ხანშიშესულ ქალთა მკვლელობა

შვილი დედას კლავს

ანი კასარელი

84 წლის დედა 52 წლის შვილმა 21 იანვარს, თბილისის უბნის, ქვემო ფონიჭალის, სადგურის ქუჩა ნომერ 37 ა-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულ ნადეჟდა სისაურს სახეზე ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ნაჯახით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გამოჭრილი ყელი. მისი შვილი, ამჟამად დაკავებული ზაურ სისაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში შემდეგი ფრაზით : „მიშველეთ, მე დედაჩემი მოვკალი“.

როგორც სადგურის ქუჩაზე მცხოვრები მეზობლები აცხადებენ, როდესაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო მოვიდა მოკლული ქალის ცხედარი თეთრ ზეწარში იყო გახვეული. ზაურ სისაური პოლიციას არ შეწინააღმდეგებია. ის ბინაშივე დააკავეს.

მეზობლების თქმით, დედა-შვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ბინის კედლები ფაქტობრივად ჩამონგრევის პირას იყო. ზაურ და ნადეჟდა სისაურებს კამათი და უთანხმოება საკმაოდ ხშირად მოსდიოდათ. ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილი კი უმეტეს წილად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ზაურ სისაური აფხაზეთის ომის მონაწილე იყო 1992-1993 წლებში. ომში ის მძიმედ დაჭრეს.

„ის ომში ურთულეს მდგომარეობაში იყო, ამიტომ თითქმის ყოველთვის ნასვამია. მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის“, ამბობს მეზობელი გურამ გორგოძე.

მეზობლების თქმით, მოკლული ნადეჟდა სისაური გაურკვეველი რელიგიური სექტის წევრი იყო.

„ზოგი ამბობს რომ მას სული ეშმაკისთვის ჰქონდა მიყიდული. ის ცხოველის ქონს ხარშავდა და ძალიან ხშირად მთელს კორპუსში საშინელ სუნს აყენებდა. შვილი მის ამ საქმიანობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ“, ამბობს მეზობელი ნანა ფარცვანია.

„ზაური ლოთი იყო, მაგრამ ეს იმ ქალის ბრალია, ასე მგონია. კუდიანი იყო და შვილი ამას ვერ უძლებდა. მაგრამ ზაური ყოველთვის ამბობდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მას დედამისი ძალიან უყვარდა. ის ყოველთვის იღიმოდა და ძალიან სალმიანი ბიჭიც იყო“, ამბობს ქვემო ფონიწალაში მცხოვრები ლია კორძაძე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს-ს მთავარი საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს ცნობით, გამოძიების განმავლობაში მისი კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რომლის მე-3 ქვემუხლის მიხედვით. განსაკუთრებულად მძიმე გარემოებებზე დაყრდნობით, განზრახ მკვლელობა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს შვილისგან დედის მკვლელობის ფაქტი არ ფიქსირდება, მაგრამ 2013 წელს ასეთი ორი შემთხვევა იყო. მათ შორის ერთ-ერთი მკვლელობისას შვილის ქმედებას ორივე მშობელი ემსხვერპლა. 2014 წელს კი ასეთი სამი მკვლელობა მოხდა, სამივე შემთხვევაში დედა ვაჟიშვილმა მოკლა.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუას ფიქრობს, რომ საქართველოში გახშირებული ფემიციდის გამომწევი მრავალი მიზეზთაგან ეკონომიკურ პრობლემას გამოყოფს. ოჯახების ფინანსური მხარე მოუწესრიგებელია და უმუშევრობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად ისახება.

მისი თქმით„ძალადობის შემცველი ქმედებებმა, რომელსაც უფროსები ახორციელებენ, შეიძლება გავლენა მოახდინონ მოზარდებისა და ბავშვების ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე.

ნარკოლოგ მარინა მურდალაშვილის თქმით, საქართველოში ალკოჰოლიზმის მოხმარებასათან მიმართებით სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, დღესდღეობით ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულება ბევრად გახშირებულია 20-22 ახალგაზრდებში.

არაგადამდებ დაავადებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობის 78.5 % მოიხმარდა ალკოჰოლს, მათგან 90.3 % - მამაკაცი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ალკოჰოლიზმის მაღალი მაჩვენებლის მქონე 200 ქვეყნიდან საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში გამოქვეყნებული სტატისტიკაზე დაყრდნობით, საშუალო ქართველი წელიწადში 7.7 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს.


