ისტორია  

1

2

3

4

ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელი

   კითხვის დაწყება

ისტორია 1

ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი ფემიციდი ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელი

თამთა უტიაშვილი

2015 წლის 27 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი სერგი საცერაძე დამნაშავედ ცნო ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე მიეცა პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნის უფლება.

„მე ვიმსახურებ სასჯელს, მაგრამ - სამართლიანს,“ აღნიშნა საცერაძემ. „პოლიციელის სტატუსმა და მედიის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის აქტიურმა გაშუქებამ დაამძიმა ჩემი სასჯელი. მე არასდროს მიმიყენებია ჩემი მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არ იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და მე ის მიყვარს დღემდე.“

საქმე კვლავ მიმდინარეობს. მსხვერპლის ოჯახი სასამართლოში აპირებს ჩივილს იმისათვის, რომ საცერაძეს ჩამოერთვას პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნის უფლება.

2014 წლის 25 ივლისს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ მოკლა ზესტაფონის პარკში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის სამსახურეობრივი იარაღი გამოიყენა. თვითმხილველთა თქმით, სერგი და სალომე საუბრობდნენ, როდესაც საცერაძემ იარაღიდან 5 გასროლით მოკლა ყოფილი მეუღლე.

შემთხვევამდე, ჯორბენაძე რამდენჯერმე დაუკავშირდა ზესტაფონის პოლიციას, რეკავდა პროკურატურის ცხელ ხაზზე, - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოფისში. სალომე ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა დაცვას, თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.

სერგი საცერაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ ქმედებაში. საქმეში იყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - დაუმტკიცდებოდა თუ არა სერგი საცერაძეს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა, 11-15 წლის ნაცვლად, 3 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

„საცერაძე ამბობს, რომ მას არ ახსოვს მომენტი, როდესაც ისროლა იარაღით. ის ამბობს, რომ არაცნობიერ მდგომარეობაში იყო,“ თქვა მისმა ადვოკატმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. საქმეში ოთხი ფსიქიატრი და სამი ფსიქოლოგი იყო ჩართული. ყველა ფსიქიატრმა დაადასტურა, რომ საცერაძე შერაცხადი იყო. სამიდან მხოლოდ ერთმა (მანანა ბრეგაძე) ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ის მკვლელობის ჩადენის მომენტში აფექტის მდგომარეობაში იყო.

საცერაძე კი თავად აცხადებს, რომ ის მკვლელობის დღეს აფექტის მდგომარეობაში იყო. „მე ეჭვი მეპარება იმ ექსპერტებში, რომლებმაც გამოიკვლიეს ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მათ გადაწყვეტილებებში უფრო მეტად დავინახე პროკურატურა და არა ექსპერტები,“ - აღნიშნა საცერაძემ საბოლოო სიტყვაში.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2009-2011 წლებში, სულ 4 შემთხვევაში გამოიყენა სასამართლომ აფექტის მდგომარეობა.

მკვლელობის დღეს, ჯორბენაძე ქუთაისის გენერალური ინსპექციის ოფისში მივიდა. მის წერილში ნათქვამია, “2013 წელს დავწერე განცხადება პროკურატურის ოფისში, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. როდესაც დავრეკე გენერალურ ინსპექციაში, ვთქვი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებს.“

ჯორბენაძის დედამ აღნიშნა, რომ როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, საცერაძე ეჭვიანობდა მისი ქალიშვილის სამოდელო კარიერის, სასწავლო მიზნებისა და მისი გარემოცვის გამო.

„არასდროს მიმაჩნდა, რომ ქალი გათხოვების შემდეგ სახლში უნდა დარჩეს და მიხედოს ოჯახს,“ ამბობს ჭელიშვილი. „ჩემს ქალიშვილს უნდოდა აქტიური ცხოვრება ჰქონოდა, უნდოდა სწავლა და კარიერა. ის ისეთ ადამიანზე გათხოვდა, რომლის ოჯახსაც განათლების მიმართ ინტერესი არ ჰქონდა და უთრგუნავდნენ ჩემს ქალიშვილს თავის მისწრაფებებს.“

საცერაძის დედა, ნაილი ქათამაძე არ ეთანხმება ჭელიშვილის ამ განცხადებას და ამბობს, რომ მისი ოჯახი „სალომეს განათლების მიღებაშიც ეხმარებოდა და მხარსაც უჭერდა მის გადაწყვეტილებებს.“

2011 წლის 16 დეკემბერს, საცერაძემ სალომე მეგობრის დაბადების დღიდან მოიტაცა და გარაჟში წაიყვანა. იარაღით ემუქრებოდა სალომეს, მოგკლავ თუ ცოლად არ გამომყვებიო, წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჩვენებებში.

