქვა, რომ სასამართლოში მხოლოდ მოვალეობის გამო მოვიდა, ისე კი, იცოდა, რომ მისი ძმა უნდა დაისაჯოს, რადგან მკვლელობა ჩაიდინა. სასამართლო დღის 3 საათზე დაიწყო. სხდომას ესწრებოდნენ მოსამართლე ნატო ხუჯაძე, პროკურორი მიხეილ ჩხეიძე, ბრალდებულის ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი და თავად ბრალდებული. ამ მიზეზით, სასამართლო სხდომის დარბაზში ზიზის ნათესავების ნაწილი არ შევიდა. მოსამართლემ დამსწრეებს უფლებებები და მოვალეობები გააცნო, შემდეგ კი ბრალდებულს კითხვით მიმართა: „რა არის თქვენი სოციალური სტატუსი?“ „არ ვიცი, ჩემი ცოლი მოვკალი და, ალბათ, ქვრივი ვარ“, – უპასუხა მან. ორივე მხარემ წარმოადგინა საქმის თანმხლები მასალები. პროკურორმა ისაუბრა მოწმეებსა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე. გამომძიებლების თანახმად, 2014 წელს სამხარაძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, გირაოს გადახდის შემდეგ, 2016 წელს ბრალი მოუხსნეს. პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალას სრულად დაეთანხმნენ ბრალდებულიცა და მისი ადვოკატიც. სხდომა ერთ საათში დასრულდა. ვიდრე ბრალდებულს სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდნენ, მან თავის დას შვილების ამბავი ჰკითხა. გაირკვა, რომ სამხარაძეს ორი შვილი ჰყავდა, ორი წინა ქორწინებიდან. ამ ამბის გაგებაზე გარდაცვლილის მეგობრები და ოჯახის წევრები აყვირდნენ, ისინი გაიძახოდნენ, რომ ზიზის მკვლელი ნამდვილი სატანაა. შემდეგი მოსმენა 19 აპრილს, დილის 11 საათზე გაიმართა. სხდომის დარბაზი დამსწრეებით გაივსო. დათქმულ დროს ეჭვმიტანილი დარბაზში ბორკილებით შემოიყვანეს. ახალმა მოსამართლემ, ბესიკ ბეგიანაშვილმა პროკურორს განუცხადა, რომ წარმოდგენილი ნივთმტკიცებების საფუძველზე ქმარს ბრალი უნდა წაუყენონ. ამ გადაწყვეტილებაზე საწინააღმდეგო აზრი არც ეჭვმიტანილის ადვოკატს ჰქონია. მოსამართლემ ქმარს უფლება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა:

„არაფერი ხდება უმიზეზოდ. და მიზეზი მეც მქონდა, თუმცა, ახლა, აქ, ამაზე საუბარი არ მინდა... როცა გავიაზრე, რაც ჩავიდინე, პოლიციაში საკუთარი ფეხით მივედი. ჩემი საკუთარი რწმენისა და ღმერთის წინაშე ვალი მქონდა მოსახდელი“. სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლის თანახმად, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. „ფემიციდი გახლავთ მკვლელობა, რომელიც ხდება იმიტომ, რომ მსხვერპლი ქალია. ამ მომენტისთვის ეს გარემოება ქართულ კანონმდებლობაში ხაზგასმული არაა. თუმცა, ცალკე გამოყოფილი და აღნიშნულია ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – ამბობს იურისტი ბაია პატარაია, რომელიც ქალთა საკითხებს სწავლობს. „ჩვენი კანონების უმრავლესობა ნეიტრალურია და დაწერილია ყველასთვის, აქედან გამომდინარე, ის ვერ მოიცავს და ვერ ცნობს პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობის მხოლოდ ერთ სეგმენტს – ამ შემთხვევაში, ქალებს შეიძლება აწუხებდეს. ქალთა უფლებების გათვალისწინებით შემუშავებული უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა პარლამენტში. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისიცაა, რომ პარლამენტართა უმრავლესობა – 84 პროცენტი – მამაკაცია, ისინი კი არ ინტერესდებიან ქალთა პრობლემებით საქართველოში“. მსგავსი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს, თუმცა, ზიზი ურუშაძისთვის და დანარჩენი მოკლული ქალებისთვის, მსჯელობა მსგავს თემებზე, ბევრს აღარაფერს ცვლის.