ბავშვები უცქერდნენ, როგორ მოკლა მამამ დედა

დუიგუ გასიმლი

2016 წლის 9 დეკემბერს, 29 წლის ელენე შიუკაშვილი მამამისის სახლში ქმარმა მოკლა. ინციდენტი საქართველოში, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ქმართან მომხდარი ჩხუბის დროს ქალი თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. ქმარმა მას სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მკვლელი კი – რამდენიმე კვირაში. შიუკაშვილი და ავთო ბეჟუაშვილი 15 წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – 12 და 9 წლის. გარდაცვლილის დედის, ნინო შიუკაშვილის თქმით, ურთიერთობა გარდაცვლილებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქმარი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა. 15–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელენემ ბოლოს ქმრის დატოვება და, ბავშვებთან ერთად, მამის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ოფიციალურად გაყრა არ გაუფორმებიათ, ელენეს კი სურდა, მაგრამ ქმარი არ იყო თანახმა. ელენე ღვინის ქარხანაში მუშაობდა. მშობლების სახლში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე, ქმარმა მოინდომა მისი მონახულება და მოკვლით დაემუქრა. ცოლი შინ არ დაუხვდა, სამაგიეროდ ბებიას შეხვდა და დაუბარა, რომ თუ გაყრას გადაწყვეტდა, აუცილებლად მოკლავდა. უჩა ნანუაშვილის, საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მსგავს შემთხვევებში ოჯახის წევრმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას დაჩქარებული გამოძიების დასაწყებად.

რა მოხდა მკვლელობის დღეს?

ნინო შიუკაშვილის გადმოცემით, მათ ოჯახში ერთი რიგითი დღე გათენდა. ყველანი შინ იყვნენ და ერთად ისხდნენ, როცა ბეჟუაშვილი უცებ წამოადგათ თავს და ცოლს ესროლა: „ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება და ლაპარაკი (ტირის). 9 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ყველანი შინ ვიყავით. ელენეს პაპა ავად იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ სახლში. ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაატარეს და წავიდნენ. 5–10 წუთში კი ეზოში ავთო შემოვიდა, ელენეს თავში ესროლა სანადირო თოფი და გაიქცა. სასწრაფო დახმარება ხელახლა გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ელენე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენი სახლიდან 500 მეტრში ავთომ იმავე თოფით თავის მოკვლა სცადა. სასწრაფო დახმარებამ ის გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ორ კვირას იცოცხლა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე, პალატაში გარდაცვლილა“.

ბავშვები?