პოლიციელმა თორნიკე კახნიაშვილმა (რომელიც საცერაძის მეგობარი იყო) ჯორბენაძის ოჯახს უთხრა, რომ პოლიციამ არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი და ქალიშვილის მოძებნაში ვერ დაეხმარებოდა.

„ისინი ერთად დადიოდნენ ხოლმე წვეულებებზე, სალომეც ხშირად ყოფილა ჩვენთან სახლში,“ ამბობს ქათამაძე. „გულწრფელად რომ გითხრათ, არ მომწონდა, რომ სალომე ასე ახლოს იყო ჩემს შვილთან. მე მათი ქორწინების წინააღმდეგიც კი ვიყავი, რადგან სერგის ახალი დაწყებული ჰქონდა სამუშაო, სალომე კი ისევ სტუდენტი იყო.“

მოტაცების დღეს, სალომე თავის მეგობარს სკაიპით მოუყვა სერგის მუქარის შესახებ. მან საცერაძის ოჯახში დარჩენა გადაწყვიტა. სალომე სერგისთან 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ცხოვრობდა.

ჯორბენაძე ორი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც წყვილი დაშორდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, საცერაძე იარაღს არასამუშაო დროსაც თან ატარებდა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსს 2.5). ძალისა ან/და ცეცლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება პოლიციელს მინიჭებული აქვს მხოლოდ საკუთარი ან სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად (5.3).

საცერაძე ხშირად თამაშობდა და მოიხმარდა ალკოჰოლს, პოლიციის კოდექსის 2.5. 2.14 და 2.15 მუხლების საწინააღმდეგოდ. მის მიმართ არ გატარებულა სადამსჯელო ზომები. პოლიციის ეთიკის კოდექსის მერვე თავში ნათქვამია რომ, „ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“

აღნიშნული ბრალდებები თამაშთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჯორბენაძის მამამ საკუთარ ჩვენებაშიც ახსენა. თუმცა, ეს ბრალდებები საცერაძის ოჯახმა უარყო. მისმა მეგობარმა კი თქვა, რომ ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, საცერაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

2014 წლის 20 ივლისს, მკვლელობამდე 5 დღით ადრე, საცერაძეს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. „ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს გაემხილათ დაწინაურების მიზეზი,“ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის იურისტი, თამარ დეკანოსიძე.

ეჭვიანობასთან ერთად, წყვილი ალიმენტზეც დავობდა. დეკანოსიძის ინფორმაციით, საცერაძეს ყოველ თვე ალიმენტის სახით 200 ლარი უნდა გადაეხადა.

2013 წლის 31 აგვისტოს, საცერაძე ჯორბენაძის სახლში იყო. „სერგის სამი თვის გადასახდელი ჰქონდა ალიმენტი. ჩვენ ყოველ თვე ვთხოვდით თანხის გადახდას,“ ამბობს მსხვერპლის დედა. სალომეს ბავშვი ხელში ეჭირა, როდესაც საცერაძემ ჩხუბი დაუწყო და განრისხებულმა ორივე საწოლზე დააგდო.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც პოლიცია მივიდა. როგორც ჯორბენაძის ნათესავებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, მსხვერპლის ოჯახში მივიდა ორი ქალი და ორი მამაკაცი პოლიციელი. ნათესავები, რომლებიც ამ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ , რომ ქალმა პოლიციელებმა სალომეს უთხრეს, გათხოვილ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფაც უნდა აეტანა. ერთ-ერთმა თქვა, რომ შვილები მასაც ჰყავდა, მაგრამ ბავშვების მამას ალიმენტს არ სთხოვდა.

პოლიციელებმა ოქმი შეადგინეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯორბენაძე აღარ ითხოვდა ალიმენტის გადახდას. სალომემ გააპროტესტა და თქვა, რომ მას ჰქონდა უფლება ალიმენტზე სიმართლე დაეწერა. საცერაძე დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავდა თუ ის ოქმს შეცვლიდა. პოლიციელები ამ სცენის მოწმენი გახდნენ, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. კანონის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მეთექვსმეტე მუხლი (პოლიციის მოვალეობანი) პირდაპირ ავალდებულებს პოლიციას რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამავე დღესვე ჯორბენაძემ პროკურატურას დახმარებისთვის ოფიციალური წერილით მიმართა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-ე მუხლის (გამოძიების დაწყების მოვალეობა) მიხედვით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. თუმცა, ამ შემთხვევაში, საქმე სხვაგვარად წარიმართა. მათ ჯორბენაძეს წერილი გაუგზავნეს, სადაც მას ატყობინებდნენ, რომ რადგან სარეცაძის მოქმედებაში ძალადობის კვალი არ იყო, პროკურატურა არც გამოძიებას დაიწყებდა.