ადრეული ქორწინების ადრეული დასასრული

სულიდინ ბაღიროვი

„რამდენჯერმე ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა, – ამბობს 20 წლის გუნაი ისაიევას დედა. ისაიევა ქმარმა 2016 წლის ივლისში მოკლა. მკვლელობა თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მოხდა. ისაიევას დედას თავისი საყვარელი ქალიშვილის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წინათგრძნობა მაშინვე გაუჩნდა, როცა ის ნოვრუზ ნოვრასოვის ცოლი გახდა.

ნოვრუზმა ცოლს ყელი გამოჭრა, როცა ქალს მამამისის სახლში ეძინა. ის მის ოთახში 13 ივლისის შუადღეს შეიპარა და მკვლელობა ჩაიდინა. მეორე ოთახში მსხვერპლის ძმას ეძინა, ბებია კი ტელევიზორს უყურებდა. მსხვერპლის ძმა იხსენებს, რომ დაჭრილი გუნაი მაინც წამოდგა ფეხზე და ჭრილობაზე ხელმოკიდებული მეორე ოთახში გამოვიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნოვრასოვი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გამოცხადდა და მკვლელობა აღიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსხვერპლის დედა იხსენებს, რომ მთელი ამ ქორწინების განმავლობაში, ქმარმა გუნაის რამდენჯერმე სცემა, მომხდარა ისეც, რომ ცოლი მამის სახლში გვიან ღამითაც გაუბრუნებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდებოდა, გუნაი მაინც უარს ამბობდა, დაკავშირებოდა პოლიციას. „ჩემს ქალიშვილს თავისმა სიყვარულმა თვალები ჩაუქრო და ჩაუმუქა, ეს იყო პასუხი მისი ქმრის დაუნდობელ ძალადობას და აგრესიაზე“, – ამბობს დედა და დასძენს, რომ გუნაი და ნოვრუზი ოფიციალურად ცოლ–ქმარი არ იყვნენ იმ მიზეზით, რომ გუნაი მასთან საცხოვრებლად 13 წლის ასაკში გაიქცა. პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა. მეორე – 19 წლისამ. ბავშვები, რომლებიც ახლა 5 და 3 წლის არიან, თავიანთი მამის მშობლებთან ცხოვრობენ და ბაღში დადიან. გუნაის დედა ამბობს, რომ სიძის ოჯახთან აღარავითარი კავშირი აღარ აქვს, ამიტომ ბავშვების ახლანდელი მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის. ის დასძენს, რომ ბავშვების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება ახლა არც უნდა, მაგრამ მათი აღზრდა რამდენიმე წელიწადში უფრო გაუიოლდებოდა. ნოვრასოვის მამა, ვასიფი ამბობს, რომ მის შვილს ამ დანაშაულის ჩადენა გუნაის საქციელმა აიძულა. მისი თქმით, ცოლ–ქმარს შორის სულ იყო დაპირისპირება, ისაიევა კი ყველას მიმართ აგრესიას იჩენდა. დამნაშავის მამის თქმით, ის თავის ვაჟს ეუბნებოდა, რომ გაყროდა ცოლს, მაგრამ მას ეს არ სურდა. ვასიფის გადმოცემით, მისმა ვაჟმა სასამართლოში დაუფარავად განაცხადა, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა თურქ კაცთან, რომელიც საქართველოში სავაჭრო საქმეებზე წლებია დადიოდა: „ნოვრუზმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან გუნაის თურქის მესიჯი უპოვნა და ასევე ტელეფონის ეკრანზე მისი ფოტოებიც ნახა“. მამა იმასაც დასძენს, რომ სოფელში რძლის რომანის შესახებ ჭორაობდნენ კიდეც და ეს იყო მიზეზიც იმისა, თუ რატომ არ იჩენდა ინტერესს სასამართლო