ორი ბავშვი ახლა დედის ოჯახში იზრდება, თუმცა რამდენჯერმე შეხვდნენ მამის მშობლებსაც. „ბავშვებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს, – იხსენებს ნინო შიუკაშვილი, – ნახეს, როგორ მოვიდა მამა და როგორ მოუკლათ დედა. ამ ამბავმა მათ ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა. ყოველ პარასკევს თბილისიდან ჩამოდის ფსიქოლოგი, რომელსაც ხვდებიან და ესაუბრებიან“. საბინა ალაკბაროვა, რომელიც აზერბაიჯანში ფსიქოლოგიის ცენტრში მუშაობს ფსიქოლოგად, ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია ბავშვის ფსიქიკაზე დაუვიწყარ კვალს ტოვებს და შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეს: „ყველა ფიქრობს, რომ როცა გაიზრდებიან, ტრაგედიას დაივიწყებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს ამბავი მათ მომავალშიც შეახსენებს თავს, შესაძლოა სიყვარულის ბუნებრივი განცდის უნარი დაკარგონ, შეიძლება დაკარგონ ნდობაც ადამიანების მიმართ. აკბაროვას თქმით, ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მოზარდობის ასაკია, სწორედ ამ ეტაპზე ბავშვებზე მზრუნველების როლი უმნიშვნელოვანესია“. რა ხდება საქართველოში მაშინ, როცა ერთ მეუღლეს განქორწინება სურს, მეორე კი წინააღმდეგია? იურისტი თამარა გურჩიანი, რომელიც USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა ACCESS–ში მუშაობს, ამბობს, რომ განქორწინებისთვის ადამიანს შეუძლია სასამართლოს მიმართოს: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ ქალი და კაცი ერთდროულად მიმართავს რეესტრს, საქმის მოგვარებას ნახევარ საათში შეძლებენ, მაგრამ თუ ერთ–ერთი მხარე განქორწინებისთვის მზად არაა, მაშინ განქორწინების მოსურნე მხარემ სასამართლოს უნდა მიმართოს. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ სასამართლოს გამოაქვს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, 21 ნოემბერს, ინციდენტამდე სამი კვირით ადრე, ავთო ბეჟუაშვილი პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენის, ფლობისა და ტარების ბრალდებით დააკავა, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ გირაოს საფუძველზე ბეჟუაშვილი გაათავისუფლა. გურჩიანის თქმით, ოჯახური ძალადობის შემთხვევის დროს, როცა პოლიცია აღმოაჩენს, რომ ერთ–ერთი წევრი არალეგალური იარაღით დადის, საჭიროა შემაკავებელი ორდერის დაწესება ეჭვმიტანილზე, რათა მან მეუღლესთან ახლოს მიკარება ვერ შეძლოს. საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებგვერდის ombudsman.ge–ს მიხედვით, 2016 წლის პირველ ათ თვეში 13 ქალია მოკლული. ეს მკვლელობები ოჯახური ძალადობის კატეგორიას ეკუთვნის. მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ძალადობრივი შემთხვევების მაჩვენებელიც. 2 ათასზე მეტ შემთხვევაში პოლიციამ დამცავი ზომები მიიღო. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცავმა უწყებებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღკვეთა ვერ მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ აწვდიდნენ შეტყობინებებს.

ამ შემთხვევაში კი, მკვლელის გარდაცვალების მიუხედავად, სისხლის სამართლის 108–ე მუხლის მიხედვით, საქმე მაინც აღიძრა.


ერთმა ტრაგედიამ ორის სიცოცხლე იმსხვერპლა

თეონა ჩაკვეტაძე

მამინაცვალის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 20 წლის გოგონა იმსხვერპლა. გოგონას მოკვლის შემდეგ, მამინაცვალმა თავი მოიკლა. ანა პაპაშვილი სტუდენტი იყო. ის თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლებოდა და ნახევარ განაკვეთზე „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში მუშაობდა. 2014 წლის 27 აპრილს, როცა ანამ წერეთლის გამზირზე, თბილისში მამინაცვალს სახლში ესტუმრა, მისი თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ადგილზევე მოკლა. მოკლული ანა მეგობარმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ნახა და პოლიციასაც მან შეატყობინა. 78 წლის მამინაცვალმა, როცა გააცნობიერა, რომ გოგონა მოკლა, თვითონაც თავში ისროლა. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით – განზრახ მკვლელობით – დაიწყო, რაც 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოგვიანებით 116–ე მუხლზე შეცვალეს – მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სასამართლომ ეჭვმიტანილის გარეშე ჩაიარა, რადგან ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენი მაინც გამოიტანა და გარდაცვლილს მაქსიმუმი – რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე მუხლის, 116–ისა და 236–ის გათვალისწინებით – რაც ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას, შენახვას, ტარებას, წარმოებას, გადაზიდვას, გადაცემას ან გაყიდვას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დახურა. გოგონას გვამი მცხეთასთან ახლოს მდებარე მშობლიურ სოფელ ვარდისუბანში დეიდამ და ბებიამ გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. თუმცა ხალხს მომხდარის განხილვა არ შეუწყვეტია. მკვლელობის მოტივებსა და წვრილმანებზე აზრი ორად გაიყო: მართლა შემთხვევითი მკვლელობა იყო თუ არა?

თ.შ. – მამინაცვლის მეზობელი: „სახელსაც კი ვერ ვარქმევ იმ ცხოველის საქციელს. ერთი ტყვიით დაასრულა ანას სიცოცხლე, არადა, ამ გოგოს ყველაფერი წინ ჰქონდა“.