2015 წლის 23 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სალომე ჯორბენაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ აღძრა - მათ არ ჩაატარეს გამოძიებები, პოლიციელებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსი და მთავრობა იყო დისკრიმინაციული გენდერული ნიშნით (პოლიციელების დამოკიდებულება ჯორბენაძის სახლში).

საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს.

ისტორია 2

ფემიციდი ზესტაფონში: სალომე ჯორბენაძის საქმე

ნინო ივარდავა

„მე ვაცნობიერებ რაც ჩავიდინე, თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ჩემს აფექტის მდგომარეობაში ყოფნას იმ მომენტში. მე ვთვლი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ჩემს საზოგადოებაში დაბრუნებას. იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა მე ვარ, სიცოცხლე არ შეიძლება ეწოდოს. მე მინდა ბოდიში მოვუხადო სალომეს ოჯახს, და პირველ რიგში, მინდა რომ ღმერთის თვალში ვიყო მართალი. მე ძალიან მრცხვენია რაც გავაკეთე. მე შევარცხვინე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელი და მინდა რომ ყველა მათგანს ბოდიში მოვუხადო. მე ვამაყობდი, რომ პოლიციელი ვიყავი და განზრახ ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი. მინდა რომ სრულიად საქართველოს მოვუხადო ბოდიში.“

ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რეგიონული განყოფილების თანამშრომლის, სერგი საცერაძის ბოლო სიტყვები იყო სასამართლო პროცესზე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 17 აპრილს ჩატარდა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში საცერაძის ადვოკატის შუამდგომლობა და არ აღიარა დანაშაულის აფექტის მდგომარეობაში ჩადენა. პირიქით, საცერაძის მეირ ჩადენილი დანაშაული განზრახ მკლელობად დაკვალიფიცირდა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს. მას სალომე ჯორბენაძის, მისი ყოფილი არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ზესტაფონის პარკში მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შეწყალების მოთხოვნის უფლებით.

აფექტი

აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, „მკვლელობა ჩადენილი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“

ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევები ძალიან იშვიათია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემების თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ოთხ შემთხვევაზე იყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული ამ მუხლის გათვალისწინებით.

სასამართლოს წინა სესიებზე, სწორედ ამ საკითხის განხილვა ხდებოდა. სასამართლო, რომელსაც სერგი საცერაძის აფექტის მდგომარეობა უნდა გადაეწყვიტა, დახურულად გამოცხადდა. მას მხოლოდ ჯორბენაძის დედა, საცერაძის ადვოკატი და პროკურორი დაესწრნენ. სასამართლომ ის ფსიქოლოგები დაკითხა, რომლებმაც საცერაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეაფასეს.

მკვლელობა 2015 წლის 25 ივლისს მოხდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ხუთი ტყვია მისმა ყოფილმა მეუღლემ ესროლა. შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და მალევე თავად ჩაბარდა პოლიციას.

ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა მკვლელობის ჩადენის დროს მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ტესტები ჩაატარეს. ოთხმა ფსიქიატრმა დაადასტურა მისი შერაცხადობა, ხოლო ფსიქოლოგები ერთიან გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ მარინა ბრეგაძე, ამტკიცებდა, რომ საცერაძე აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი ფსიქოლოგი ამ ვერსიას არ დაეთანხმა.

ჯორბენაძის დედის, ფატიმა ჭელიშვილის გადმოცემით, ფსიქოლოგები თვლიან, რომ აფექტის შემთხვევაში, საცერაძეს მის იარაღში არსებული თერთმეტივე ტყვია უნდა დაეცალა. ამის საპირისპიროდ, მან მხოლოდ ხუთი გასროლა გააკეთა.

საცერაძის ადვოკატი, დავით ხომერიკი, აცხადებს, რომ საცერაძეს საერთოდ არ ახსოვს, თუ რა მოხდა პარკში.

წინა ისტორია

გამორჩეული გარეგნობის მქონე სალომე ჯორბენაძე, რომელმაც 17 წლის ასაკში უკვე მის ზესტაფონის ტიტული დაიმსახურა, ერთ-ერთი პერსპექტიული მოსწავლე იყო, როდესაც მან საცერაძე გაიცნო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, თამარ დეკანოსიძის გადმოცემით და საქმის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საცერაძესა და ჯორბენაძეს შორის ძალადობრივი სახის ურთიერთობა ჩამოყალიბდა მათი თანაცხოვრების დასაწყისიდან.. პირველად, საცერაძემ ჯორბენაძე ეკლესიასთან შენიშნა და მალევე დაუწყო მანქანით თვალთვალი. 2011 წლის 17 დეკემბერს, მან მეგობრის დაბადების დღიდან მომავალი მოიტაცა და ბნელ გარაჟში წაიყვანა. საცერაძე დაემუქრა, თუ ცოლად არ გაყვებოდა, მასაც მოკლავდა და მისი ოჯახის წევრებსაც.