პროცესის მიმართ გუნაის მამა. მამა არ აღიარებს იმას, რომ მისი ვაჟიც რთული ქცევებით გამოირჩევა. ნოვრუზს ეპილეფსია 5 წლის ასაკში დაუდგინეს, მოგვიანებით კი აგრესიული ქცევა ჩამოუყალიბდა, რაც, აღმოჩნდა, რომ ნევროზი იყო. „ერთხელ ხიდიდანაც გადახტა მდინარე მტკვარში, – ამბობს ბრალდებულის მამა, – მაგრამ გადაარჩინეს და მოგვიანებით დედამისმა თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ“. მამა იმასაც ფიქრობს, რომ შესაძლოა, ნოვრუზის დაპატიმრება კარგიც იყოს მისთვის და მისი ოჯახისთვის: „იმიტომ, რომ ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ წამლებს რეგულარულად დალევს. ახალგაზრდაა და ციხიდან რომ გამოვა, მთელი ცხოვრება მაინც წინ ექნება“, – ამბობს და მძინარე შვილიშვილს, დიანას დაჰყურებს. ვასიფ ნოვრასოვი ახლა თავისი უფროსი ვაჟის ოჯახში ცხოვრობს. უმეტეს დროს თავისი ვაჟის დაობლებული შვილების მოვლაში ხარჯავს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მთელი ცხოვრება ბავშვების მოვლა გაუჭირდება. ამიტომ, დარწმუნებულია, რომ როცა შვილი ციხიდან გამოვა, მეორედაც იქორწინებს. თამარ გურჩიანი, ადამიანის უფლებათა დარგში გამოცდილი იურისტი და ორგანიზაცია East-West Management Institute–ის მენეჯერი, ამბობს, რომ საქართველოს კანონი, რომელიც 18 წლამდე დაქორწინებას კრიმინალის სტატუსს ანიჭებს, ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა, თუმცა, კანონი არ ეხება იმ წყვილებს, რომლებიც კანონის მიღებამდე უკვე ცოლ–ქმრობაში ცხოვრობდნენ. გურჩიანი დასძენს, რომ თუ მსხვერპლი თავის ამბავს პოლიციას განუცხადებს, გარკვეულ ზომებს, როგორიცაა ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, აუცილებლად მიიღებენ და შემდეგ ამ ორდერის გახანგრძლივებაც შეიძლება. რაც შეეხება ამ ოჯახის ბავშვებს, გურჩიანი ამბობს, რომ ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: ბებიამ და ბაბუამ ბავშვების მეურვეებად გამოაცხადონ თავი, ანდა ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადავიდნენ: „საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც, დიდი ოჯახებია და ხშირად სწორედ ისინი იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას, იზრუნონ დაობლებულ ბავშვებზე“, – ამბობს გურჩიანი და დასძენს, რომ ეს მიდგომა ხშირად ამართლებს, ბავშვებიც ოჯახურ გარემოში იზრდებიან და გაცილებით უფრო გარანტირებულია მათი მომავალი განათლებისა და დასაქმების თვალსაზრისით. სახელმწიფო პროკურატურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩანს, რომ 2015 წელს 53 მოკლული ქალიდან 27 ოჯახში ძალადობის შედეგად დაიღუპა. 18 ქალი მათმა პარტნიორებმა მოკლეს, დანარჩენ შემთხვევებში კი ფემიციდის ჩამდენი ოჯახის სხვა წევრები იყვნენ (მაგალითად, სიმამრი, ან ძმა). იმავე სტატისტიკის მიხედვით, ფემიციდის 27 შემთხვევაში მსხვერპლი ეთნიკურად ქართველი იყო, ერთი – უკრაინელი, სამი – აზერბაიჯანელი, ერთი – სომეხი და ერთი – რუსი. უცხოელებიდან ყველა იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ.