რ. ბ. – სხვა მეზობელი: „ყველანი ვიცნობდით იმ საწყალ გოგოს და ერთ დღესაც უცებ მკვდარი გამოიტანეს იმ ნაბიჭვრის სახლიდან. სულ ვაფრთხილებდი ხოლმე, ნუ ცხოვრობ მაგ კაცთან–მეთქი, ეგ იყო ზუსტად, დედამისი რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ამიტომ ანასაც ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ არ ეშინოდა მისი“. მსხვერპლის მეგობრებიც ადასტურებენ იმას, რომ დედამისმა თავი სამი წლით ადრე მოიკლა. ამ შემთხვევის გამოძიება არ დასრულებულა 115–ე მუხლით გათვალისწინებული დაპატიმრებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

2014 წელს მომხდარი 382 შემთხვევიდან, 334 შემთხვევაში საქმე 115–ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, მხოლოდ სამ მათგანს მოჰყვა შედეგად იმ ადამიანების დაკავება, რომლებმაც მსხვერპლი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. 2015 წელს 395 თვითმკვლელობის შემთხვევაში კი მსგავსი ინციდენტი საერთოდ არ აღმოჩნდა. 395 შემთხვევიდან არც ერთი გამოძიება არ წარმართულა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და, შესაბამისად, არავინ დასჯილა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის. ახლაც მსხვერპლის მეგობრები ამბობენ, რომ მკვლელმა თავის გერს შემთხვევით ესროლა და რომ მისი მოკვლა აზრადაც არ გაუვლია. რ.ბ.: იმ ბინძურს ახალგაზრდა გოგოები ყოველთვის ძალიან მოსწონდა და ხშირად ისინი სახლშიც მიჰყავდა. ჩვენ, მეზობლები, ყველაფერს კარგად ვხედავდით, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდით. არც ერთი გოგონა არ ყოფილა 18 წელზე ახალგაზრდა, შესაბამისად, პოლიციასაც ვერაფერს ვაცნობებდით. საკუთარი ბინა ჰქონდა, აქირავებდა და ხშირად თბილისის გარეუბნებიდან იზიდავდა გოგონებს. როცა უკვე შევნიშნეთ, რომ მისი ბოლო გოგონა ფეხმძიმედ იყო, აბორტის გაკეთება აიძულა და სახლიდან გამოაგდო“.

გ.ზ.–ს თქმით ეს შემთხვევა ფემიციდი არ არის: „ანა განზრახ არავის მოუკლავს. იმ იმბეცილმა კაცმა ის შემთხვევით მოკლა, იარაღით თამაშობდა უბრალოდ და სულ ეგ იყო, მერე კი, როცა ნახა, რომ ანა მკვდარია, თვითონაც თავი მოიკლა. საქართველოში უამრავი ჭორიკანა ცხოვრობს, ავრცელებენ და ავრცელებენ ჭორებს. ჩხრეკენ სხვების ცხოვრებას და დასკვნები გამოაქვთ, მაშინ, როცა რეალურად რა მოხდა, აზრზე არ არიან. მეზობლების განცხადებებს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ბოროტები არიან“.

გ. ჩ.: „უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ჩემი კურსელი იყო და ძალიან მეხმარებოდა სწავლაში. როცა მოკლეს, უნივერსიტეტში ყველა ამბობდა, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა, მაგრამ როცა ჭორები მისი მეზობლებისგან გავიგე, დავიზაფრე. ისეთი საყვარელი, ისეთი ჭკვიანი და ისეთი მეგობრული იყო ანა, რომ იცოდეთ... ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ვიღაცამ მოკლა. უბრალოდ ვერ დავიჯერებ ამას. შეუძლებელია“. მოკლა თუ არა ანა განზრახ მამინაცვალმა – აზრთა სხვადასხვაობას ეს იწვევს. თუმცა, რა არის ის ფაქტი, რაზეც არავინ კამათობს? 2014 წელს ანა იყო ერთ–ერთი იმ 35 ქალიდან, რომლებიც მოკლეს. მისი მამინაცვალი იყო ერთ–ერთი იმ 382 ადამიანიდან, რომლებმაც თავი მოიკლეს.


ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გვანცა მარგიშვილი

ფემიციდმა და ძალადობამ ქალთა წინააღმდეგ საქართველოში საგანგაშო მასშტაბს მიაღწია. უმრავლეს შემთხვევებში, ფემიციდი ოჯახებში ხდება, მკვლელობათა რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. ერთ–ერთი მოკლულია 28 წლის ნინო კილასონია, რომელიც ყოფილმა ქმარმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა. მკვლელობა 2016 წლის 27 იანვრის ღამეს, თბილისის გარეუბანში, ვარკეთილში მოხდა. მსხვერპლი ქალი 16 წლის იყო, როცა მომავალმა მეუღლემ მოიტაცა და მასზე იძულებით იქორწინა. ისინი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ–ქმარი. მსხვერპლს მეუღლე ხშირად სცემდა და აშინებდა. თუმცა, მსხვერპლის დის გადმოცემით, ქალს მაინც ოჯახის შენარჩუნება სურდა, მიზეზად კი თავის ორ შვილს ასახელებდა: „ზოგჯერ მისი მეუღლე ჩადენილ საქციელს ნანობდა და ნინოს პატიებას სთხოვდა. მას არასდროს უმუშავია, მთელ ოჯახს ჩემი და არჩენდა“. რამდენიმე ხნის წინ ცოლ–ქმარი დაშორდა, კილასონიამ სოფელ ქვიანსაც დააღწია თავი და ორ შვილთან ერთად თბილისში, დასთან ჩამოვიდა. ახალი ცხოვრების დაწყება სურდა და სამსახურს ეძებდა. დაიწყო კიდეც მუშაობა ერთ–ერთ საამქროში, სადაც ხატებს ამზადებდნენ, მაგრამ მალე მისი სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა. მეზობლების გადმოცემით, მკვლელობა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. მათი თქმით, იარაღის გასროლის ხმაზე და კივილზე ყველანი გარეთ გამოცვივდნენ. მსხვერპლი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ეგდო. ბავშვებიც იქვე იყვნენ, უცქერდნენ, როგორ იცლებოდა დედა სისხლისგან. გარდაცვლილის დის გადმოცემით, დოლიძე ყოფილ მეუღლეს ხშირად ემუქრებოდა, ამის შესახებ დებმა პოლიციასაც განუცხადეს: „პოლიცია ჩავაყენეთ საქმის კურსში, რის შემდეგაც, ჩემი დის მეუღლეს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ ცოლს და შვილებს ახლოს არ გაეკარებოდა, არც დაურეკავდა“. თუმცა, ამ ყველაფერს, გარდაცვლილის დის მიხედვით, შედეგი არ მოჰყოლია: „ნორმალურ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, ასეთ ადამიანს აუცილებლად განარიდებდნენ საზოგადოებას“, – ამბობს ის. ბაია პატარაია, იურისტი, რომელიც ქალთა საკითხებს იკვლევს, ამბობს, რომ ასეთი კრიმინალის შესაჩერებლად არც ერთ შემთხვევაში არ იყენებენ დამატებით ძალას. მისი თქმით, სამართალდამცველა რეაქცია არაეფექტურია ხოლმე, კანონი კი მსხვერპლს სათანადო გარანტიებით არ იცავს, შესაბამისად, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. პატარაია დასძენს, რომ უმეტეს შემთხვევაში პოლიციამ არ იცის, რა მოიმოქმედოს და არც კონსულტაციას გადის კომპეტენტურ ადამიანებთან. პატარაია აპირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დანაყოფის შექმნა მოითხოვოს კონკრეტული მიმართულებით – გენდერული ნიშნით ჩადენილი კრიმინალის გამოსაკვლევად. 2016 წელს ქალმა პარლამენტარებმა, თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდისა და სექსუალური ჩაგვრის შესახებ მუხლების დამატება სცადეს. მათი ინიციატივა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანეს. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მოქალაქეები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. კორძაიას განმარტებით ეს არ იყო მხოლოდ კაცების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, ის უბრალოდ ითვალისწინებდა დისკრიმინაციულ და უთანასწორო გარემოებებს ქალების მიმართ, რაც მსგავს ტრაგედიებში იჩენს ხოლმე თავს. ხმაურინი და მწვავე განხილვის მიუხედავად, საინფორმაციო ვებგვერდის liberali.ge–ს მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივას მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა. ფოტო ეკუთვნის გაზეთ „კვირის პალიტრას“ „ის ყოველდღე რეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა“.

“მეუღლემ ხელი მოაწერა განცხადებას იმის შესახებ, რომ ცოლს და შვილებს ახლოს აღარ გაეკარებოდა“. მკვლელობის ადგილი