“Skype”-ში განხორციელებული დიალოგი ჯორბენაძესა და მის ახლო მეგობარს შორის, რომლის ვინაობასაც ადვოკატები არ ასახელებენ, ცხადყოფს რომ ჯორბენაძის გატაცების საპასუხოდ, მშობლები საპატრულო პოლიციაში მივიდნენ, სადაც მათ დახმარებაზე უარი განუცხადეს, რადგან მათ არ იცოდნენ საცერაძის და მათი შვილის ადგილსამყოფელი. მშობლები შემდგომ კონკრეტულად იმ პოლიციელს დაუკავშირდნენ, რომელიც საცერაძის მეგობარი იყო. მისი პასუხიც იგივე აღმოჩნდა. ბოლოს კი მშობლები საცერაძის ოჯახში მივიდნენ, სადაც ძალიან მალე დაბრუნდა წყვილი.

ოჯახის წევრების და თვითმხილველების თანახმად, სალომე ჯორბენაძე აღელვებული და ნამტირალევი ჩანდა, თუმცა სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა და დარჩენა მოისურვა.

რამოდენიმე თვის შემდგომ, ორი თვის ორსული ჯორბენაძე ქმარს გაეყარა, რის შემდეგადაც დაიწყო კონფლიქტები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ალიმენტის გადახდის შესახებ. სალომე ჯორბენაძემ ამ პრობლების გამო სასამართლოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

2013 წლის 31 აგვისტოს, საცერაძე ჯორბენაძის სახლში მივიდა, სადაც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. საცერაძემ ჩხუბის დროს ბავშვი საწოლზე დააგდო და ჯორბენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ სახეში დაარტყა. ჯორბენაძის მიერ განხორცილებული ზარის შედეგად, ბინაში სამი - ორი ქალი და ერთი კაცი - პოლიციელი მივიდა.

„საია“-ს ადვოკატის, დეკანოსიძის თქმით, პოლიციელთა ქცევა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. მაგალითისთვის, მათ ჯორბენაძე დაკითხეს საცერაძის თანდასწრებით, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში უყვიროდა მას. პოლიციელებისგან კი ასეთი ფრაზები დაფიქსირდა - „რა გეგონა რომ თხოვდებოდი?“, „“ქმრისგან დარტყმა უნდა აიტანო.“

პოლიციელიბის აზრით, სალომე ასაკით იმდენად პატარა იყო, რომ ის ვერ აცნობიერებდა იქ მომხდარს. საბოლოოდ, ჯორბენაძემ მუქარის ქვეშ ყალბ დასკვნაზე მოაწერა ხელი, სადაც აცხადებდ,ა რომ მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა ყოფილი ქმრის მიმართ და რომ ეს კონფლიქტიც ალიმენტის გადახდას უკავშირდებოდა.

ამის შემდგომ, ჯორბენაძემ გადაწყვიტა პროკურორისთვის მიემართა. დეკანოსიძის გადმოცემით, პროკურატურა ვალდებულია ძალადობის ფაქტის შესახებ ცნობის შემოსვლიდან დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. თუმცა, ჯორბენაძემ მხოლოდ წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც იუწყებოდნენ, რომ მის მიერ აღწერილ ფაქტებში ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

მკვლელობა

2014 წლის 25 ივლისს, სალომე ჯორბენაძემ კვლავ სცადა საკუთარი თავის დაცვა და ამჯერად გენერალურ ინსპექციას მიაკითხა. დაწერილ ჩვენებაში, მან დეტალურად აღწერა მისი პოლიციელი ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტები.

მისი მშობლების გადმოცემით მკვლელობის დროს სალომეს ბავშვი ავად იყო, ამიტომაც მას სახლში მოსვლა ეჩქარებოდა. ის დედას ესაუბრა და უთხრა, რომ სახლში რამდენიმე წუთში დაბრუნდებოდა. ამასობაში, ბავშვის მოსანახულებლად საცერაძე მივიდა. ის ბავშვს მიეფერა, აკოცა და ჯორბენაძის ზარის შემდეგ დატოვა იქაურობა. მიზეზად კი გარეთ მომხდარი ჩხუბი დაასახელა.

მოწმეთა ჩვენებების და მტკიცებულებების თანახმად, ის ამ დროს უკვე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ზესტაფონის პარკში, ის ჯორბენაძეს დაახლოებით საღამოს 9 საათზე შეხვდა. მათი ლაპარაკი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მისი სამსახურეობრივი იარაღიდან რამდენიმე ტყვიის გასროლით დასრულდა.

თუ რაზე ისაუბრეს მათ პარკში - ეს უცნობია. საცერაძის ოჯახის წევრების თანახმად, მათ დღემდე არ იციან, თუ რა მოხდა მათ შორის იმ დღეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთი დღით ადრე, საცერაძე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ დააწინაურა. დეკანოსიძის თქმით, სამინისტრო დაწინაურების მიზეზზე პასუხს არ იძლევა. ამ ისტორიას ორივე ოჯახი სხვადასხვაინარად ხედავს.