„უშუალო და მშვიდმა“ კაცმა ცოლი ნაჯახით მოკლა

ფატიმა კარიმოვა

2016 წელს აზერბაიჯანში ოჯახში ძალადობას 29 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ მკვლელობათა უმრავლესობა ეჭვიანობის ნიადაგზეა მომხდარი. მკვლელობების დამატებითი მოტივატორია ოჯახში ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მომხმარებელი წევრის არსებობაც. მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ 2016–ში, არამედ ყოველწლიურად ხდება. მათ შორისაა აზერბაიჯანის ნაციონალური ასამბლეის ერთ–ერთი ფრთის ყოფილი ხელმძღვანელის, ფარიდა მაჯიდოვას მკვლელობაც. ის მეუღლემ მაზაჰირ გასიმიმ 2016 წლის 9 სექტემბერს ნაჯახით მოკლა. მკვლელობა მაჯიდოვას სახლში, ბაქოში, საბაელის რაიონში მოხდა. ამ აზერბაიჯანელ ჩინოვნიკს მუშაობის 30–წლიანი გამოცდილება ჰქონდა და 2015 წელს პენსიაში მხოლოდ ასაკის გამო გავიდა. ის მაზაჰირის მეორე ცოლი გახლდათ. 1974–1984 წლებში მაზაჰირი ნაილა გასიმლიზე იყო დაქორწინებული და მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

„ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ მან ადამიანი მოკლა“ 2016 წლის 9 სექტემბერს მაზაჰირსა და ფარიდას კონფლიქტი ქონების გამო მოუვიდათ. კონფლიქტი მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა და შედეგად მაზაჰირმა ცოლს ნაჯახი მოუქნია. ოჯახის ნათესავებმაც დაადასტურეს, რომ მაზაჰირსა და ფარიდას უთანხმოება ხშირად ჰქონდათ და ხშირადაც კამათობდნენ. ჩვენ მათ მეზობლებთან გასაუბრებაც ვცადეთ. კამალ ისმაილოვმა ამ საუბრების დროს გვითხრა, რომ ძალიან გაუკვირდა მკვლელობის ამბავი: „უკვე წლებია, ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ და მთელი ამ დროის განმავლობაში ის რომ მაზაჰირი უშუალო და მეგობრული ადამიანია, ამიტომ ახლაც ვერ ვიჯერებ, მან თუ ვინმე მოკლა – სხვათა შორის, იგივე ვუთხარი სასამართლოსაც. ამაზე მეტი მათ ოჯახზე არაფერი ვიცი. ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი იყო ჩემთვის, მაგრამ ერთ დღესაც სახლში რომ დავბრუნდი, მეზობლის სახლთან პოლიციის მანქანა დამხვდა“...

მაზაჰირის ყოფილმა ცოლმა, ნაილა გასიმლიმაც ხაზგასმით აღნიშნა სასამართლოში, რომ მაზაჰირი მშვიდი ბუნების ადამიანი იყო, თუმცა, დასძინა ისიც, რომ მის ყოფილ ქმარს პრობლემები ჰქონდა ახლანდელ ცოლთან. „მართალია, განქორწინებულები ვართ, მაგრამ მე და მაზაჰირმა ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ორი შვილი გვყავს და მაზაჰირი არა მხოლოდ მორალურად გვიდგას მხარში, არამედ ფინანსურადაც გვეხმარება. ვიცი ისიც, რომ ფარიდასთან უთანხმოება ჰქონდა, ჩემი შვილები მამას ხშირად ნახულობენ და ერთ–ერთმა მითხრა, რომ ცოლ–ქმარი სულ ჩხუბობდა“. მაზაჰირის დასაც კარგი ურთიერთობა აქვს ნაილა გასიმლისთან და სწორედ მისგან იცოდა ნაილამ, რომ ფარიდას არ მოსწონდა მისი მეუღლე წინა ქორწინებიდან შვილებს ხშირად რომ ნახულობდა, ქმარს ცუდად ეპყრობოდა და პატივს არ სცემდა მას. „ჩემმა ვაჟმა, ვუგარმა მითხრა, რომ მაზაჰირმა მოკლა ფარიდა, თავიდან ვერ დავიჯერე, რადგან ძალიან მშვიდი და უშუალო ბუნების ადამიანია მართლაც“, – დასძინა ნაილამ. „შეეძლოთ უმტკივნეულოდ გაყრილიყვნენ, რა საჭიროა მოკვლა“.

ვეცადეთ ძმის ცოლთან ფარიდა მაჯიდოვასთან დაკავშირებაც, მაგრამ დილარა მაჯიდოვამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. სამაგიეროდ მოწმის სტატუსით ის სასამართლოს წინაშე წარსდგა და აღნიშნა, რომ მაზაჰირმა განზრახ მოკლა თავისი მეუღლე: „ვიცოდი, რომ ფარიდა მასთან გაყრას აპირებდა. და მაზაჰირმა ის სწორედ იმ დღეს მოკლა, როცა სასამართლოში გაყრის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებდა. ვატყობდით, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთს ვერ ეგუებიან, მაგრამ ხომ შეეძლოთ უმტკივნეულოდ გაყრილიყვნენ, რა საჭიროა მოკვლა“. დილარა მაჯიდოვას თქმით, ფარიდას და მაზაჰირის კუთვნილი სახლი სინამდვილეში ფარიდას მამამ იყიდა. უთანხმოების მიზეზიც ეს სახლი გახდა. „დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ფარიდა თავის ქმარს ყოველთვის ზემოდან უყურებდა“. ფარიდას მეგობარმაც დაადასტურა ოჯახში არსებული უთანხმოება და სირთულეები: „ფარიდას ულაპარაკია ჩემთან თავისი ქორწინების შესახებ, უხსენებია ისიც, რომ ქმართან გაყრა სურდა. სხვათა შორის, მის გადარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ მტკიცედ მიმეორებდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიუღია. მათი ურთიერთობის და მით უმეტეს მათი უთანხმოების დეტალები არ ვიცი, ფარიდა მსგავს ნიუანსებზე ჩემთან არ საუბრობდა“. სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები არ გააჩნია. 2014 წლის 14 თებერვალს სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და მაზაჰირს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მისი სიკვდილი საზოგადოების გულგრილობამ გამოიწვია

ეკა ხარბედია

“იმ წუთებშიც კი, როცა უკვე კვდებოდა, გვთხოვდა, არ გამოგვეძახა პოლიცია. ბოლომდე საკუთარი ქმრის დაცვას ცდილობდა”. “ვუცქერდი მის ტანჯვით სავსე თვალებს სიკვდილის წინ. გაუჩერებლად მთხოვდა, ხელი ხელზე მომეკიდა. ვუცქერდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან და ვერაფრით ვშველოდი“.

მკვლელობის ადგილი

საქართველოში ფემიციდი ჯერაც მწვავე პრობლემად დგას. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლების მიხედვით, 2016 წელს ოჯახში ძალადობის გამო საქართველოში 13 ქალია გარდაცვლილი. რესპუბლიკურმა პარტიამ დაამუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ფემიციდი საქართველოში კრიმინალიზებული გახდებოდა, მაგრამ საინფორმაციო ვებგვერდ netgazeti.ge–ს მიხედვით, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა უარყო.