ბრალდებულის დედა, ნაილი ქათამაძე, ამბობს, რომ მისი შვილი ყოველთვის ძალიან წყნარი და მზრუნველი იყო. როდესაც მან ჯორბენაძე გაიცნო, თავად 22 წლის იყო. ქათამაძე აღიარებს, რომ თავიდან არ სურდა მის შვილს ნაადრევად შეექმნა ოჯახი, თუმცა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ის უარყოფს ბრალდებებს ჯორბენაძის მოტაცებაზე და მის იძულებით ქორწინებაზე. მისი თქმით, ოჯახის შექმნა ორივეს თანხმობით მოხდა.

საცერაძის და, ნანა ამბობს რომ მას და სალომეს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ქორწინების ღამის შესახებ ჯორბენაძემ მას საიდუმლოდ მოუყვა: „დაბადების დღის შემდეგ, ისინი სერგის მანქანაში ისხდნენ და ლაპარაკობნდნენ. სერგის უთქვამს, უკან გადავალ და დავიძინებო. სალომემ უპასუხა, რომ მასაც ეძინებოდა. მათ ორივემ გამორთეს მობილური ტელეფონები, რომ ვერავის შეძლებოდა მათთან დაკავშირება. დაახლოებით დილის 4 საათზე, როდესაც მათ გაიღვიძეს, ისინი დაბრუნდნენ ჩვენს სახლში, სადაც სალომეს მშობლები დახვდათ.“

ქათამაძე ასევე იხსენებს, რომ თავად ჯორბენაძის დედამ სთხოვა მას რომ მისი შვილისთვის ყურადღება მიექცია, რადგან ძალიან ჯიუტი იყო. თუმცა, მისი გადმოცემით, სალომე მის მიმართ ძალიან ცუდად იყო განწყობილი და ხშირად უხეშადაც მიმართავდა.

ჭელიშვილი კი ამბობს, რომ ქათამაძე და მისი ოჯახი სალომეს განათლების მიღებაში უშლიდნენ ხელს. თავად ჯორბენაძის მიმოწერების თანახმად, დედამთილი მას ხანდახან კარსად კი უკეტავდა, რომ გაკვეთილზე არ წასულიყო.

უფრო მეტიც, საცერაძის ოჯახის თანახმად, წყვილი არც არასდროს გაშორებულა. ისინი ოფიციალურად ქორწინებაში არც თავიდან ყოფილან, ხოლო სალომეს ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, ისინი აქტიურად ნახულობდნენ ერთმანეთს.

ისინი ასევე უარყოფენ, რომ საცერაძეს და ჯორბენაძეს კონფლიქტი ალიმენტის თაობაზე ჰქონდათ.

„რატომ უნდა ეჩხუბათ ამაზე? სერგის საკმარისი ხელფასი ჰქონდა და იხდიდა კიდეც. არც მესმის, ეს საკითხი რატომ წამოიჭრა.“ - აცხადებს ქათამაძე.

საცერაძის დის, ნანას გადმოცემით, ალიმენტის გადახდა გადარიცხვით არ ხდებოდა, რადგან საცერაძეს არ უნდოდა ამისთვის ოფიციალური სახის მიცემა. ის ჯორბენაძეს შეუთანხმდა, რომ თანხას ხელზე გადასცემდა ყოველ თვე და ასევე ყველაფრით უზრუნველყოფა, რაც დასჭირდებოდა.

საცერაძის ოჯახი ასევე უარყოფს სერგის მიერ აზარტული თამაშების თამაშის ფაქტს. მათი თქმით, საიას გამოძიება ცალმხრივია და ფაქტებს სწორად არ გადმოსცემს. ჯორბენაძის მამის თანახმად კი - საცერაძე მათ სახლში კომპიუტერში რთავდა თამაშებს და ხანდახან მთლიან ხელფასსაც ერთ თამაშზე აგებდა.

ისინი კიდევ ერთ ფაქტს უსვამენ ხაზს - ჯორბენაძეს ბოლო პერიოდში ახალი პარტნიორი ჰყავდა, რომელიც საცერაძეს დროდადრო ურეკავდა და ემუქრებოდა, რომ დაენებებინა სალომესთვის თავი და რომ მისი თანხმობის გარეშე მას ბავშვის ნახვის უფლება არ ჰქონდა.

ჯორბენაძის დედა კი სულ სხვა სურათს ხატავს და აცხადებს, რომ სალომე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ის იმასაც ეჭვობს, რომ ჯორბენაძის ყოველი ნაბიჯი საცერაძის პოლიციელი მეგობრების მიერ კონტროლდებოდა. ჭელიშვილის აზრით, საცერაძემ ისიც იცოდა, რომ ჯორბენაძე გენერალურ ინსპექციაში იყო მისული. ახლანდელი ვითარება

ჭელიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე და აცხადებს რომ აუცილებლად გაასაჩივრებს და მოითხოვს რომ საცერაძეს შეწყალების უფლება ჩამოერთვას.

საიას ოფიციალური განცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესებამება დანაშაულის სიმძიმეს. „გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სტამბულის კონვენციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ ჩადენილი დანაშაული ითვლება დამამაძიმებელ გარემოებად.“ - ნათქვამია განცხადებაში.

2015 წლის 23 იანვარს, საიამ ჯორბენაძის საქმეზე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 2014 წელს. საქართველოში 25-ზე მეტი ქალი იყო ფემიციდის მსხვერპლი. საიას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი პრეცედენტი, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებაში განიხილავს.

ისტორია 3

შეხვედრა, რომელიც ქალის სიკვდილით დასრულდა

მარიამ უგრეხელიძე

2014 წლის 14 მაისს, თბილისში, ვარკეთილში სოფო ზურებიანი 7 ტყვიით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სოფოსა და მისი ყოფილი ქმრის, ალექსანდრე ცოცხალაშვილის ჩხუბს გაჩერებაზე სოფოს ძმა, თემზა ზურებიანი შეესწრო. სწორედ თემზა დაჭრა პირველად ალექსანდრე ცოცხალაშვილმა 4 ტყვიით, შემდეგ კი გაქცეულ სოფოს დაეწია და 7 ტყვია წაქცეულ ქალს ესროლა. სოფო სასწრაფოს მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

სოფო ზურებიანი ქმართან განქორწინების შემდეგ, თავის შვილთან, 5 წლის ანდრიასთან ერთად, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. „მამამისს არ მოსწონდა სოფოს უკან დაბრუნდება, ცდილობდა ცოლ-ქმარი შეერიგებინა. ეუბნებოდა უკეთესი გახდება, თუ დაუბრუნდებიო, მაგრამ სოფო უარზე იყო“, ამბობს ციალა ზურებიანი, საზოგადებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ტელებლოგში „ურჩი ქალები“. ციალა ზურებიანის თქმით, მისი მეუღლე სოფოს განქორწინების წინააღმდეგი ტრადიციების გამო იყო და სურდა ქართული ტრადიციისამებრ მის შვილს ოჯახი არ დაენგრია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფემიციდის ოთხ ტიპს აღწერს: ქალის ინტიმური პარტნიორის მიერ მოკვლა, ღირსების სახელით მოკვლა, მზითვთან დაკავშირებული მკვლელობა და ქალის არაინტიმური პარტნიორის მიერ მოკვლა. ფემიციდი,რომელიც ჩადენილია ქმრის ან მეგობარი მამაკაცის მიერ განმარტებულია, როგორც ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობა.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პრობლემა საზოგადოებაშია: „ცოტა ხნის წინ გავრცელდა საუდის არაბეთის რელიგიური ლიდერის ასეთი განცხადება, თუ ქმარს მოშივდა, მას შეუძლია შეჭამოს თავისი მეულე....რასაკვირველია ჩვენს კულტურაში ქალი არ არის ამდენად დეჰუმანიზებული, მაგრამ მისი დისკრიმინაცია ნორმალიზებულია. თუ გავიხსენებთ ვოქსპოპ გამოკითხვებს რაც მოყვა გასული წლის შემოდგომაზე მომხდარ ქალების მკვლელობებს, იქ ხშირად გავიგონებთ ფრაზას, თანაც საზოგადოების ყველა დონიდან წარმოთქმულს - რომ თუ ქმარმა მოკლა ცოლი, ცოლმა ამის მიზეზი მას მისცა.... ეს უაღრესად დესტრუქციული, ძალადობის წამახალისებელი დამოკიდებულებაა.“

სოფოს დედა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი სოფოს მკვლელობის დღეს პირველად არ შეხვედრია, ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ციალა ზურებიანის თქმით, ცოცხალაშვილი ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა: „ერთხელ თბილისის ზღვაზე აიყვანა სოფო და ეუბნებოდა თუ არ დამიბრუნდები აქ დაგახრჩობო“, ამბობს ციალა ზურებიანი.

სოფოს ძმამ, თემზა საუბარისგან თავს იკავებს. მან კომენტარი მხოლოდ ყოფილ სიძეზე გააკეთა და თქვა, რომ ის საკადრისად დაისჯება.