საქართველოში ფემიციდის შემთხვევები წლების მიხედვით

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა, ამბობს, რომ საზოგადოება ფემიციდის არსს ვერ ხვდება: „როცა კანონპროექტი მოვამზადეთ – და ეს ორჯერ გავაკეთეთ და უარყვეს – რეალურად ვერავინ მიხვდა, რატომ ვითხოვდით ფემიციდისთვის ცალკე მუხლს, რატომ შეიძლებოდა, რომ დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულიყო კაცის მიერ ქალის მოკვლა. არავინ აღიარა, რომ უთანასწორობაა ფემიციდის მიზეზი. კანონპროექტი პარლამენტმა ძალზე არაკომპეტენტური მიზეზების გამო უარყო, მათ შორის, გაჟღერდა ასეთი შეფასებებიც: „ესაა მკვლელობა უთანასწორობის ნიშნების გარეშე და როგორ უნდა მოხერხდეს ამ ფონზე უთანასწორობის გამოვლენა?“ თუ ასეა, რატომაა ეს მოტივი ევროპაში აღიარებული მკაფიო ფაქტად? იურიდიული კომიტეტის წევრებმა ამ გარემოების სრული იგნორირება მოახდინეს. მათ საკითხი ასე დასვეს: თუ მკვლელობის მოტივი ეჭვიანობაა, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს უთანასწორობად? რა თქმა უნდა, უნდა ჩაითვალოს! რთულია, მსგავსი კანონის მიღება, როცა ასეთი ელემენტარული საკითხების ახსნა გიწევს. სწორედ ესაა უთანასწორობა – როცა კაცს შეუძლია მოკლას ქალი მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვიანობს. არც ერთი ქალი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არ მოკლავს კაცს ეჭვიანობის ნიადაგზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ეს იქნება საზოგადოების ცნობიერების განვითარებაში მიღწეული უდიდესი პროგრესი“. ეჭვიანობა სწორედაც რომ არის უთანასწორობისა და ჩაგვრის ნიშანი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტებიც ასე ფიქრობენ. „თუ კაცი ფიქრობს, რომ მისი ცოლი შინაური ცხოველია, რომლის მოკვლის უფლებაც მას აქვს, სწორედ ესაა დისკრიმინაცია, სიძულვილი და ჩაგვრა“, – ამბობს იურისტი ბაია პატარაია, რომელიც ქალთა საკითხებს სწავლობს. მეორე პრობლემაა რეციდივიზმი. საქართველოს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიხედვით, 2013–2014 წლებში ისინი 2.400 მსჯავრდებულს დაეხმარნენ, 1342 ადამიანმა კი სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა ითხოვა. თუმცა, ეს ღონისძიებები არასაკმარისია. 2012 წელს განხორციელებული ამნისტიის დიდი ტალღის შემდეგ, როცა 8 ათასზე მეტი მსჯავრდებული გამოუშვეს და 2 ათასზე მეტი შეიწყალეს პრეზიდენტის თხოვნით, კრიმინალის მაჩვენებელმა იმატა, წერდა ვებგვერდი netgazeti.ge, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით. ამ ორი გარემობის მსხვერპლი გახდა თბილისის ერთ–ერთი სასტუმროს სამზარეულოში მომუშავე 36 წლის ქალი ეკატერინე ქავთარაძე. 6 ივნისს მას დაურეკა ქმარმა, კრიმინალური წარსულის მქონე, 37 წლის ბესო ოდიშელიძემ და სამსახურთან ახლოს შეხვედრა სთხოვა. ამ შეხვედრის დროს ეკატერინე ქავთარაძე ქმარმა მუცლის არეში ტყვიით დაჭრა. მოგვიანებით ქალი ერთ–ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. „თავიდან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ასე შეიცვლებოდა, – იხსენებს გარდაცვლილი ქალის ბავშვობის მეგობარი, ეკა ეხიზაშვილი, – შემდეგ ციხეში რამდენჯერმე მოხვდა... ეჭვიანობდა კიდეც და მოკვლით ემუქრებოდა, რადგან ცოლს გაყრა სურდა. მას წასასვლელი არსად ჰქონდა. მშობლები დიდი ხნის წინ ჰყავდა გარდაცვლილი, მისი და კი იტალიაში მუშაობს. არც კი ვიცი, ვინმეს უთხრა თუ არა ქმრის მუქარის შესახებ. ძალიან მორცხვი და გულჩათხრობილი გოგო იყო და საკუთარ პრობლემებზე ბევრს არასდროს ლაპარაკობდა“. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი საფარის“ კვლევის მიხედვით, რომელიც ფემიციდს ეხება, განქორწინება ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია: ფემიციდის შემთხვევების 40.46 პროცენტი ხდება მაშინ, როცა პარტნიორი განქორწინებას გადაწყვეტს, ან უკვე განქორწინების პროცესშია. ეხიზაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გულგრილობა მისი მეგობრის სიკვდილის ერთ–ერთი მიზეზია: „ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ძალიან ნიჭიერი გოგო იყო და შეეძლო, კარგად ესწავლა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანებისთვის, ვის წრეშიც ეკატერინე ტრიალებდა, განათლება ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. მეც კი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, უცხოსავით დამიწყეს ყურება“, – ამბობს ის და დასძენს: „იმის თქმა მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქალი ახლა მკვდარია და საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის უგულვებელყოფამ ნაწილობრივ შეუწყო კიდეც ხელი მის მკვლელობას“. „ეკატერინე ძალიან კარგი, ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი იყო. ძალიან მტკივა გული, რომ ჩვენს გვერდით აღარაა, – ამბობს მისი ერთ–ერთი კოლეგა, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, – ამ სასტუმროში გახსნის დღიდან (2015 წლიდან) მუშაობდა. რამდენადაც ვიცი, ქმარი მასზე საშინლად ეჭვიანობდა და ეკატერინესთან კონფლიქტი ჰქონდა. პირადად მის ქმარს არასდროს შევხვედრივარ, სამსახურში არასდროს მოსულა“. ეკატერინეს თანამშრომელი 6 ივნისის უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს: „კი, მეც იქ ვიყავი. ვუცქერდი მის სიკვდილს, მის ტანჯვით სავსე თვალებს. საშინელება იყო. უკვე ბოლო წუთებში, როცა გონს კარგავდა და გაუჩერებლად მთხოვდა, არ გამეშვა ხელი, ვერაფრით ვშველოდი. სიკვდილის წუთებშიც კი მთხოვდა, არ დამერეკა პოლიციაში – ბოლომდე თავის ქმარს იცავდა“. გარდაცვლილის თანამშრომლის თქმით, „დამნაშავეა სასწრაფო დახმარებაც, რომელიც დროულად არ მოვიდა შემთხვევის ადგილზე. მხოლოდ 30 წუთის შემდეგ გამოჩნდა, არადა, ვინ იცის? იქნებ გადაერჩინათ კიდეც“. გარდაცვლილის ქმარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11–109, 108 და 236–ე მუხლების მიხედვით ასამართლებენ. საქმე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეხიზაშვილის მიხედვით, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან, მათ ოდიშელიძის და ეკას ერთადერთი შვილის დაცვა სურთ. „ბავშვი მამის ოჯახში გაიზარდა, – ამბობს ეხიზაშვილი, – და ყველაფრის მიუხედავად, უყვარს მამაც და ბებიაც. დედის მხრიდან ბებია კი არც ახსოვს“. „კავშირი საფარის“ კვლევის მიხედვით, თავდამსხმელის კრიმინალური წარსული და იარაღის ფლობა ორი უმნიშვნელოვანესი რისკ–ფაქტორია, რაც ფემიციდს უძღვის წინ. ამიტომაც ბრალდებულთა რეაბილიტაცია და მეტი სარეაბილიტაციო პროგრამის გახსნაა საჭირო ისევე, როგორც გამოსავალი შეიძლება იყოს ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაზიარებაში.