სოფო ზურებიანის მკვლელობა, საქმე # 004150514001 ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მკვლელობა იყო. მას შემდეგ საქართველოში არაერთი ქალი მოკლეს ქმრებმა, საყვარლებმა, ყოფილმა ქმრებმა. მკვლელობის მოტივად უმეტესად ეჭვიანობდა სახელდებოდა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ფემიციდის ოფიციალური სტატისტიკა. „შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს,რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი“, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსოფლოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ინფორმაციით, მსოფლიოში მოკლული ქალების 35%-ზე მეტი სექსუალური პარტნიორის მიერაა მოკლული.

ისტორია 4

აღსარება მკვლელობის შემდეგ

ეკა მაღალდაძე

2012 წლის 29 ივლისს მოსკოვის პროსპექტზე მდებარე პარკში გამვლელმა ქალმა ტელეფონის ზარის ხმა გაიგონა. მობილურს დიდხანს არავინ პასუხობდა. დაეჭვებულმა ქალმა პარკის სიღრმეში გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვა. ჟუჟუნა ინაშვილი 28 წლის იყო, როდესაც ის საკუთარმა ყოფილმა ქმარმა, 33 წლის ლაშა მიფჩუანმა მოკლა.

მკვლელობამდე მან ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვის დარტყმით მოკლა. დილით სახლში დაბრუნებული შვილის შარვალზე დედამ სისხლის ლაქები შენიშნა, კითხვაზე მიფჩუანმა უპასუხა, რომ წინა ღამით ყოფილი ცოლი მოკლა. მამის პასუხი ამ დროს სახლში მყოფმა ორმა მცირეწლოვანმა გოგონამაც გაიგონა.

მიფჩუანი და ინაშვილი მკვლელობამდე 5 თვით ადრე დაშორდნენ, მაგრამ ყოფილი ქმარი ქალის ნახვას ხშირად ცდილობდა. იანა ინაშვილი, მოკლულის და იხსენებს, რომ ჟუჟუნას ქმრის მუქარის არ ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ჟუჟუნა ფიქრობდა, რომ ქმარი ვეღარაფერს დაუშავებდა.

„რას იზამს, ხომ არ მომკლავს?! - იხსენებს იანა დის სიტყვებს.

„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“ - უთხრა მიფჩუანმა სასამართლოს. ჟუჟუნა ინაშვილის მკვლელობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ნომერი შემდეგია: N010021112001.

მსხვერპლის დედა, თამარ ინაშვილი ამბობს, რომ ჩხუბი, ყვირილი და ცემა მისი შვილის ოჯახში იშვიათი არ იყო. ზოგჯერ ჟუჟუნას მთვრალ ქმართან გამკლავებაში მეზობლებიც კი ეხმარებოდნენ. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საბოლოოდ, ჟუჟუნამ განქორწინება გადაწყვიტა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დედამთილთან დაეტოვებინა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 11 თვის განმავლობაში, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 19 მკვლელობა მოხდა. თუმცა როგორც ირკვევა, სტრუქტურა გენდერული ნიშნით განცალკევებულ სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში 68 განზრახ მკვლელობიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლი) 66 ბრალდებული მამაკაცი იყო, 18 ქალი კი - მსხვერპლი. 6 ქალი ქმრის მიერ იყო მოკლული, სამი - ვაჟის მიერ. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობებს, 11 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა, მათგან 11 ბრალდებული მამაკაცი იყო, 1 - ქალი და ერთიც - დაუდგენელი. 16 მსხვერპლიდან კი 8 ქალი იყო. ორი მათგანი ქმარმა მოკლა, ერთი - მამამთილმა, სამი კი - პარტნიორმა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არაერთი დისკუსია თუ საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ფემინისტთა ჯგუფები ამ ტიპის დანაშაულების რაოდენობის გაზრდაში მთავრობას ადანაშაულებენ. ბრალდებების პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ამ საკითხებზე პოლიციელებს დაატრენინგებენ.

თუმცა ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმედღიანი ტრენინგები და სემინარები არაფერს შეცვლის.

„აუცილებელია, რომ პოლიციაში დასაქმებულმა ადამიანებმაც კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი ღირებულებები, კულტურული თუ ტრადიციული შეხედულებები და მიდგომები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ამ სემინარებზე მიიღებენ, ტრენინგები უნდა იყოს სისტემატური, შედეგები კი - გაზომვადი“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

ადამიანები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის შემუშავებასა და მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების შემუშავებაზე უნდა იზრუნოს; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები; იყოს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სათანადო გამოძიებისა და მკაცრი სასჯელის გარანტი.

ბაია პატარაია, ადვოკატი და „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი, ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამომძიებაც ხშირად შეუსაბამოდ ხდება, რადგან თავად პოლიციელები არ რეაგირებენ სათანადოდ ოჯახური კონფლიქტების შემთხვევებზე. პატარაიას ამის დასტურად ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რიხვი მოჰყავს. მაგალითად, 2012 წელს სულ 307 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, 2013 წელს მათი რიცხვი 204-მდე შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც შსს-ის მონაცემებით, მხოლოდ 2013 წელს ოჯახური კონფლიქტის 1578 შემთხვევა დაფიქსირდა - რაც თითქმის 7-ჯერ აღემატება გამოწერილი შემეკავებელი ორდერების რაოდენობას.