ცოლმა ქმარი მოკლა

აიგუნ რაშიდოვა

სამი შვილის დედამ მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში ქმარი ნაჯახით მოკლა. მოტივი უცნობია.

რუსლან კარიმოვი. ყვავილი 6 წლის გოგონამ უყიდა.

2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ თაზაქენდში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ.-ში, 23 წლის თურქან კარიმოვამ თავისი 33 წლის ქმარი, რუსლან კარიმოვი ნაჯახით მოკლა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა თავისი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა. მეზობლებმა ამ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ზოგად კომენტარებში აღნიშნეს, რომ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არაფერი იცოდნენ. იმ მეზობლებმა, რომლებმაც საკუთარი აზრი მაინც დააფიქსირეს, ასევე დასძინეს, რომ შეძრწუნებულები არიან მომხდარით და მსგავს ქმედებას თურქანისგან არასდროს ელოდნენ. მსხვერპლის დედამ, სვეტა კარიმოვამ ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და გაიხსენა ისიც, თუ რა ნახა მკვლელობის დღეს. როგორც სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად თვითონაც 7 წელიწადს ცხოვრობდა. მისი რძალი ამ ხნის განმავლობაში მუდამ წყნარი ადამიანი ჩანდა, არსდროს იქცეოდა ცუდად და არც არაფერზე წუწუნებდა. „ცოტა უცნაური გოგონა კი იყო, მაგრამ ამას მის ხასიათს მივაწერდი“, - ამბობს სვეტა და იმასაც აღნიშნავს, რომ რძალს მის ვაჟთან პრობლემა არასდროს ჰქონია. „პრობლემა რომ ჰქონოდა, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“. თუმცა, სვეტას ახსოვს ერთი უცნაური დეტალი: „თურქანი ძალიან ბევრ მაგარ შავ ჩაის სვამდა. თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა. ხშირად მთხოვდა „შავ შოკოლადს“ - ასე მორფინს ეძახიან, არა?“ წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდნენ. ქმარი ცოლს ბიძაშვილს ერგებოდა მამის მხრიდან. მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ეზოს იყოფდნენ დედამთილან ერთად, რომელიც იქვე, თავის სახლში ცხოვრობდა. ქმარი პერიოდულად რუსეთში დადიოდა უკეთესი შემოსავლის მისაღებად. ის სახლების რემონტზე მუშაობდა. ბოლოს, როცა რუსეთში წავიდა, იქ შვიდ თვეს დარჩა. შინ დაბრუნებიდან ათი დღის შემდეგ კი ცოლმა მოკლა. სვეტას თქმით, ჩვეულებრივი საღამო იყო. მაგიდის გარშემო ისხდნენ და სახლის საქმეებზე მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ ერთ-ერთი მათი სახლის რემონტის დაწყებაზე.

რუსლანისა და თურქანის სახლი. ახლა იქ აღარავინ აღარ ცხოვრობს.

წყვილს სამი შვილი ჰყავდა, 6 წლის გოგონა და ორი ვაჟი - 4 და 2 წლის ბიჭები. მამის მკვლელობას ორი ბავშვი შეესწრო. ერთ-ერთი მათგანი იმდენად ახლოს იდგა, რომ მამის სისხლი შეეშხეფა. სულ პატარა ბავშვი საბნის ქვეშ დაიმალა და შეშინებული ტუჩებს იკვნეტდა. ბავშვმა ერთადერთი რამ თქვა: „დედამ მამა სცემა“. როცა ქმარი მოკლა, თურქანი დეიდამისის, ინდირას სახლისკენ გაიქცა. დეიდა იხსენებს, რომ თურქანი თავზარდაცემული ჩანდა, შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. „სხვა გზა არ ჰქონდა, ჩვენს სახლში უნდა გამოქცეულიყო, - აღნიშნა დეიდამ, - საწყალი გოგო. ჩემმა ქმარმა დამამშვიდებლები უყიდა, პოლიცია მოვიდა მერე და წაიყვანეს. მას შემდეგ თურქანთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა“.

რუსლანის დედა, მამა, ბიძაშვილი და დეიდა სამზარეულოში სხედან.

მსხვერპლის ოჯახი ყველაფერს თურქანის მშობლებს აბრალებს. დედისა და ბიძაშვილის თქმით, თურქანის ოჯახს ფულისა და მათი სახლის ინტერესი ჰქონდა. გარდაცვლილის დედა აღიარებს, რომ ოჯახებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო. რა ბედი ეწევათ შვილებს? ნათესავებმა შენიშნეს, რომ უფროსი ბავშვი იშვიათად დადის საბავშვო ბაღში. სამივე ბავშვი დღეს ბებიის, გარდაცვლილი მამის დედის სახლში ცხოვრობს. იურისტი თამარა გურჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებზე იზრუნოს და ისინი დაიცვას 18 წლამდე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 5 აპრილს ორ ოჯახს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მსხვერპლის ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არც მისცეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თურქან კარიმოვას 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. როგორც რუსთავის სასამართლოს პროკურორი იან მამულაშვილი აცხადებს, საქმეში შემავალი ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია მოწმეთა დაცვის მიზნით.