პატარაიას თქმით, ქართული საზოგადოება დიდი სოციალური ცვლილებების წინაშე დგას. ქალები სწორედ ახლა იწყებენ საკუთარი უფლებებისთვის - დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ახლა იწყებენ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას.

„მაგრამ ისინი კვლავ ეჯახებიან პრობლემებს საკუთარი ქმრებისგან, ძმებისა თუ მამებისგან, უპირისპირდებიან აგრესიასა და ძალადობას, რომელიც ზოგჯერ სიკვდილითაც კი სრულდება“, - ამბობს პატარაია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა ყველა სოციალურ-ეკონომიკურ კლასში გვხვდება, მაგრამ სიღარიბეში მცხოვრები ქალები ძალადობის მსხვერპლნი უფრო ხშირად ხდებიან. ამასთან, სხვადასხვა თეორიის თანახმად, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები (მაგ. უმუშევრობა, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის ნაკლებობა ) უიმედობისა და ფრუსტრაციის გამო მეტად სჩადიან ძალადობრივ ქმედებებს.

„აშკარაა, რომ სიღარიბე და მასთან ასოცირებული სტრესორები ზრდის ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევს, მაგრამ უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ კავშირები მათ შორის. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ღარიბ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ნაკლები რესურსი აქვთ ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევად“, - ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალადობის ციკლს სიღარიბეში მცხოვრები ქალებისთვის.

„ძალადობის მთავარი მიზეზი მის მიმართ მიმღებლობის არსებობაა. სოციალური პრობლემები: სიღარიბე თუ ალკოჰოლი არის წამქეზებელი, დამატებითი ფაქტორები, მაგრამ არა - მიზეზები. ქალები მეტად მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ, მაგრამ რატომ სჩადიან ისინი ნაკლებ მკვლელობას? და რატომ გვევლინებიან მეტწილად მსხვერპლებად? ჩვენი კულტურა სავსეა მიდგომებით, რომლებიც არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპებს, და ძალადობა ქალთა მიმართ არის ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების ნაწილი“, - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

„ოჯახში ძალადობის კვლევა საქართველოში“ (ჩიტაშვილი და სხვები, 2010) აჩვენებს, რომ საზოგადოების შეხედულებით, ქალები უნდა იყვნენ ქმრების მორჩილნი, უნდა მოითმინონ ოჯახში ძალადობა ქმრისა თუ პარტნიორის მხრიდან და განქორწინება აღიქმება როგორც ტრაგედია. გამოკითხულ ქალთა 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახური პრობლემები „ოჯახში უნდა დარჩეს“, 52 % ფიქრობს, რომ თუ კი მამაკაცი ქალს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ, 30.7 % ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ძალიან პირადულია და კანონი ამას არ უნდა არეგულირებდეს. გამოკითხულთა 34 %-ს კი მიაჩნია, რომ ცოლის ცემა ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია.

როგორც ფემინისტები მიიჩნევენ, ქალების მიმართ ძალადობა ინსტიტუციონალიზებულია ოჯახებში, სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. შედეგად, ბევრი ადამიანი არ მიიჩნევს ქალზე ძალადობას დანაშაულად, რასაც ხშირად დაუსჯელობამდე მივყავართ. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველლოსთვის არ არის უნიკალური.

ევროკავშირის Daphne Programme (Community Action Programme to Fight Violence Against Women and Children) -ის ერთ-ერთი კვლევა უჩვენებს, რომ ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 3500 მკვლელობა ხდება, რომელიც პარტნიორის მხრიდან ძალადობას უკავშირდება. პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი ჰომიციდების შემთხვევებში მსხვერპლთა 77 % ქალია. 35-44 წლის ასაკის ქალებში რისკი შესამჩნევად მაღალია.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მთელი საზოგადოების - მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ მკვლელობებზე, რომლებიც ჩვენს კულტურაში ქალზე ძალადობის მიმართ მიმღებლური დამოკიდებულების ბრალია. მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რადგან სწორედ მხოლოდ მას აქვს ყველაზე მეტი რესურსი მოახდინოს ამ შემთხვევების პრევენცია“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

ქალთა უფლებების დამცველების აზრით, მკაცრი საკანონმდებლო ნორმების შემუშავება და იმპლემენტაცია, ასევე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ყველაზე დონეზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისა და ქალების მხარდაჭერა, მათი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების რეალიზაცია და ქალებისა და მამაკაცების განათლება - ის აუცილებელი ნაბიჯებია, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას.